აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, დაადასტურა ინფორმაცია ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან მომხდარი მწვავე შელაპარაკების შესახებ.
გამოცემა “New York Post“ -ის მიერ გამოქვეყნებულ ინტერვიუში ტრამპს იმ ცნობების შესახებ ჰკითხეს, რომელთა თანახმადაც, “ჰეზბოლასთან“ მიმდინარე ბრძოლებისა და ლიბანის დედაქალაქ ბეირუთზე დარტყმის მუქარის გამო ის ნეთანიაჰუს დაუპირისპირდა.
“თქვენ მას უთხარით: გიჟი ხარ? რას აკეთებ? ციხეს გადაგარჩინე.“ ეს მართალია? ნამდვილად ასეთი ტონით ელაპარაკეთ?“ – ჰკითხა ჟურნალისტმა.
“დიახ, ასე იყო,“ – უპასუხა ტრამპმა. “ცოტა არ იყოს, გაღიზიანებული ვიყავი იმის გამო, რომ ის ლიბანთან ომს არ წყვეტს.“

“Axios“-ისა და “ABC News“ - ის ინფორმაციით, ტრამპი ბეირუთზე თავდასხმის შესახებ ისრაელის მუქარამ განარისხა. მას ეშინოდა, რომ ლიბანში კონფლიქტის შემდგომი ესკალაცია ხელს შეუშლიდა ირანთან იმ მოლაპარაკებების განახლებას, რომლის მიზანსაც ფართომასშტაბიანი რეგიონული კონფლიქტის დასრულება წარმოადგენდა.
მიუხედავად იმისა, რომ კულუარებში ორ ქვეყნის ლიდერს შორის დროდადრო უთანხმოება ხდება, საჯაროდ ნეთანიაჰუ და ტრამპი ყოველთვის ერთიან ფრონტს წარმოადგენდნენ , რაც თვითონ ტრამპმაც დაადასტურა: “ჩვენ ძალიან კარგად ვთანამშრომლობთ. ბიბი ძალიან მიყვარს და მასთან მუშაობა არ მიჭირს,“- განაცხადა მან.
ორი სახელმწიფოს მეთაური ერთმანეთს ჯერ კიდევ 1980-იანი წლებიდან იცნობენ, როდესაც ნიუ-იორკში, გაეროში ნეთანიაჰუ ისრაელის ელჩად მსახურობდა, ტრამპი მანჰეტენის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან უძრავი ქონების დეველოპერად მკვიდრდებოდა.

ეს ნაცნობობა დროთა განმავლობაში ამერიკის პრეზიდენტსა და ისრაელის პრემიერ-მინისტრს შორის ერთ-ერთ ყველაზე მჭიდრო და შედეგიან პარტნიორობად იქცა.