ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებების საფუძველზე, რაც შემდეგ საქართველოში ევროკავშირის ელჩის 2025 წლის 5 ნოემბრის წერილითაც დადასტურდა, ევროკავშირის ინსტიტუციებმა შეაჩერეს ასოცირების შეთანხმებით, ამავე შეთანხმების განხორციელების ზედამხედველობისა და მონიტორინგის მიზნით დადგენილი, ინსტიტუციური ფორმატების მუშაობა ყველა დონეზე, რაც მნიშვნელოვნად აბრკოლებს ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პროცესს, - ამის შესახებ ნათქვამია სამთავრობო პროგრამების შესრულების მიმდინარეობის შესახებ მოხსენებაში.
"ევროკომისიის 2023 და 2024 წლების გაფართოების ანგარიშების რეკომენდაციების შესასრულებლად ხორციელდება უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის კოორდინაცია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს კანონმდებლობის ეტაპობრივ დაახლოებას ევროპარლამენტისა და საბჭოს 2006/123/EC დირექტივასთან. ევროკავშირთან სამართლებრივი დაახლოების ეფექტიანი კოორდინაციისა და მონიტორინგის მიზნით, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის 71-ე სხდომის ოქმის საფუძველზე, ფუნქციონირებს სამართლებრივი დაახლოების მონაცემთა ელექტრონული ბაზა, სადაც განთავსებულია ინფორმაცია 600-ზე მეტ სამართლებრივ ვალდებულებაზე, რომლებიც საქართველოს მიერ ევროკავშირთან დადებული ასოცირების შეთანხმებიდან და სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან გამომდინარეობს. ამ ეტაპზე, საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის სამართალთან დაახლოების მაჩვენებელი 80%- მდეა“, - ნათქვამია დოკუმენტში.