2024 წელს რადიკალური ოპოზიცია ბაიდენის ადმინისტრაციამ გამოიყვანა პარლამენტიდან, ამავე ადმინისტრაციამ დააყრევინა მანდატები და დღეს იმას იმკიან, სადაც იმის გამო შევიდნენ, რომ მოუსმინეს არა ქართველ ხალხს, არამედ უცხოეთის ხელისუფლებას - ეს ალბათ მათთვის გაკვეთილი არ იქნება, მაგრამ საქართველოში ბევრისთვის უნდა იყოს გაკვეთილი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან, აშშ-ის ამერიკული დელეგაციის ვიზიტის შესახებ საელჩოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის შეფასებისას განაცხადა.
„საბოლოო განცხადებიდანაც ვნახეთ თუ რა დამოკიდებულება აქვს პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციას დემოკრატიული პროცესების მიღმა ხელისუფლების შეცვლის მცდელობებისგან და დემოკრატიული ინსტიტუტების ბოიკოტირების მიმართ. ეს არის ის, სადაც აღმოჩნდებიან ის ადამიანები, რომლებიც არა საკუთარ ამომრჩეველს, არამედ უცხო ქვეყნის ხელმძღვანელობას უსმენენ. 2024 წელს რადიკალური ოპოზიცია ბაიდენის ადმინისტრაციამ გამოიყვანა პარლამენტიდან, ამავე ადმინისტრაციამ დააყრევინა მანდატები და დღეს იმას იმკიან, სადაც იმის გამო შევიდნენ, რომ მოუსმინეს არა ქართველ ხალხს, არამედ უცხოეთის ხელისუფლებას. სწორედ ბაიდენის ადმინისტრაციის და ბრიუსელის დამსახურებაა, რომ ისინი დღეს ქუჩის რადიკალური ოპოზიცია არიან, რომელმაც სცადა ძალადობით ხელისუფლების დამხობა, მათი ლიდერები დღეს სასჯელს იხდიან ხელისუფლების დამხობის მოწოდებისკენ და მათ შორის ზოგიერთი მხარდამჭერი. ასე, რომ ეს ალბათ მათთვის გაკვეთილი არ იქნება, მაგრამ საქართველოში ბევრისთვის უნდა იყოს გაკვეთილი - როდესაც ემორჩილები გარე ძალას და ამის მიხედვით აწყობ შენს პოლიტიკურ დღის წესრიგს, საბოლოო ჯამში აღმოჩნდები ზუსტად იმ მდგომარეობაში, სადაც დღეს რადიკალური ოპოზიცია აღმოჩნდა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ამავე თემაზე საუბრისას პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ 2024 წლის არჩევნების შემდეგ პარტია „ლელომაც“ დაყარა მანდატები, ახლა კი ახალი ადმინისტრაციის განცხადების შემდეგ აზრი შეიცვალეს“. პაპუაშვილის თქმით, მათი პოლიტიკური დღის წესრიგი ყალიბდება და იცვლება იმის მიხედვით თუ რას ეტყვიან გარედან.
„ლელოს“ განცხადებები ვნახე - ახლა აღმოჩნდა, რომ „ლელო“ და სხვები ამ საკითხზე ერთმანეთში კამათობენ. თავად რომ დაყარეს მანდატები ბაიდენის ადმინისტრაციის მოთხოვნით და მითითებით - დღეს აზრი შეიცვალეს, რადგან ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ სხვანაირი პოზიცია დაანახა. მათი პოლიტიკური დღის წესრიგი ყალიბდება და იცვლება იმის მიხედვით თუ რას ეტყვიან გარედან - ამაზე მეტი სირცხვილი რა შეიძლება იყოს, როდესაც პირდაპირ ეთერში უყურებ ადამიანების ჯგუფებს, რომლებიც სხვა ქვეყნებს თავს სთავაზობენ, რომ იქნებიან მათი ემისრები საქართველოში და საქართველოს ლანგრად სთავაზობენ, რომ დაგვიჭირეთ მხარი, მოგვიყვანეთ ხელისუფლებაში და იმას გავაკეთებთ, რასაც დაგვავალებთ“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ამასთან შალვა პაპუაშვილმა უპასუხა შეკითხვას, რომელიც ოპოზიციაში დაპირისპირებას შეეხებოდა. კითხვაზე, რატომ უპირისპირდებიან ახლა ისინი ერთმანეთს, პაპუაშვილმა უპასუხა, რომ ამის მიზეზი ის არის, რომ მათ ჯერ კიდევ აქვთ ევროკავშირი ზოგიერთი წევრი ქვეყნის, ბრიუსელის მხარდაჭერა რადიკალიზმში.
„იმიტომ, რომ მათ ჯერ კიდევ აქვთ ევროკავშირი ზოგიერთი წევრი ქვეყნის, ბრიუსელის მხარდაჭერა ამ რადიკალიზმში. სამწუხაროდ, ჩვენ ამას ვაკვირდებით ბოლო პერიოდია - მას შემდეგ, რაც ამერიკაში შეიცვალა ხელისუფლება, რომ დღეს რადიკალიზმი, ანტიდემოკრატიული ძალები და ძალადობა ბრიუსელის მხრიდან არის მხარდაჭერილი. მნიშვნელოვანია, რომ ქართველი ხალხი თავისი სიბრძნითა და გამძლეობით მივიდა იმ წერტილამდე, რომ დღეს აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ განცხადებაში რამდენჯერმე ახსენა სიტყვა „სუვერენიტეტი“, რომელიც ევროპელებმა საქართველოსთან ურთიერთობაში დაგვავიწყეს - ბოლოს როდის გვითხრეს, რომ ჩვენი საერთო ღირებულება ერთმანეთის სუვერენიტეტის პატივისცემაა, აღარც გვახსოვს... ასე რომ, ის რაც დღეს ევროკავშირს საქართველოსთან მიმართებაში დავიწყებული აქვს - ღირებულება, რომელსაც სუვერენიტეტი ჰქვია - ამერიკულმა დელეგაციამ რამდენჯერმე, ხაზგასმით, როგორც საერთო ფასეულობა ისე ახსენა. მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას სწორედ ეს პოზიცია აქვს და სამწუხაროა, რომ ბრიუსელი საქართველოში რადიკალიზმის ერთადერთ მხარდამჭერად რჩება. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ჩვენც აქ მივაღწიოთ ცვლილებას ბრიუსელის პოლიტიკაში“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, გუშინ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში, 25-28 მაისს სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის ვიზიტისას, საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ გაკეთებული განცხადებების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დელეგაციის წევრებმა საქართველოს მთავრობასთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნეს, რომ დელეგაციამ საქართველოს მთავრობას მასთან კონსტრუქციულ, მომავალზე ორიენტირებულ ურთიერთობასთან დაკავშირებით ტრამპის ადმინისტრაციის მზადყოფნა გაუზიარა.
ინფორმაციის მიხედვით, შეერთებული შტატები ელის საქართველოს მთავრობასთან მუშაობას ისეთი პარტნიორობისთვის, რომელიც ორივე ქვეყანას ხელშესახებ სარგებელს მოუტანს და სრულად აამოქმედებს ორმხრივი ურთიერთობის პოტენციალს.
რაც შეეხება სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის მიერ საქართველოს ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ გამოთქმულ მოსაზრებებს, მათი თქმით, პოლიტიკური სტაბილურობა და ოპოზიციის რეალური წარმომადგენლობა იმ ფაქტორებს შორისაა, რომელიც საქართველოს ამერიკული ინვესტიციებისთვის, უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობისა და გრძელვადიანი სტრატეგიული პარტნიორობისთვის სანდო პარტნიორად აქცევს.