ავტორი:

შამპანური "ურმით", შინაურული ბომონდი და ელიტარული წვეულება ქალაქგარეთ - როგორ აღნიშნა ფუფა გოგლიძემ მორიგი გრანდიოზული იუბილე (ფოტოები)

შამპანური "ურმით", შინაურული ბომონდი და ელიტარული წვეულება ქალაქგარეთ - როგორ აღნიშნა ფუფა გოგლიძემ მორიგი გრანდიოზული იუბილე (ფოტოები)

თუ კალენდარში 3 ივნისია, ეს ნიშნავს, რომ ქართულ სოციალურ ქსელებსა და თბილისურ ელიტას სერიოზული გამოცდა ელის. ნანი ბრეგვაძისა და ეკა მამალაძის უფროსი რძლის, ფუფა გოგლიძის დაბადების დღე ბოლო წლებია ჩვეულებრივი თარიღი აღარ არის - მას ქართული ბომონდი ესწრება და სტაბილურად გრანდიოზული მასშტაბით აღინიშნება.

წელს თბილისურმა ბომონდმა დედაქალაქის სიცხეს გაასწრო და კახეთს მიაშურა. დანიშნულების ადგილი: თელავის რაიონში მდებარე შატო გახლდათ, სადაც ფუფას მორიგი იუბილე წინა წლების გლამურს არაფრით ჩამორჩენოდა.

კახური გლამური აუზთან და შამპანური „ურმით“

ელიტარულ წვეულებაზე ფრანგული შიკი და ქართული აგრო-რომანტიკა იდეალურად შეერწყა ერთმანეთს: ყინულებში ჩაფლული ძვირადღირებული შამპანურის ბოთლები სტუმრებს პირდაპირ „ურმით“ მიართვეს.

თავად იუბილარი, დახვეწილ აბრეშუმის კაბაში, მარტინის ჭიქით ხელში მეუღლესთან ერთად პოზირებდა.

საღამოს მუსიკალურად ქართული სუფრებისა და ბომონდური წვეულებების მარადიული კავალერი დათო გომართელი აფორმებდა, რომელიც თეთრებში ჩაცმული კახურ მზის ჩასვლის ფონზე, დედაქალაქის ელიტას ართობდა.

ფუფა გოგლიძის დაბადების დღის კულმინაცია, რა თქმა უნდა, სანთლების ჩაქრობის რიტუალი იყო.

ფუფა გოგლიძის დაბადების დღეების ყოველწლიურ ქრონიკას თუ გადავხედავთ, მივხვდებით, რომ ბიზნესვუმენი სტაბილურობის ეტალონია. სანამ სამყარო ეკონომიკურ კრიზისებსა თუ პოლიტიკურ ქარტეხილებს ებრძვის, ფუფას იუბილე ყოველთვის გეგმის მიხედვით მიდის და მისი დაბადების დღე სოციალურ ქსელში მუდმივად განხილვის საგანია.