60-წლიანი პაუზის შემდეგ აშშ-ში ხორცისმჭამელი პარაზიტის შემთხვევა გამოვლინდა - მას ადამიანის ინფიცირებაც შეუძლია: რას წერს მედია

60-წლიანი პაუზის შემდეგ აშშ-ში ხორცისმჭამელი პარაზიტის შემთხვევა გამოვლინდა - მას ადამიანის ინფიცირებაც შეუძლია: რას წერს მედია

აშშ-ში 1966 წლის შემდეგ პირველად დაფიქსირდა საშიში ხორცისმჭამელი პარაზიტის - New World Screwworm (NWS) – შემთხვევა. პარაზიტი სამხრეთ ტეხასში, სამი კვირის ხბოში აღმოაჩინეს, რაც ქვეყნის მეცხოველეობის სექტორში სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.

აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) ინფორმაციით, პარაზიტი ბოლო ერთი წლის განმავლობაში მექსიკაში აქტიურად გავრცელდა და ახლა უკვე აშშ-ის ტერიტორიაზეც დაფიქსირდა. შემთხვევა ტეხასის შტატის ქალაქ ლა პრაიორში გამოვლინდა, რომელიც მექსიკის საზღვრიდან დაახლოებით 48 კილომეტრში მდებარეობს.

  • “ახალი სამყაროს ხრახნჭყაფა“ პარაზიტული ბუზის სახეობაა. მისი მდედრი კვერცხებს ცხოველების ღია ჭრილობებსა და ლორწოვან გარსებზე დებს. გამოჩეკილი ლარვები ცოცხალი ქსოვილებით იკვებებიან, ღრმად აღწევენ ხორცში და მკურნალობის გარეშე ხშირად ცხოველის დაღუპვას იწვევენ.

სპეციალისტების თქმით, პარაზიტს ადამიანებისა და შინაური ცხოველების ინფიცირებაც შეუძლია, თუმცა ადამიანებისთვის რისკი შედარებით დაბალია და მსგავსი შემთხვევები იშვიათად ფიქსირდება. ასევე, ბუზი საკვების უვნებლობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

ინფიცირებული ხბოს შემთხვევაში ლარვები ჭიპლარის არეში აღმოაჩინეს. ეს აშშ-ში ბოლო ექვსი ათწლეულის განმავლობაში პირველი დადასტურებული შემთხვევაა.

ექსპერტების შეფასებით, პარაზიტის გავრცელების მთავარი გზა ინფიცირებული ცხოველების გადაადგილებაა. სწორედ ამიტომ, ფედერალურმა და შტატის ხელისუფლებამ აღმოჩენის ადგილიდან 20-კილომეტრიან რადიუსში საკარანტინო და მონიტორინგის ზონა შექმნა.

ფერმერები შიშობენ, რომ თუ პარაზიტის გავრცელება ვერ შეჩერდება, შესაძლოა შემცირდეს პირუტყვის რაოდენობა, დაზარალდეს საქონლის ხორცის წარმოება და საბოლოოდ პროდუქციის ფასებმაც მოიმატოს. აშშ-ის ხელისუფლება კი აცხადებს, რომ სიტუაციის კონტროლისა და პარაზიტის გავრცელების შეჩერებისთვის ყველა საჭირო ღონისძიება უკვე დაწყებულია.

წყარო