ავტორი:

"ცხვირის ფილერი არც სრულიად უსაფრთხო პროცედურაა..." - ნეკროზი, დეფორმაციები, მხედველობის დაკარგვა: რა რისკი ახლავს ცნობილ პროცედურას, თუ მას კარგ სპეციალისტთან არ გაიკეთებთ

"ცხვირის ფილერი არც სრულიად უსაფრთხო პროცედურაა..." - ნეკროზი, დეფორმაციები, მხედველობის დაკარგვა: რა რისკი ახლავს ცნობილ პროცედურას, თუ მას კარგ სპეციალისტთან არ გაიკეთებთ

მსოფლიოში ფილერით (შემავსებელი) სახის მოდელირება უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ცხვირ-ტუჩის კორექცია, ყვრიმალის მოდელირება, ტუჩის აუგმენტაცია და ერთ-ერთი ყველაზე საფრთხილო პროცედურა ცხვირის მოდელირება - ეს ის ჩამონათვალია, რომელსაც ყველა ხშრად მიმართავენ ქალბატონები. გასულ კვირას პოდკასტში - “ ყველაფერი ესთეტიკაზე” სწორედ ფილერით გამოწვეულ საფრთხეებზე ისაუბრეს და მოწვეული სტუმრის, ექიმის - თაკო შანშიაშვილის განცხადებამ, რომელიც ცხვირის ზონაში ფილერით გამოწვეულ საფრთხეებს, მათ შორის სიბრმავეს შეეხებოდა, აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია ესთეტიკური მედიცინის სფეროში მომუშავე ადამიანებს შორის.

ცხვირის ფილერით მოდელირებაზე დღეს მსოფლიო მედია აქტიურად წერს და განიხილავს იმ შემთხვევებს, როდესაც გასალამაზებლად მისულ პაციენტებს ჯანმრთელობის მდგომარეობა დაუზიანდათ.

რა ხდება საქართელოში ამ მხრივ და რატომ გამოიწვია აზრთა სხვადასხვაობა პაციენტებში? ამ კითხვით ჩვენ ესთეტიკური მედიცინის სპეციალისტს, კოსმეტოლოგს, პოდკასტის “ყველაფერი ესთეტიკაზე” იდეის ავტორს - სოფიო თოიძეს დავუკავშირდით.

სოფიო თოიძე: ძალიან მიკვირს, რომ აღშფოთება გამოიწვია ამ თემამ, ბევრი გართულებაა დღეს პაციენტებში ცხვირის ფილერის გამო. დღეს ეს პრობლემა სერიოზულად დგას, იცით რატომ? იმიტომ, რომ ეგრეთ წოდებული "არასპეციალისტი" სპეციალისტად ასაღებს თავს და ბოლო ორი თვის განვმალობაში ცხვირის ფილერით დაზარალებული პაციენტების რაოდენომად იმატა. ეს პრობლემაა და გადაჭრის გზებზე უნდა ვიფიქროთ. ესთეტიკური მედიცინის სფეროში მომუშავე ადამიანებს მინდა მივმართო - შევთანხმდეთ იმაზე, რომ ცხვირის ზონა რისკ ფაქტორია და ამაზე კამათი არ არის საჭირო. პოდკასტის ყველა ეპიზოდში ავღნიშნავ, რომ საქართველოში არიან ყველაზე კარგი სპეციალისტები და რა განგაში ატყდა? ტყუილი ითქვა რამე? ექიმი, რომელიც საუბრობს ამ თემაზე - თაკო შანშიაშვილი არის თავისი საქმის სპეციალისტი, ისევე როგორც თქვენ კოლეგებო და ძალიან გთხოვთ ერთმანეთის მიმართ იქონიეთ პატივისცემა. დიახ, ხმამაღლა ვიტყვი, რომ უდიდესი პრობლემებია დღეს ესთეტიკაში და იმის მაგივრად, რომ გავძლიერდეთ და ასეთი შეცდომები არ მოხდეს ერთმანეთს ვუმტკიცებთ ვინ უფრო კარგია? ასე ესთეტიკური მედიცინის სფერო წინ ვერ წავა და ჩვენ ესთეტიკას ვემსახურებით.

უშეცდომო არავინ არარის და ამიტომ კვლავ ვმეორდები არაინექციონისტი არ უნდა დაიშვას პაციენტთან და იმედია ასეთი შეცდომები აღარ მოხდება. დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ცხვირის ფილერით მოდელირება მკაცრად კონტროლდება. 2024 წელს აშშ-ის National Institutes of Health-ის (NIH) და National Library of Medicine-ის ოფიციალური სამეცნიერო არქივმა, სადაც ინახება ბიომედიცინისა და მედიცინის სფეროს სრული სამეცნიერო სტატიები გამოაქვეყნა სტატია. გთავაზობთ ციტატას: “ცხვირი ითვლება ერთ-ერთ ყველაზე რისკიან ზონად ფილერისთვის, რადგან მისი სისხლძარღვები დაკავშირებულია თვალის სისხლმომარაგებასთან. სწორედ ამიტომ პროფესიონალები განსაკუთრებულ სიფრთხილეს იჩენენ ამ არეში”.

ექიმი, ესთეტიკური მედიცინის სპეციალისტი თაკო შანშიაშვილი განმარტავს პროცედურის საფრთხეებს და როგორც კოლეგებს ასევე პაციენტებსაც სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

თაკო შანშიაშვილი: ბოლო წლებში არაქირურგიული რინოპლასტიკა, ე.წ. „ცხვირის ფილერი“, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ესთეტიკურ პროცედურად იქცა. პაციენტებისთვის ის ხშირად აღიქმება როგორც სწრაფი, მარტივი და ქირურგიის ალტერნატიული გზა ცხვირის ფორმის ვიზუალური კორექციისთვის. თუმცა თანამედროვე მტკიცებულებითი მედიცინა სულ უფრო ხშირად ამახვილებს ყურადღებას იმაზე, რომ ცხვირი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მაღალი რისკის ანატომიურ ზონას ინექციურ ესთეტიკურ მედიცინაში. რატომ ითვლება ცხვირი მაღალი რისკის ზონად? ცხვირის სისხლძარღვოვანი ანატომია მჭიდროდ არის დაკავშირებული ოფთალმოლოგიურ არტერიულ სისტემასთან.

სწორედ ამ ანასტომოზების გამო, გარკვეულ შემთხვევებში, ინტრავასკულარულად მოხვედრილმა ფილერმა შესაძლოა გამოიწვიოს: ვასკულარული ოკლუზია; ქსოვილოვანი იშემია; კანის ნეკროზი; მხედველობის შეუქცევადი დაკარგვა; იშვიათ შემთხვევებში — ცერებრალური ვასკულარული გართულებებიც. საერთაშორისო ლიტერატურაში ცხვირი მუდმივად სახელდება როგორც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რისკის ზონა ფილერით კორექციისას, თუმცა ბევრი პაციენტისგან მომისმენია ფრაზა: „მე გავიკეთე და არაფერი მომსვლია“. რეალობა კი ის არის, რომ მედიცინაში პროცედურის უსაფრთხოება არ ფასდება ერთი წარმატებული შემთხვევით. ფილერის მილიონობით პროცედურა სრულდება გართულებების გარეშე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რისკი არ არსებობს. მეცნიერულ ლიტერატურაში გართულებებში აღწერილია: ვასკულარული ოკლუზიები; ცხვირის ნეკროზი; ოფთალმოლოგიური არტერიის ოკლუზია; სიბრმავე; ინსულტის მსგავსი ვასკულარული გართულებები. სწორედ ამიტომ არსებობს მათი მართვის საერთაშორისო პროტოკოლები, ტრენინგები და მუდმივად განახლებადი გაიდლაინები. ამის შედმეგ ტრადიციულად ისმის კითხვა - თუ რისკი არსებობს, რატომ კეთდება პროცედურა?

იმიტომ, რომ სწორად შერჩეულ პაციენტში, შესაბამისი ანატომიური ცოდნით, ხარისხიანი პრეპარატითა და გამოცდილების მქონე ექიმის მიერ ჩატარების შემთხვევაში შედეგი შეიძლება იყოს ძალიან კარგი. მედიცინა არასოდეს ეფუძნება აბსოლუტურ უსაფრთხოებას. მედიცინა ეფუძნება სარგებლისა და რისკის შეფასებას. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც პროცედურა აღიქმება როგორც „უბრალო ჩხვლეტა“ და არა სამედიცინო ჩარევა. რატომ გაიზარდა გართულებების რაოდენობა? ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა იმ პაციენტების მომართვიანობა, რომლებსაც სხვადასხვა კლინიკაში ჩატარებული ცხვირის ფილერის შემდეგ განვითარებული აქვთ გართულებები. ამის მიზეზებს შორის ყველაზე ხშირად გვხვდება: არასწორი ჩვენება, არასაკმარისი ანატომიური ცოდნა, დაბალი ხარისხის ან დაურეგისტრირებელი პროდუქტი, არაკვალიფიციური შემსრულებელი, უსაფრთხოების პროტოკოლების უგულებელყოფა. მრავალი საერთაშორისო ავტორი პირდაპირ მიუთითებს, რომ მოთხოვნის ზრდასთან ერთად გაიზარდა გართულებების რაოდენობაც.

გართულებებზე ავლაპარაკდით, რადგან ინფორმირება არ არის დაშინება, პაციენტის უფლებაა იცოდეს არა მხოლოდ მოსალოდნელი შედეგი, არამედ შესაძლო რისკიც. თუ ვსწავლობთ ჰიალურონიდაზის გამოყენებას, ვასკულარული ოკლუზიის მართვას, ოფთალმოლოგიური გართულებების ამოცნობას და ნეკროზის პრევენციას — ეს უკვე ნიშნავს, რომ ასეთი გართულებები რეალურად არსებობს. სამედიცინო ეთიკა მოითხოვს, რომ პაციენტს მივაწოდოთ სრული ინფორმაცია. არა იმისთვის, რომ შეეშინდეს. არამედ იმისთვის, რომ არჩევანი ინფორმირებულად გააკეთოს. ცხვირის ფილერი არ არის „აკრძალული პროცედურა“, მაგრამ არც სრულიად უსაფრთხო პროცედურაა. სწორედ ამიტომ მისი ჩატარება უნდა ხდებოდეს მხოლოდ შესაბამისი სამედიცინო განათლების, ანატომიის ღრმა ცოდნისა და გართულებების მართვის გამოცდილების მქონე ექიმის მიერ. თანამედროვე ესთეტიკური მედიცინა იწყება არა მხოლოდ შედეგით, ის იწყება პასუხისმგებლობით.

რამდენად ზრდის საფრთხეს პრეპარატი, რომლითაც კეთდება პროცედურა? ცალკე გამოწვევას წარმოადგენს დაურეგისტრირებელი, არალეგალური ან გაურკვეველი წარმოშობის ინექციური პრეპარატების გავრცელება. სამწუხაროდ, ბოლო წლებში ბაზარზე მნიშვნელოვნად გაიზარდა ისეთი პროდუქტების რაოდენობა, რომელთა წარმომავლობა, ხარისხის კონტროლი, სტერილურობა და რეალური შემადგენლობა ხშირად სათანადოდ ვერ მოწმდება. საერთაშორისო ლიტერატურაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ე.წ. counterfeit, black-market და unlicensed fillers-ის პრობლემას, რომლებიც დაკავშირებულია ინფექციების, გრანულომების, ქრონიკული ანთებითი რეაქციების, ქსოვილოვანი დაზიანებისა და მძიმე ვასკულარული გართულებების ზრდასთან.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ გართულება ყოველთვის მხოლოდ ანატომიურად მაღალი რისკის ზონას არ უკავშირდება. როდესაც ორგანიზმში შეჰყავთ გაურკვეველი ეტიოლოგიის, არასერტიფიცირებული ან არასათანადოდ შენახული პრეპარატი, გართულება შესაძლოა განვითარდეს იმ ზონებშიც კი, რომლებიც კლასიკურად მაღალი რისკის არედ არ მიიჩნევა. აღწერილია მძიმე ინფექციური პროცესები, გრანულომატოზური რეაქციები, ქსოვილოვანი ნეკროზი, ქრონიკული ანთება და ხანგრძლივი დეფორმაციები. სწორედ ამიტომ თანამედროვე ესთეტიკური მედიცინა აღარ განიხილავს მხოლოდ ინექციის ტექნიკას. უსაფრთხოების აუცილებელი ნაწილი გახდა პრეპარატის ლეგალური წარმომავლობის, რეგისტრაციის, შენახვის პირობების, სერტიფიკაციისა და მიწოდების ჯაჭვის კონტროლი.