უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთი პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისადმი ღია წერილს აქვეყნებს და წერს:
"ღია წერილი
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს
უკრაინის პრეზიდენტისგან
როდესაც თქვენ 26 წელზე მეტი ხნის წინ რუსეთში ხელისუფლებაში მოხვედით, უკრაინაში ბევრი ადამიანი დადებითად გიყურებდათ. ასე იყო. მაგრამ ეს უკვე წარსულია.
დღეს უკრაინელთა აბსოლუტური უმრავლესობა დადებითად აფასებს იმას, რომ ჩვენმა შორ მანძილზე მოქმედი დრონები სანქტ-პეტერბურგში თქვენი ფორუმის გახსნას "ესტუმრნენ“ და 1000 კილომეტრზე მეტი დაფარეს. როგორც იცით, ეს მანძილი ჩვენი შესაძლებლობების ზღვარი არ არის.
თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის 26-მა წელმა მთლიანად შეცვალა უკრაინასა და რუსეთს შორის ურთიერთობების დღის წესრიგი. ვაჭრობასა და სხვა სამოქალაქო საკითხებზე საუბრიდან ჩვენი ქვეყნები თითქმის მხოლოდ დარტყმებსა და დანაკარგებზე საუბრამდე მივიდნენ.
26-წლიანი მმართველობის თითქმის ნახევარი უკრაინის წინააღმდეგ ომში გაატარეთ.
რაც უნდა ილაპარაკოთ ნატოზე, გეოპოლიტიკაზე - ეს ომი თქვენი პირადი არჩევანია - ომი, რომელსაც რეალური მიზეზი არ აქვს. სწორედ ასე დაიმახსოვრებს მას ისტორია.
ეს წლები სრულიად სხვაგვარად შეიძლებოდა განვითარებულიყო.
ხშირად გვესმის, რომ თქვენ ამ ომს შეგუებული ხართ. რა თქმა უნდა, არა მაშინ, როდესაც საქმე ვალდაიში თქვენი რეზიდენციის ან მოსკოვში აღლუმის უსაფრთხოებას ეხება. თქვენი საკუთარი სიცოცხლე თქვენთვის ძვირფასია.
თუმცა ახლა ყველანი ვხედავთ, რომ რუსები ამ რეალობით სულ უფრო ნაკლებად არიან კმაყოფილები, იმით, რომ ომს რუსეთისთვის უფრო და უფრო მეტი უარყოფითი შედეგი მოაქვს.
დიახ, თქვენ ჯერ კიდევ შეგიძლიათ აიძულოთ რუსები ასე იცხოვრონ. მაგრამ თქვენი რესურსები მნიშვნელოვნად მცირდება.
თქვენ აღარ გეყოფათ არც ფული და არც პოლიტიკური კაპიტალი, რათა რუსების ერთგულება ისე შეინარჩუნოთ, როგორც ამას ბოლო 26 წლის განმავლობაში აკეთებდით.
და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მსოფლიომ ამ მომენტის მოახლოებას ხელი შეუწყოს.
გუშინ მივიღე ანგარიში თქვენი არმიის დანაკარგების შესახებ უკრაინის ფრონტზე მაისის განმავლობაში. კიდევ ერთხელ, დაღუპული და მძიმედ დაჭრილი რუსი სამხედროების რაოდენობამ 30 000-ს გადააჭარბა. ეს მაჩვენებელი თვიდან თვემდე ნარჩუნდება და თითოეული დანაკარგის ვიდეოდადასტურება გვაქვს - ეს ცარიელი განცხადებები არ არის.
ჩვენ ვიცით, რომ თქვენი საბრძოლო დანაკარგების 63 პროცენტი დაღუპულებზე მოდის, ხოლო მხოლოდ 37 პროცენტი - დაჭრილებზე. XXI საუკუნეში ვერც ერთი არმია ვერ გაუძლებს ასეთ თანაფარდობას. დაღუპულთა წილი კი კიდევ უფრო გაიზრდება.
ეს არ ნიშნავს, რომ უკრაინაში რუსი ჯარისკაცების ბედი გვაღელვებს, იმის შემდეგ, რაც თქვენმა ომმა ჩვენს ქვეყანას მოუტანა.
მაგრამ მე უკრაინელებზე ვზრუნავ.
ჩვენ ვკარგავთ ჩვენს ხალხს და თითოეული დანაკარგი მტკივნეულია.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ თქვენ ყოველ რამდენიმე თვეში ერთხელ მუდმივად აჭიანურებთ იმ ვადებს, რომლებიც ჩვენი რეგიონების, განსაკუთრებით კი დონეცკის ოლქის დასაპყრობად თავადვე დაისახეთ. და ვერც წელს დაიკავებთ მას.
მაგრამ ჩვენ, უკრაინაში, მუდმივი ომი არ გვინდა. ძალიან კარგად ვიცით, რომ ომის გარეშე ცხოვრება უსასრულოდ უკეთესია. და ამის მიღწევა გვსურს.
დარწმუნებული ვარ, რუსების უმრავლესობაც ამას დადებითად შეხვდებოდა - და თქვენ ეს იცით.
ბევრს არ სჯეროდა, რომ უკრაინა ამდენ ხანს გაძლებდა. თქვენ არ გჯეროდათ. არც მათ, ვინც გირჩევდათ. ეს შეცდომა იყო.
თქვენ არ ელოდით უკრაინის სრულმასშტაბიან წინააღმდეგობას და ვერ წარმოიდგენდით, რომ მოვლენები აქამდე მივიდოდა. მაგრამ ახლა ყველანი აქ ვართ - ამ სრულმასშტაბიანი ომის მეხუთე წელს.
ნუ შეგეშინდებათ ამ ომიდან გამოსვლის გზის არჩევის. სწორედ ეს არის ახლა თქვენგან ყველაზე მნიშვნელოვანი.
უკრაინამ თავისი დამოუკიდებლობა შეინარჩუნა. და შეინარჩუნებს კიდეც. მიუხედავად ყველა საპირისპირო პროგნოზისა.
ჩვენ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში შევძელით მხარდაჭერის მოპოვება უკრაინისთვის და თქვენს წინააღმდეგ. ვიპოვეთ საჭირო იარაღი და დაფინანსება.
ჩვენ მხარდაჭერას ვიღებთ. თქვენ - სანქციებს. და ეს გაგრძელდება მანამ, სანამ უკრაინისთვის სამართლიანობა არ დამყარდება - ის სამართლიანობა, რომელსაც ვეძებთ და რომლის მიღწევაც შესაძლებელია.
ჩვენ ომი თქვენს ტერიტორიაზე გადავიტანეთ და ჩრდილოეთ კორეის დახმარების გარეშე ამას ვერ გაუმკლავდებოდით. თქვენ რუსეთის პირველი მმართველი ხართ, რომელმაც დახმარებისთვის ფხენიანს მიმართა.
დღეს კი მთლიანად ჩინეთზე ხართ დამოკიდებული - ესეც რუსეთის ისტორიაში პირველად ხდება.
თქვენ გეგონათ, რომ უკრაინელებს თავის დაცვა არ შეეძლებოდათ. დღეს კი ჩვენი ხალხი ახლო აღმოსავლეთისა და სპარსეთის ყურის პარტნიორებს საკუთარი თავდაცვის სისტემების შექმნაში ეხმარება.
თქვენ უკრაინაში შიდა არეულობას ელოდებოდით. ამის ნაცვლად კი თქვენივე სამხედრო ფორმირებებმა მოაწყვეს ამბოხი თქვენს წინააღმდეგ.
დღეს უკვე სწორედ თქვენ გიყურებენ თქვენი ჩინოვნიკები, ბიზნესმენები და პროპაგანდისტები აშკარა დაღლილობით. ამას მთელი მსოფლიო ხედავს.
მსოფლიო უკრაინით არ დაღლილა, როგორც ამას დიდი ხნის განმავლობაში იმედოვნებდით. თუმცა, იზრდება დაღლილობა რუსეთის მიმართ - მათ შორის იმ ქვეყნებშიც, რომლებიც გეხმარებიან სანქციების გვერდის ავლაში და თქვენი ეკონომიკის შენარჩუნებაში.
თქვენ ამას ვერ ვერ ამჩნევთ.
ხელისუფლებაში 26 წლის ყოფნის შემდეგ ასაკიც უკვე თავის კვალს ტოვებს. დროთა განმავლობაში კი თქვენდამი დაღლილობა მხოლოდ გაიზრდება.
ჩვენ ვიხილეთ სადაზვერვო მონაცემები, რომლებიც აჩვენებს, რომ 2027 და 2028 წლებშიც ომის გაგრძელების გეგმებს განიხილავთ. ჩვენ ისიც ვიცით, რომ იმედი გაქვთ, ბალისტიკური რაკეტები მოგცემთ იმას, რასაც აქამდე ვერ მიაღწიეთ.
თქვენ გსურთ ბელარუსი კიდევ უფრო ღრმად ჩაითრიოთ ამ ომში და ამიტომ ჩვენც იძულებულები ვართ ამისთვის მოვემზადოთ. ვხედავთ, რომ რაღაცის ორგანიზებას ცდილობთ დნესტრისპირეთის გარშემოც.
თქვენი პროპაგანდისტები სხვადასხვა ფორმით ემუქრებიან რუსეთის ყველა მეზობელ ქვეყანას.
მართლა გსურთ ამ ყველაფრის გავლა?
ახლა არჩევანი თქვენზეა.
უკრაინა ამ ომის დასრულებას სთავაზობს.
ეს უნდა მოხდეს პატიოსნად, ღირსეულად და იმ გარანტიებით, რომ ომი აღარასოდეს განახლდება.
უკრაინა გვთავაზობთ ამ ომის დასრულებას უშუალო დიალოგის გზით - ჩემსა და თქვენ შორის.
ყველამ მოისმინა თქვენი წარმომადგენლების ღიმილით ნათქვამი სიტყვები, რომ თითქოს მე მოსკოვში უნდა ჩავიდე. მაგრამ ამ 26 წლის შემდეგ უკრაინის ლიდერს თქვენს დედაქალაქში გასაკეთებელი აღარაფერი აქვს.
ისევე, როგორც რუსეთის ლიდერს აღარაფერი ესაქმება კიევში.
არსებობენ ქვეყნები, რომლებიც ტრადიციულად მასპინძლობენ ლიდერებს ომისა და მშვიდობის საკითხების გადასაწყვეტად.
სწორედ ლიდერები წყვეტენ მთავარ საკითხებს.
ასე იყო ყოველთვის და ასე იქნება მომავალშიც.
მე გთავაზობთ ასეთი შეხვედრისთვის კონკრეტული თარიღის დანიშვნას.
ჩვენ მოვისმინეთ, რომ თითქოს ალასკაში დაგპირდნენ უკრაინასა და ევროპასთან დაკავშირებული გარკვეული საკითხების გადაწყვეტას.
მაგრამ თავადაც ხედავთ, რომ უკრაინული და ევროპული საკითხები ანკორიჯში არ წყდება.
ჩვენ შორის შექმნილ ორმხრივ ფორმატს შეიძლება სხვა შეთანხმებული მონაწილეებიც შეუერთდნენ.
ჩვენ გვჯერა, რომ ევროპა ამ პროცესის ნაწილი უნდა იყოს - ისინი, ვისაც ნამდვილად შეუძლია ვითარებაზე გავლენის მოხდენა.
ასევე გვჯერა, რომ პროცესში ამერიკის შეერთებული შტატებიც უნდა მონაწილეობდეს.
როდესაც რუსეთი იღლება, ცვლილებები იწყება.
ჩვენ შეგვიძლია ამ დაღლილობის მოახლოებაზე ვიმუშაოთ.
თქვენ კი შეგიძლიათ თქვენი ომი შეაჩეროთ.
მარადიული ხსოვნა ამ ომის ყველა მსხვერპლს.
დიდება უკრაინას".