ახლო აღმოსავლეთში სამხედრო ესკალაცია ახალ ეტაპზე გადადის, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტის მიმდებარედ ამერიკულ საჰაერო ბაზაზე საპასუხო იერიში მიიტანა, მას შემდეგ, რაც აშშ-ის სამხედროებმა ბანდარ-აბასში ირანულ სამხედრო ინფრასტრუქტურასა და დრონების მართვის სადგურს დაარტყეს. რამდენად რეალურია ფართომასშტაბიანი კონფლიქტის საფრთხე და სად არის ამ პროცესებში საქართველოს ადგილი, ამის შესახებ "კვირის პალიტრა" ანალიტიკოს მირიან მირიანაშვილს ესაუბრა.
- მართალია, ირანმა და ამერიკამ თითქმის ყველა სადავო საკითხზე შეთანხმებას მიაღწიეს, მაგრამ დარჩა ერთი ფუნდამენტური საკითხი - ირანის ბირთვული პროგრამა და განსაკუთრებით გამდიდრებული ურანი. ირანი ითხოვს, მისი გამდიდრებული ურანის მარაგი, რომელიც, სხვადასხვა შეფასებით, ნახევარ ტონამდეა, ჩინეთის ან რუსეთის ტერიტორიაზე გადაიტანონ და იქ საერთაშორისო კომისიის მეთვალყურეობით ათწლიანი ვადით შეინახონ. ამერიკა ამაზე აღარ თანხმდება, მიუხედავად იმისა, რომ წარსულში სწორედ ვაშინგტონი საუბრობდა ათწლიან მორატორიუმზე. სავარაუდოდ, ტრამპს გაუჩნდა განცდა, რომ ირანის ბოლომდე გატეხა შეუძლია და მაქსიმალურ ზეწოლას აგრძელებს. ირანი ორი ათწლეულის განმავლობაში საერთაშორისო იზოლაციას იმ განცდით იტანდა, რომ გამდიდრებული ურანი ექნებოდა და მსოფლიოს სხვაგვარად დაელაპარაკებოდა. ახლა, ფაქტობრივად, მას სთხოვენ არა დროებით, არამედ საბოლოოდ თქვას უარი ამ შესაძლებლობაზე. ირანის ხელისუფლებისთვის ასეთი დათმობა შიდაპოლიტიკურად კაპიტულაციის ტოლფასი იქნება. ამან შესაძლოა თავად რეჟიმის სტაბილურობასაც შეუქმნას საფრთხე. ამიტომ თეირანი ამ ნაბიჯზე ვერ მიდის და სწორედ ამან გახადა ესკალაციის განახლება თითქმის გარდაუვალი.
- შეიძლება საქმე ფართომასშტაბიან ომამდე მივიდეს?
- ამ ეტაპზე ფართომასშტაბიანი ომის დაწყებისთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი წინა პირობა არ არსებობს. ორივე მხარის სტრატეგიული გათვლა მცდარი აღმოჩნდა: ირანი ფიქრობდა, რომ კონფლიქტი ნავთობის ფასს ბარელზე 180-200 დოლარამდე გაზრდიდა და მსოფლიო ეკონომიკას მძიმე დარტყმას მიაყენებდა, რაც ვაშინგტონზე უზარმაზარ ზეწოლას მოახდენდა, მაგრამ ფასები 90-100 დოლარის ფარგლებში დარჩა. მეორე მხრივ, ტრამპს ჰქონდა მოლოდინი, რომ ძლიერი სამხედრო და პოლიტიკური ზეწოლით ირანის რეჟიმი სწრაფად ჩამოიშლებოდა - ესეც არ მოხდა. შედეგად, ორივე მხარე უკვე ახალ რეალობაში აღმოჩნდა. ის წინა პირობები, რომლებიც ფართომასშტაბიანი ომისკენ უბიძგებდა პროცესებს, დღეს აღარ არსებობს. თუ ირანში ხელისუფლება შეიცვლებოდა და ამერიკისთვის მისაღები რეჟიმი მოვიდოდა, ბირთვული პროგრამის საკითხიც ავტომატურად მოიხსნებოდა. თუმცა ეს სცენარი ჩაიშალა. ამ ვითარებაში, ფართომასშტაბიან ომში გადასვლისთვის არც ერთ მხარეს არა აქვს საკმარისი მოტივაცია. ამიტომ, გაგრძელდება ე.წ. ქირურგიული დარტყმების ტაქტიკა. ერთხანს იქნება პერიოდული შეტევები და დროებითი დაზავებები... წაიკითხეთ ვრცლად