ისემც უქნიათ, დაუჭამიათ ერთმანეთი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ თავმჯდომარე ნიკა მელიას შორის დაპირისპირებას გამოეხმაურა.
„პირველად რომ ხდებოდეს ამ ქვეყანაში რაღაცას კიდევ ვიფიქრებდით, მაგრამ ეს ხომ მუდმივი პროცესია?! შეყრას, გაყრას და ამ შეყრა-გაყრას ვაკვირდებით რამდენი წელია. უკვე ვეღარ გაგვიგია, რა არის გულწრფელი, რა არის ნათამაშევი, რა არის გარედან დაგეგმილი, რა არის შიგნიდან სპონტანური. ზოგადად, ეს არის ბედი ყველა პოლიტიკოსის, რომელიც მიდის საკუთარი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ. ასეთი რადიკალიზმი, რომელსაც თესავენ, საბოლოო ჯამში, თავად მათ ჭამთ და მათივე პრობლემა ხდება. ისემც უქნიათ, დაუჭამიათ ერთმანეთი,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბრალდებულმა, ნიკა მელიამ საპატიმროდან წერილი გაავრცელა, სადაც მან მესამე პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე ისაუბრა.
როგორც მელია წერს, „სადაც სააკაშვილია, იქ ქვეყნის ინტერესი არაა, იქ მხოლოდ კერძო ეგოისტური ინტერესია, რადგან იგი საკუთარ თავს არაჯანსაღად შესტრფის, მხოლოდ თავის ეგოზე ზრუნვით არის ორსული“.
ამასთან, როგორც მელია წერილში აღნიშნავს, სააკაშვილი ადგილობრივი არჩევნების წინ „საკუთარმა დაუძლეველმა ეჭვიანობამ აიძულა" ჩამოსულიყო. ნიკა მელიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილისგან მის მისამართით გაუთავებელი ტალახის სროლა და დროდადრო, მის წინააღმდეგ თითქოს ჩადენილ ღალატზე საუბარი, „მხოლოდ და მხოლოდ ემსახურება მისი უცხოეთში გაშვების სანაცვლოდ, ხელისუფლებასთან გარიგებაში შესვლის კონკრეტული ისტორიის გადაფარვის მცდელობას, რომელიც მას ბევრი მიზეზის გამო, დღეს ძალიან აწუხებს".
პასუხად კი, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: "ნიკა მელიას ბევრი რამე გავუტარე, სულ მქონდა იმედი, რომ რამე დადგებოდა მისგან - ბოლოს მაინც მარცხი განვიცადე და მელია აღმოჩნდა იმავე ჭაობში, სადაც უკვე არიან ოქრუაშვილი, ბოკერიები და ზოგი სხვაც".