ავტორი:

“შეგვიძლია გავცეთ პირობა: აღიარების, სინანულის შემთხვევაში ხელისუფლებას ექნება შესაბამისი რეაგირება“ - პრემიერი 4 ოქტომბრის აქციისას დაკავებული პატიმრების გათავისუფლებაზე

“შეგვიძლია გავცეთ პირობა: აღიარების, სინანულის შემთხვევაში ხელისუფლებას ექნება შესაბამისი რეაგირება“ - პრემიერი 4 ოქტომბრის აქციისას დაკავებული პატიმრების გათავისუფლებაზე

“ძალიან კარგი იქნება, თუ სხვა პატიმრებიც მიბაძავენ ამ ადამიანებს, მათ შორის აღიარების კუთხით, საქართველოს პრეზიდენტისადმი შეწყალებაზე მიმართვის კუთხით. ჩვენ შეგვიძლია აქედანვე, პრეზიდენტთან შეთანხმებით, კიდევ ერთხელ გავცეთ პირობა, რომ შესაბამისი მიმართვის, აღიარების, სინანულის შემთხვევაში ხელისუფლებას ექნება შესაბამისი რეაგირება“,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა,როდესაც ისაუბრა 4 ოქტომბრის აქციის დროს რამდენიმე დაკავებულის მიმართ საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე.

  • როგორც კობახიძემ აღნიშნა, თუ იქნება აღიარება, რა თქმა უნდა, ხელისუფლებას ექნება შესაბამისი რეაგირება და ამაზე კიდევ ერთხელ შეუძლიათ პირობა დადონ.

“ჩვენ გავაკეთეთ ძალიან მკაფიო განცხადება შეწყალებასთან დაკავშირებით და ზოგადად მიდგომებთან დაკავშირებით პატიმრების მიმართ. ჩვენ განვაცხადეთ, რომ თუ იქნება სინანული დანაშაულთან მიმართებით, თუ იქნება შესაბამისი მიმართვა ჩვენ მზად ვართ, რომ შესაბამისი რეაგირება გვქონდეს ამ ყველაფერზე და მოხარულები ვართ, რომ ეს ჩვენი წინადადება სათანადოდ მიიღეს კონკრეტულმა პატიმრებმა. მათ, შესაბამისად აღიარეს ჩადენილი დანაშაული და შესაბამისად, გაფორმდა მათთან საპროცესო გარიგება. ძალიან კარგი იქნება, თუ სხვა პატიმრებიც მიბაძავენ ამ ადამიანებს, მათ შორის აღიარების კუთხით, საქართველოს პრეზიდენტისადმი შეწყალებაზე მიმართვის კუთხით. ჩვენ შეგვიძლია აქედანვე პრეზიდენტთან შეთანხმებით კიდევ ერთხელ გავცეთ პირობა, რომ შესაბამისი მიმართვის, აღიარების, სინანულის შემთხვევაში ხელისუფლებას ექნება შესაბამისი რეაგირება. ეს არის მნიშვნელოვანი რისთვის - დანაშაულის პრევენციისთვის.

გახსოვთ, რომ 2023 წელს იყო სისტემური ძალადობა სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმა, მაშინ მხოლოდ ერთი პირი იყო დაკავებული, შემდეგ ისიც შეიწყალა ყოფილმა პრეზიდენტმა. შემდეგ ექვსი პირი იყო დაკავებული და ამან პრევენციული ეფექტი არ იქონია, პირიქით, წაახალისა ახალი ძალადობა. იმისთვის, რომ ახალი ძალადობა არ იყოს წახალისებული მნიშვნელოვანია სამართალი აღსრულდეს, თუმცა, კიდევ ერთხელ, თუ იქნება აღიარება, რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება შესაბამისი რეაგირება და ამაზე კიდევ ერთხელ შეგვიძლია პირობა დავდოთ“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

  • მანა ასევე უპასუხა შეკითხვას „ტვ.პირველის“ ჟურნალისტზე მაკა ჩიხლაძეზე და მის ოპერატორ გიორგი შეწირულზე მომხდარ თავდასხმაზე 2024 წლის დეკემბერში გამართულ საპროტესტო აქციაზე მუშაობის დროს.

“ამასთან დაკავშირებით თქვენ იცით, რომ ვიცე-პრემიერმა გააკეთა განცხადება და ბუნებრივია, გამოძიება ბოლომდე დაინტერესდება ამ საკითხით და როგორც წინა შემთხვევაში მოხერხდა პირთა იდენტიფიცირება, იმედი გვაქვს, რომ ამ შემთხვევაშიც მოხერხდება პირთა იდენტიფიცირება. პროცესია და შეიტყობთ ყველაფერს სათანადო დროს“- განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, 4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ერთ-ერთ ეპიზოდზე დაკავებულ 7 პირს პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას უფორმებს. პროკურორ ლაშა ცქვიტარიას განმარტებით, აღნიშნულმა პირებმა დანაშაული აღიარეს, მოინანიეს, რის გამოც მათ საპროცესო შეთანხმება გაუფორმდებათ. საპროცესო შეთანხმების გაფორმების თანახმად შემდეგი პირები გათავისუფლდებიან:

ალექსანდრე ხაბეიშვილი, ბექა ქელეხსაშვილი, გიორგი მუმლაძე, მამუკა ლაბუჩიძე, გურიელ ქარდავა, ავთანდილ სურმანიძე, თემურ ქურციკიძე.