სპეციალისტები ახლი პროექტზე მუშაობენ, რომელიც მსოფლიოში პირველი “მცურავი ქალაქის“ შექმნას ითვალისწინებს. გემი ატომურ ენერგიაზე იმუშავებს, მისი ტევადობა 80 000 ადამიანს მიაღწევს და მასშტაბებით მსოფლიოს უდიდეს საკრუიზო ლაინერებს გადააჭარბებს.
ე.წ. “თავისუფლების გემის“ (Freedom Ship) იდეა ჯერ კიდევ 1990-იან წლებში გაჩნდა, თუმცა დღეს მას სული ხელახლა შთაბერეს, ამჯერად კომპანია “Freedom Cruise Line“ - ის გენერალური დირექტორის, როჯერ გუჩის ხელმძღვანელობით.

თუ ეს იდეა რეალობად იქცევა, მეგა-გემი ჩრდილში დღეს არსებულ ისეთი გიგანტების მოაქცევს, როგორსაც მაგალითად “Royal Caribbean’ -ის ლაინერი.

“Freedom Ship“ -ის სავარაუდო ღირებულება 16,16 მილიარდი დოლარია, გემზე მუდმივი საცხოვრებელი დაახლოებით 50 000 ადამიანს ექნება, 10 000 ადგილი ტურისტებისთვის იქნება განკუთვნილი, ხოლო მათ უსაფრთხოებასა და კომფორტზე 20 000 წევრისგან შემდგარი ეკიპაჟი იზრუნებს.
“ეს არ არის საკრუიზო გემი და მას არ გააჩნია კონკრეტული დანიშნულების ადგილები ან მარშრუტები. “Freedom Ship“ დაგეგმილია, როგორც სტაბილური, დამოუკიდებელი საქალაქო გარემო, რომელიც მუდმივად უვლის გარს დედამიწას და უზრუნველყოფს სრულფასოვან ყოველდღიურ ცხოვრებას“, - აცხადებენ ‘Freedom Cruise International“-ში

გემის სიგრძე დაახლოებით 1,6 კილომეტრი იქნება, მაცხოვრებლებსა და სტუმრებს სხვადასხვა ზონებს შორის გადასაადგილებლად ფუტურისტული ტრამვაის სისტემა მოემსახურებათ. ინფრასტრუქტურაში 15 000-ადგილიანი სპორტული სტადიონი, აკვაპარკი, პარკები, საკონფერენციო ცენტრი, საკონცერტო დარბაზი და ორი მუზეუმიც კი არის გათვალისწინებული.


“გემი არ უნდა ყოფილიყო მონოლითური და უხეში კონსტრუქცია. ვიზუალური კომფორტისთვის ყველა კუთხე და კიდე შევარბილეთ, ასევე დიდი ძალისხმევა ჩავდეთ საფეხმავლო ბილიკებისა და მწვანე სივრცეების შესაქმნელად“, - ამბობს გუჩი.

ყვინთვის მოყვარულებს გემის დატოვებაც კი არ მოუწევთ, რადგან აქ უზარმაზარი აკვარიუმი მოეწყობა. ატომურ ენერგიაზე მომუშავე ეს ხომალდი იმდენად დიდი იქნება, რომ დედამიწაზე ვერცერთ პორტში ვერ შევა, ამიტომ ის მუდმივად საერთაშორისო წყლებში დარჩება. “Freedom Ship“ -ს დედამიწის გარშემო ერთი სრული წრის დასარტყმელად სავარაუდოდ 2-დან 3 წლამდე დასჭირდება.
მგზავრების ხმელეთზე გადაყვანასა და უკან დაბრუნებას სპეციალური ბორნები უზრუნველყოფენ, ხოლო გემის სახურავზე 8 შვეულმფრენის დასაჯდომი მოედანი მოეწყობა.
პირველად “მცურავი ქალაქი“-ის იდეა 1990-იან წლებში ინჟინერმა ნორმან ნიქსონმა წამოაყენა, თუმცა 2012 წელს მისი გარდაცვალების შემდეგ პროექტი დროებით შეჩერდა. გემის მშენებლობის დასრულებას შესაძლოა ოთხ წლამდე დასჭირდეს, თუმცა როჯერ გუჩის თქმით, პირველ მაცხოვრებლებს გემზე გადასვლა უკვე სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობის დროს შეეძლებათ.