ავტორი:

ირანმა აშშ-ის მეხუთე ფლოტზე მიიტანა იერიში, საპასუხო დარტყმები განახორციელეს ამერიკელებმა, პარალელურად, ისრაელმა ლიბანი დაბომბა - ვითარება ახლო აღმოსავლეთში

ირანმა აშშ-ის მეხუთე ფლოტზე მიიტანა იერიში, საპასუხო დარტყმები განახორციელეს ამერიკელებმა, პარალელურად, ისრაელმა ლიბანი დაბომბა - ვითარება ახლო აღმოსავლეთში

ისრაელმა სამხრეთ ლიბანზე დარტყმები გააგრძელა. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

  • გამოცემა აღნიშნავს, რომ დარტყმები, რომლებიც “ჰეზბოლას” წინააღმდეგ კამპანიის ნაწილია, განხორციელდა ერთი დღის შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შემდგომი ესკალაციის თავიდან ასარიდებლად ბეირუთზე დარტყმების შეჩერება სთხოვა.

ტრამპის ჩარევის შემდეგ, ლიბანის მთავრობამ განაცხადა, რომ ისრაელი თავს შეიკავებს “ჰეზბოლას” მიერ კონტროლირებად ბეირუთის სამხრეთ უბნებზე დარტყმებისგან, ხოლო ტერორისტული დაჯგუფება ისრაელის წინააღმდეგ თავდასხმებს შეაჩერებს.

გარდა ამისა, აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, აშშ-ის სამხედრო ძალებმა ირანის კეშმის კუნძულზე თავდაცვის მიზნით, დარტყმები განახორციელეს.

  • მათი მტკიცებით, დარტყმები იყო პასუხი ირანის მიერ ახლო აღმოსავლეთში განხორციელებულ "თავდასხმების მცდელობებზე“.

"ირანმა რეგიონული მეზობლების მიმართულებით რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა გაუშვა; თუმცა, დასახულ სამიზნეს ვერცერთმა ვერ მიაღწია. ქუვეითისკენ გასროლილი ორი ირანული რაკეტა გზაში ჩამოვარდა, ხოლო ბაჰრეინისკენ გაშვებული სამი რაკეტა აშშ-ისა და ბაჰრეინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა მოიგერიეს“, - აღნიშნულია ცენტრალური სარდლობის მიერ X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ცენტრალური სარდლობის ცნობით, აშშ-მა კეშმის კუნძულზე ირანის სამხედრო სახმელეთო კონტროლის პუნქტს დაარტყა, ამერიკელი სამხედროები არ დაშავებულან.

მანამდე, ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ ვაშინგტონის მიერ ჰორმუზის სრუტეზე დაწესებული საზღვაო ბლოკადის ფარგლებში, ირანის მიმართულებით მიმავალ დაუტვირთავ ნავთობტანკერს დაარტყა და მწყობრიდან გამოიყვანა.

ამერიკულმა თვითმფრინავმა ბოტსვანას დროშის ქვეშ მცურავი M/T გემის ძრავის ოთახს Hellfire-ის ტიპის რაკეტა ესროლა მას შემდეგ, რაც მისმა ეკიპაჟმა რამდენიმე გაფრთხილება უგულებელყო.

ამასთან, განცხადება გაავრცელა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმაც, რომლის თანახმადაც, ქუვეითზე მისი თავდასხმები იყო პასუხი აშშ-ის ძალების მიერ კეშმის კუნძულზე განხორციელებული "თავხედური და აშკარა აგრესიის“. მათი ინფორმაციით, ქუვეითის მიმართულებით მინიმუმ 10 ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, თავდასხმები "საწყისი პასუხია“ და გაცილებით უფრო ძლიერ საპასუხო დარტყმას განახორციელებენ.

მოგვიანებით, აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობა განაცხადა, რომ ჩამოაგდეს ირანული დრონები, რომელთა სამიზნე ქუვეითში აშშ-ის ძალები იყო