ავტორი:

მგზავრი ცდილობდა გასასვლელი კარის გაღებას და აცხადებდა, რომ ბორტიდან ჩასვლა სურდა - რა მოხდა ჩიკაგოსკენ მიმავალ თვითმფრინავში

მგზავრი ცდილობდა  გასასვლელი კარის გაღებას და აცხადებდა, რომ ბორტიდან ჩასვლა სურდა - რა მოხდა ჩიკაგოსკენ მიმავალ თვითმფრინავში

აშშ-ში Frontier Airlines-ის რეისზე მგზავრებმა და ეკიპაჟის წევრებმა აგრესიული მამაკაცი შეაკავეს, რომელიც ფრენის დროს თვითმფრინავის გასასვლელი კარის გაღებას და პილოტის კაბინაში შეჭრას ცდილობდა.

მომხდარის გამო რეისი მაიამის საერთაშორისო აეროპორტში გადამისამართდა.

  • Frontier Airlines-ის 3345-ე რეისი კვირას პუერტო-რიკოს ქალაქ სან-ხუანიდან ჩიკაგოს ო'ჰარის საერთაშორისო აეროპორტისკენ მიემართებოდა.

  • მაიამი-დეიდის შერიფის ოფისის ინფორმაციით, მამაკაცი არ ემორჩილებოდა ბორტგამცილებლების მითითებებს, ცდილობდა თვითმფრინავის გასასვლელი კარის გაღებას და აცხადებდა, რომ ბორტიდან ჩამოსვლა სურდა. მოგვიანებით ის თვითმფრინავის წინა ნაწილში გაიქცა და პილოტის კაბინაში შეღწევაც სცადა.

სამართალდამცავების ცნობით, ერთ-ერთმა ბორტგამცილებელმა მამაკაცის დამშვიდება სცადა, თუმცა აგრესიულმა მგზავრმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და დახრჩობაც სცადა.

  • მგზავრებისა და ეკიპაჟის დახმარებით აგრესიული მამაკაცი საბოლოოდ გაანეიტრალეს და ხელები პლასტმასის სამაგრებით შეუკრეს. ინციდენტის შემდეგ თვითმფრინავი მაიამის საერთაშორისო აეროპორტში უსაფრთხოდ დაეშვა, სადაც სამართალდამცავებმა მამაკაცი დააკავეს. მას ფიზიკური ძალადობის ბრალდება წაუყენეს.

Frontier Airlines-მა მომხდარი დაადასტურა და განაცხადა, რომ სამართალდამცავების მიერ მგზავრის ჩამოყვანის შემდეგ რეისმა რამდენიმე საათში ჩიკაგოს მიმართულებით ფრენა განაგრძო.

ინციდენტის შედეგად არც ერთი მგზავრი და ეკიპაჟის წევრი სერიოზულად არ დაშავებულა.

წყარო