სამხრეთ კალიფორნიის ქალაქ ბეიკერსფილდში, Chase Bank-ის შენობაში, მამაკაცი შეიჭრა და რამდენიმე ადამიანი მძევლად აიყვანა. ამ დროისთვის მძევლების ზუსტი რაოდენობა უცნობია, თუმცა პოლიციის ინფორმაციით, მოლაპარაკებების შედეგად ორი ადამიანი უკვე გათავისუფლებულია.
პოლიციის სერჟანტის, ერიკ სელედონის თქმით, მოლაპარაკებების შედეგად უკვე გათავისუფლებულია ორი ადამიანი, ხოლო შენობაში დარჩენილი პირები უსაფრთხოდ არიან და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
"ჩვენ ყველა საჭირო რესურსი გვაქვს, რათა ეს სიტუაცია მაქსიმალურად უსაფრთხოდ დასრულდეს,“ - განაცხადა სელედონმა.

უსაფრთხოების ზომების ფარგლებში, მიმდებარე შენობების ევაკუაცია განხორციელდა, მათ შორის, მერიისა და პოლიციის შტაბ-ბინის. დროებით გადაიკეტა რამდენიმე ქუჩაც. სამართალდამცავებმა შემთხვევის ადგილისა და ახლომდებარე ობიექტების გარშემო უსაფრთხოების პერიმეტრი მოაწყვეს.
ბეიკერსფილდის მერმა, კარენ გოჰმა, მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ სამართალდამცავებსა და სხვა სპეციალისტებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, სიტუაცია უსაფრთხოდ და პროფესიონალურად მართონ.
მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია. მოლაპარაკებები გრძელდება.