ნიგერის უდაბნოს უკაცრიელ რეგიონში, სატვირთო მანქანის გაფუჭების შემდეგ, 49 ადამიანი წყურვილით გარდაიცვალა. ავტომანქანის გაუმართაობის გამო მგზავრები უდაბნოში უწყლოდ დარჩნენ.

5 ივნისს გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, გარდაცვლილები მალიდან შინ, მუსლიმური დღესასწაულის შემდეგ ბრუნდებოდნენ რა დროსაც მათ წყლის მარაგი ამოეწურათ.

"მძღოლის, მისი თანაშემწეებისა და მგზავრების მცდელობის მიუხედავად, ავტომობილის შეკეთება ვერ მოხერხდა. უწყლოდ დარჩენილი მგზავრები აგრესიული გარემოს ტყვეობაში აღმოჩნდნენ, სადაც ექსტრემალური ტემპერატურისა და სასმელი წყლის პუნქტების არარსებობის გამო გადარჩენა უკიდურესად რთულია“, - ნათქვამია აგადესის რეგიონის გუბერნატორის განცხადებაში.
ადგილი სადაც ტრაგედია მოხდა, იმ სატრანზიტო მარშრუტის ნაწილს წარმოადგენს, რომლითაც მიგრანტები აფრიკის ქვეყნებიდან ევროპაში მოხვედრას ცდილობენ. მცხუნვარე ქვიშაში წყურვილის თუ შიმშილის გამო აქ უკვე არაერთი ადამიანი არის დაღუპული.