ავტორი:

მკვლელობა თუ თვითმკვლელობა: "კრემლის ყურადღების ცენტრში იყო მოქცეული" - რას ჰყვება მამუკა მამულაშვილი საქართველოში გარდაცვლილ მებრძოლზე

მკვლელობა თუ თვითმკვლელობა: "კრემლის ყურადღების ცენტრში იყო მოქცეული" - რას ჰყვება მამუკა მამულაშვილი საქართველოში გარდაცვლილ მებრძოლზე

ცოტა ხნის წინ საქართველოში "ქართული ლეგიონის" მებრძოლი ზურაბ საბიაშვილი გარდაიცვალა. გამოძიება ერთ-ერთ ვერსიად თვითმკვლელობას განიხილავს, თუმცა მომხდარის გარემოებები ამ დრომდე სრულად დადგენილი არ არის.

  • "ქართული ლეგიონის" მეთაური მამუკა მამულაშვილი საბიაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ეჭვებს გამოთქვამს და არ გამორიცხავს, საქმე მკვლელობას უკავშირდებოდეს.

მისი თქმით, აუცილებელია, გამოძიებამ ყველა გარემოება ობიექტურად და საფუძვლიანად შეისწავლოს, რათა საზოგადოებამ მომხდარის შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია მიიღოს. რა ცნობები აქვთ საბიაშვილის თანამებრძოლებს, რა კითხვები რჩება პასუხგაუცემელი და რამდენად მნიშვნელოვანია გამოძიების მაქსიმალური გამჭვირვალობა - ამ და სხვა საკითხებზე Ambebi.ge "ქართული ლეგიონის" მეთაურს, მამუკა მამულაშვილს ესაუბრა.

მამუკა მამულაშვილი:

- ზურა ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეული მეომარი იყო საბრძოლო სულისკვეთებით, სიმამაცით და კეთილშობულურობით. უკრაინაში რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ 2015 წლიდან იბრძოდა. მიუხედავად ომში ხანგრძლივი ყოფნისა და ბევრი სირთულის გამოვლისა არ გაბოროტებულა. სიმართლე გითხრათ, მიჭირს დაჯერება, რომ ზურამ თავი მოიკლა. იმედია გამოძიება ისეთ დასკვნას დადებს, რომ ეჭვები არ დარჩეს.

- რამდენი ხანია საბიაშვილი საქართველოში იმყოფება?

- ერთი წლის წინ დაბრუნდა საქართველოში.

- თქვენთვის ცნობილი თუ არის, ჰქონდა თუ არა ზურაბ საბიაშვილს ფსიქოლოგიური პრობლემები ან იმყოფებოდა თუ არა დეპრესიულ მდგომარეობაში?

- ჩვენი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ალბათ რთულია იპოვო მებრძოლი, რომელსაც ომის გამოცდილების შემდეგ ფსიქოლოგიური წნეხი არ ჰქონდეს. ეს რეალობაა, რომელსაც პრაქტიკულად ყველა სამხედრო აწყდება. თუმცა ზურას შემთხვევაში რაიმე განსაკუთრებულად მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობა ან ისეთი პრობლემა, რომელიც თვითმკვლელობის ვერსიას დაადასტურებდა, ჩემთვის ცნობილი არ ყოფილა. მცირეოდენი ალკოჰოლის მიღება უყვარდა, მაგრამ ეს გარემოება, ჩემი აზრით, ვერ გახდება იმის საფუძველი, რომ მომხდარი თვითმკვლელობით აიხსნას.

უფრო მეტიც, ცოტა ხნის წინ თავად ვესაუბრე. საუბრისას არაფერი შემინიშნავს ისეთი, რაც მის მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ან სიცოცხლის დასრულების განზრახვაზე მიანიშნებდა. პირიქით, მითხრა, რომ უკრაინაში დაბრუნება და ბრძოლის გაგრძელება სურდა. ბუნებრივია, ამას მივესალმე და შევთანხმდით, რომ კვლავ შემოგვიერთდებოდა. სწორედ ამიტომ იყო ჩემთვის განსაკუთრებით მოულოდნელი და შოკისმომგვრელი მისი გარდაცვალების ამბავი. იმ დროს, როდესაც მე ზურას ფრონტის ხაზზე დაბრუნებას ველოდებოდი, მოულოდნელად შევიტყვე მისი სიკვდილის შესახებ. ეს გარემოება კიდევ უფრო აჩენს კითხვებს, რომლებზეც პასუხი, ვფიქრობ, გამოძიებამ უნდა გასცეს.

- თქვენთან საუბრისას ხომ არ უთქვამს, რომ ის საქართველოში დევნისა და თვალთვალის ობიექტი იყო?

- სხვათა შორის მსგავსი არაფერი არ უთქვამს.

- ცნობილია, რომ „ქართული ლეგიონის“ არაერთი მებრძოლი რუსეთის სასამართლოს მიერ დაუსწრებლად არის გასამართლებული, ზოგიერთ მათგანზე კი, მათ შორის თქვენზეც, ძებნაა გამოცხადებული და ჯილდოცაა დაწესებული. იყო თუ არა ზურაბ საბიაშვილი იმ მებრძოლთა შორის, რომლებიც რუსეთის სამიზნედ მიიჩნეოდნენ?

- დიახ, ზურაბ საბიაშვილი იმ მებრძოლთა შორის იყო, რომლებიც რუსეთისთვის განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენდნენ. ის წლების განმავლობაში იბრძოდა რუსეთის წინააღმდეგ და, ბუნებრივია, იმ ადამიანთა კატეგორიას მიეკუთვნებოდა, რომლებიც კრემლის ყურადღების ცენტრში იყვნენ მოქცეულნი. ამიტომ, სანამ გამოძიება საბოლოო დასკვნამდე არ მივა, პირადად მე არც ერთ ვერსიას არ გამოვრიცხავ. მით უფრო, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი ქართველი საეჭვო ვითარებაში იღუპება.

ბოლო წლებში არაერთი ქართველი მებრძოლის გარდაცვალებამ გააჩინა კითხვები, რომლებზეც საზოგადოებას ამომწურავი პასუხები დღემდე არ მიუღია. სწორედ ამ ფონზე ზურა საბიაშვილის სიკვდილიც განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. როდესაც ადამიანი აქტიურად იყო ჩართული რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში, გეგმავდა უკრაინაში დაბრუნებას და ბრძოლის გაგრძელებას, ბუნებრივია, ჩნდება კითხვები, რომლებზეც პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს. ამიტომ მიმაჩნია, რომ აუცილებელია ყველა შესაძლო ვერსიის დეტალურად შემოწმება და თითოეული გარემოების საფუძვლიანი შესწავლა, რათა საბოლოოდ დადგინდეს, რა მოხდა რეალურად.

- და ბოლოს, ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ ყველაზე ცხელ მიმართულებაზე თქვენი მებრძოლების ავტომობილი მტრის დარტყმის ქვეშ მოექცა. გავრცელებული ინფორმაციით, ტექნიკა თითქმის სრულად განადგურდა, თუმცა მებრძოლები გადარჩნენ. რა დეტალების გამხელა შეგიძლიათ ამ შემთხვევის შესახებ და რამდენად მძიმეა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა?

- ბიჭები ევპივი-დრონების თავდასხმის ქვეშ მოექცნენ. დარტყმა იმდენად ძლიერი იყო, რომ ავტომობილი პრაქტიკულად მთლიანად განადგურდა. ასეთ ვითარებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ოთხივე მებრძოლი ცოცხალია. სამწუხაროდ, მათ მძიმე დაზიანებები მიიღეს და ამჟამად სამედიცინო დახმარებას გადიან. ერთ-ერთმა მებრძოლმა თვალი დაკარგა, დანარჩენების მდგომარეობაც მძიმეა, თუმცა ექიმები ყველაფერს აკეთებენ მათი ჯანმრთელობის გადასარჩენად. იმ მასშტაბის დარტყმის გათვალისწინებით, რასაც ისინი შეეჯახნენ, მათი გადარჩენა მართლაც სასწაულის ტოლფასია. ფრონტის ხაზზე ევპივი-დრონები დღეს ერთ-ერთ ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს და ეს შემთხვევაც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად მძიმე და სახიფათო პირობებში უწევთ ჩვენს მებრძოლებს ყოველდღიურად მოქმედება.