დევონში, სასწავლო წვრთნების დროს ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, დიდი ბრიტანეთის სამეფო სამხედრო-საზღვაო ფლოტის (Royal Navy) 3 წევრი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურები შემთხვევის ადგილზე, ოკჰემპტონის მახლობლად მდებარე სოურტონ დაუნში, 3 ივნისს დაახლოებით დილის 04:00 საათზე გამოიძახეს.

“ღრმა მწუხარებით გატყობინებთ, რომ დღეს დილით ადრე, დევონში, სოურტონის მახლობლად, სამეფო სამხედრო-საზღვაო ფლოტის “Merlin Mk4“ ტიპის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, ბორტზე მყოფი ეკიპაჟის 3 წევრი დაიღუპა.
ვიცი, რომ ეს უდიდესი შოკი იქნება ჩვენი საზღვაო საზოგადოებისთვის. ჩემს უღრმეს სამძიმარს ვუცხადებ ამ ტრაგედიით დაზარალებულ ოჯახებს, მეგობრებსა და ახლობლებს,“ - ნათქვამია სამხედრო-საზღვაო ფლოტის მეთაურის , გენერალ სერ გვინ ჯენკინსისი განცხადებაში.
კატასტროფის ზონასთან, რომელიც დარტმურის (Dartmoor) ეროვნული პარკის სიახლოვეს მდებარეობს, რამდენიმე სამხედრო-საზღვაო ბაზა არის განთავსებული. მათგან “HMNB Devonport“ (პლიმუთში, დარტმურის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში) დასავლეთ ევროპის უდიდეს საზღვაო ბაზას წარმოადგენს, ხოლო სომერსეტში მდებარე “Yeovilton“- ი და კორნუოლში მდებარე “Culdrose“- ი სამეფო სამხედრო-საზღვაო ფლოტის მთავარ საავიაციო ბაზებია.

კატასტროფის ადგილი ახლოსაა “ოკჰემპტონის სამხედრო ბანაკთან“ (Okehampton battle camp). რომელიც აქტიურად გამოიყენება კომანდოს ქვედანაყოფებისთვის განკუთვნილი “Merlin“-ის ტიპის ვერტმფრენების ეკიპაჟის მოსამზადებლად.