"7 წელია, ჩემი ლენო არ მინახავს, არც ჩავხუტებივარ,არც მისი ხმა გამიგია... მენატრები, შვილო... მიყვარხარ, ლენო" - ეს გახლავთ ტელეწამყვან ლულუ კახიანის სტატუსი, რომელიც შვილის ტრაგიკულად დაღუპვის 7 წლისთავზე 4 ივნისს სოციალურ ქსელში დაწერა.
2019 წლის 4 ივნისს თბილისში უდიდესი ტრაგედია დატრიალდა. 15 წლის ნიჭიერი გოგონა ლენო გვარჯალაძე, საცხოვრებელი სახლის აივნიდან გადავარდა. ის მუსიკოსის, პროდიუსერის გიორგი გვარჯალაძისა და ტელეწამყვანის ლულუ კახიანის შვილი გახლდათ. ტრაგედიამ ქვეყანა შეძრა...
ლენოს დედას ლულუ კახიანს ამ მძიმე და საშინელ თემაზე საუბარი ვთხოვეთ...
- 7 წელი გავიდა. თარიღს დიდად მნიშვნელობა არ აქვს, წლიდან წლამდე ვგრძნობ ამ დანაკარგს. 4 ივნისი უფრო მძაფრად იმ მხრივ აღიქმება, რომ კონკრეტულად ის დღე გახსენდება და ის, რაც მაშინ ხდებოდა... უფრო მეტს ფიქრობ იმაზე, როგორ შეგვეძლო ეს აგვერიდებინა მთელ ოჯახს და პირველ რიგში ლენოს.
- და გაქვთ გამოსავალი ნაპოვნი?
- ბევრი ვარიანტი შეიძლება განიხილო, მაგრამ რაღაც 100%-იანი პასუხისთვის არ მიმიგნია - ვერ ვიპოვე გადაწყვეტა, - აი, ამას თუ ვიზამდი, ეს ტრაგედია არ მოხდებოდა.
- როგორი ბავშვი იყო ლენო?
- ძალიან კონტაქტური და სოციალური... ბაღში ყველა ბავშვს და მათ მშობლებს იცნობდა. მასწავლებლებს ეცინებოდათ - ჩვენ, დიდები, ყველა მშობელს სახეზე ასე უცებ ვერ ვცნობთ და ლენო ყველას იცნობსო. მშობელს რომ დაინახავდა, გარბოდა ბავშვებთან: „აი, დედაშენი მოვიდა“, „აი, მამაშენი მოვიდა“. საერთოდ არ იყო მორცხვი, უცხო ადამიანებთან კონტაქტში მარტივად შედიოდა... ბავშვები ძალიან უყვარდა... თინეიჯერებს ახასიათებთ, - რომ იზრდებიან, პატარებთან ურთიერთობა აღარ აინტერესებთ. ლენო პირიქით იყო: სადაც ვისვენებდით, ყველა ბავშვს სულ თან დაჰყვებოდა, ყველა მასთან ტრიალებდა. მათთან ერთად ერთობოდა და რაღაცნაირ პასუხისმგებლობას გრძნობდა, თითქოს ეს ბავშვები ჰყავდა ჩაბარებული.

- ძალიან გონიერი და აქტიურიც იყოო, - აღნიშნეთ.
- დიახ, წინ უსწრებდა თავისი ასაკის ბავშვებს აზროვნებით, არ ჰგავდა 14-15 წლის მოზარდს. როგორც დიდ ადამიანს, ისე შეგეძლო დალაპარაკებოდი. არაბავშვურ, საკმაოდ ღრმა რჩევებს გაძლევდა, გეგონებოდა, ცხოვრებისეული გამოცდილება აქვს და იმის მიხედვით მსჯელობსო.ეს მთლად ინტელექტზეც არ იყო დამოკიდებული, თვითონ იყო ბუნებით ასეთი. მაგ ასაკში რთულია ბავშვს რაღაც ჩაუნერგო - „ასე იაზროვნე, ისე იაზროვნე“. უბრალოდ, ასეთი დაიბადა, ეს იყო ბუნებისგან მინიჭებული ხასიათი და გამორჩეული ინდივიდუალიზმი... ჩვენც სერიოზულ თემებზე ველაპარაკებოდით, სერიოზულ ფილმებს ვუყურებდით ერთად...
- ალბათ ამანაც განსაზღვრა ბევრი რამ... თქვენს გემოვნებას ენდობოდა და მოსწონდა?
- კი, შეიძლება იმიტომ, რომ მეც და მამამისიც მუსიკაში საკმაოდ გათვითცნობიერებულები ვართ, განსაკუთრებული არაფერი, მაგრამ ვთვლი, რომ ორივეს კარგი მუსიკალური გემოვნება გვაქვს. საერთოდ, მიმაჩნია, რომ მუსიკალური გემოვნება ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტეს - რას ასმენინებ შვილს ბავშვობიდან... ბოლომდე ყველაფერს ვერ გააკონტროლებ, მაგრამ თუ ბავშვი თავიდანვე კარგ მუსიკაზე იზრდება, მერე რაღაც მდარე ხარისხის „შუფუტინსკებს“ აღარ მოუსმენს. აი, მაგ მხრივ ყოველთვის ვცდილობდი, ჩემს შვილებს პირველივე დღეებიდან კარგი მუსიკა მოესმინათ... მუსიკა პირდაპირ კავშირშია ადამიანის ინტელექტუალურ დონესთან - ასე ვთვლი.

- კამათი თუ ახასიათებდა?
- კი, ბავშვობიდანვე ხმამაღლა იცავდა თავის უფლებებსა და აზრს. თუ რამე პროტესტი ჰქონდა, ღიად გამოხატავდა - შეიძლებოდა ეყვირა კიდეც, განსაკუთრებით გარდატეხის ასაკში. არასოდეს ყოფილა ისეთი ბავშვი, თავი ჩაექინდრა და ის გაეკეთებინა, რასაც ეუბნებოდი. ყველაფერზე თავისი შეხედულება ჰქონდა და თუ არ უნდოდა, ვერაფერს გააკეთებინებდი. მასთან ყვირილს აზრი არ ჰქონდა... მხოლოდ მეგობრული, შეთანხმებული და გაგებაზე დამყარებული ურთიერთობით შეიძლებოდა რამის მიღწევა. უნდა გაგეგო და ისიც აუცილებლად გაგიგებდა.
- ხომ არ მღეროდა ან რაიმე ინსტრუმენტზე ხომ არ უკრავდა?
- პროფესიონალურად არც სიმღერაზე დადიოდა და არც მუსიკაზე, მაგრამ მუსიკა უზომოდ უყვარდა. მამამისს სახლში ბევრი ინსტრუმენტი ჰქონდა - გიტარა, კლავიში, ერთი პერიოდი დრამიც კი. ლენო თვითნასწავლი იყო, ცდილობდა, რაღაცები ესწავლა, აწყობდა მელოდიებს. სიმღერა ძალიან იტაცებდა. გვაჯი (მამა) მერე ამბობდა ხოლმე: ნახევარი საქართველო ჩავწერე სტუდიაში და ჩემს შვილს ერთი სიმღერაც კი ვერ ჩავუწერეო. ის ვიდეო, სადაც ლენო მღერის - ერთ-ერთი მომღერლის, Mercy Chinwo-ს სიმღერას - სრულიად შემთხვევით, სთორისთვის ჰქონდა გადაღებული. მერე იმ ვიდეოს ჩანაწერზე გვაჯიმ ააწყო ინსტრუმენტალი, კლიპიც გააკეთა და ასე „შეიფუთა“ ეს სიმღერა. ფაქტობრივად, ერთადერთი ჩანაწერია და კიდევ რამდენიმე საოჯახო ვიდეო დაგვრჩა, სადაც უბრალოდ ღიღინებს. პროფესიულ დონეზე არაფერი ყოფილა.

- სწავლა, მეცადინეობა, სკოლაში სიარული უყვარდა?
- დაწყებით კლასებში და ალბათ მეშვიდე-მერვე კლასამდე, ძალიან ბეჯითი, ათოსანი ბავშვი იყო. მერე უკვე, უფროს კლასებში, იმას სწავლობდა, რაც მოსწონდა, მაგრამ იმდენად ნიჭიერი იყო, რომ სკოლაში გაკვეთილამდე 10 წუთით ადრე გადაავლებდა თვალს მასალას, გადიოდა, ჰყვებოდა და 10-იანს იღებდა. ერთი, მაქსიმუმ ორი წაკითხვა სჭირდებოდა. ძალიან გონიერი იყო. ამიტომ, სახლში ფაქტობრივად არ მეცადინეობდა. ბოლო წლებში, მერვე-მეცხრე კლასში, სკოლაშიც უენთუზიაზმოდ დადიოდა, რაღაც პროტესტი ჰქონდა სისტემის მიმართ.
- რა არ მოსწონდა სისტემაში?
- აი, ეს მიდგომა - რომ უნდა იჯდე და აუცილებლად ისწავლო ის, რაც არ გაინტერესებს. რაც მოსწონდა, იმას ისედაც კითხულობდა და სწავლობდა: ინგლისური და რუსული ენები ძალიან კარგად იცოდა. ამბობდა ხოლმე: რატომ უნდა ვისწავლო, მაგალითად, ქიმია, რომელიც არ მომწონს და არასოდეს დამჭირდება... იდეაში მართალი იყო, მაგრამ მე, როგორც მშობელს, ყოველთვის მინდოდა კარგად ესწავლა, რადგან დიდ პოტენციალს ვხედავდი. ვთხოვდი ხოლმე: იარე სკოლაში, იმეცადინე, მომავალში გამოგადგება-თქო. არ ვიცი, გული უგრძნობდა თუ რა იყო, მაგრამ ბოლო ორი წელი სკოლაში იშვიათად ჩნდებოდა. მიდიოდა მხოლოდ მაშინ, როცა შემაჯამებელი წერები, ტესტები ან გამოცდები იყო - დაწერდა, კარგ ნიშნებს მიიღებდა და მოდიოდა.

- სამომავლოდ რა გეგმებს სახავდა, ვინ უნდოდა გამოსულიყო?
- ხატვა უყვარდა ძალიან და უნდოდა ამ კუთხით წასულიყო. მისი უფროსი და სამხატვრო აკადემიაში სწავლობდა, ლენო ხშირად დაჰყვებოდა ლექციებზე და იქაური ატმოსფერო ძალიან მოსწონდა. ამბობდა, მეც „სამხატვროში“ ჩავაბარებ, გრაფიკულ დიზაინზე ან დიზაინის მიმართულებითო. კლასიკური მხატვრობით წავიდოდა თუ არა, ვერ გეტყვით, მაგრამ აუცილებლად კრეატიულ სფეროში იქნებოდა... იმავე წლის ნოემბერში, მისი ნახატების გამოფენაც გავაკეთეთ. შევქმენი ბრენდი „Leno Art“, სადაც ლენოს ნახატები და პრინტები იყო გადატანილი მაისურებზე, ჩანთებზე, ჭიქებზე, პოსტერებსა და სტიკერებზე. ღრმა, არაბავშვური ნახატები ჰქონდა - რომ დააკვირდები, ხვდები, რომ შიგნით დიდი სათქმელი დევს. ყველა ნახატი გარკვეულ ემოციას იწვევს.
- ბოლოს რა მოხდა, როგორ მივიდა იმ საშინელ ნაბიჯამდე?
- იმ წლის აპრილში მისი მეგობრები ავარიაში დაიღუპნენ - ნიკა ადგილზე გარდაიცვალა და ბექა რამდენიმე კვირა კომაში იყო. მაისის დასაწყისში კომიდან ვერ გამოვიდა და გარდაიცვალა. ეს ტრაგედია ლენომ საშინლად განიცადა. იმ პერიოდში, მოზარდებში სუიციდის რაღაც ტალღაც იყო... მერე მწერდნენ კიდეც, რამე საშიშ თამაშს ხომ არ თამაშობდაო, ნამდვილად არაფერს თამაშობდა. მოკლედ, მეგობრების სიკვდილმა მასზე უმძიმესად იმოქმედა და ღრმა დეპრესიაში ჩავარდა. ყველა ვცდილობდით, რამენაირად სხვა რამეზე გადაგვერთო. ზუსტად აპრილის ბოლოს, აღდგომის არდადეგებზე, პირველად წავიყვანე საზღვარგარეთ, სტამბოლში - ვიფიქრე, გარემოს შეცვლა უშველის-თქო. მაგრამ იქაც მოწყენილი და ჩაკეტილი იყო. რომ ჩამოვედით, რამდენიმე დღეში ბექაც გარდაიცვალა...
სწორედ მაშინ დაუწყია იმ დღიურის წერა, რომელიც მერე, მისი წასვლის შემდეგ აღმოვაჩინეთ. დღიურს ერქვა - "40 დღე ჩემს წასვლამდე“ - ბექას გარდაცვალებიდან ჰქონდა ათვლილი, რომ 40 დღეში თავადაც უნდა წასულიყო... ჩანაწერებიდან ჩანდა, რომ მძიმე დეპრესიული ფონი ჰქონდა. თუმცა, რამდენიმე გამონათებაც იყო იმ დღეებში: ჩემს მეგობართან ერთად კინოში წავიდა „მარველის“ ფილმზე და უხაროდა; მერე ბათუმში ვიღაც ბიჭი გაიცნო, მოეწონა, ეპრანჭებოდა და დღიურში წერდა კიდეც - მგონი, გადავიფიქრებო... კი, ყველაფერს იქ წერდა.

მაისის ბოლოს ჩემი ძმისშვილის დაბადების დღეზე წავედით ბათუმში, იქ ცხოვრობენ. თბილისში 3 ივნისს, საღამოს დავბრუნდით. გვაჯი სადგურში დაგვხვდა. სახლში რომ მივედით, საღამოს მათ შორის სერიოზული კამათი მოხდა სკოლისა და მისი ცხოვრების წესის გამო. გვაჯი ეუბნებოდა: „ხვალ ადგები და წახვალ სკოლაში, გეყოფა ამდენი გაცდენა“. ლენოს ტელეფონი ხშირად გამორთული ჰქონდა ან დამჯდარი, სადღაც მიგდებული - ამაზე ვნერვიულობდით. სულ იყო ამაზე ლაპარაკი, რომ გარეთ ყოფნისას კონტაქტზე ყოფილიყო.მოკლედ, ამ თემით დაწყებული საუბარი სერიოზულ კამათში გადაიზარდა. საერთოდ არ ველოდი, თუ სიტუაცია ისე გამწვავდებოდა. გვაჯიმ ხელი გაარტყა... მერე სტუდიაში წავიდა, საქმე ჰქონდა. წასვლისას მითხრა, მიხედეო და გავიდა... ვფიქრობ, ამან უდიდესი გავლენა მოახდინა.
თინეიჯერები ისედაც ძალიან ფაქიზები და მგრძნობიარეები არიან, მით უმეტეს, როცა საქმე ფიზიკურ შეხებაზე მიდის. თუმცა, არც ლენო უთმობდა - ისიც უყვიროდა, არცერთი არ დაცხრა. შუაში კი ჩავუდექი, მაგრამ ვერ დავაწყნარე. გვაჯი რომ წავიდა, ლენოს დიდხანს ველაპარაკე. ვუთხარი: ხომ იცი მამაშენის ხასიათი, ცეცხლზე ნავთს ნუღარ ასხამ, ლაპარაკს რომ დაგიწყებს, გაჩუმდი, ათქმევინე... ლენო ტიროდა, ნაწყენი და გაბრაზებული იყო... მერე იჯდა თავის ოთახში, ტელეფონში რაღაცებს უყურებდა და იცინოდა. ჩავთვალე, რომ ეს ტალღა ცოტა გადააგორა, რადგან კამათი მანამდეც მოსვლიათ, თუმცა ასეთი სერიოზული - არა. იმედი მომეცა. ვუთხარი: „წამოდი, დღეს ჩემთან დაიძინე და დილით მე გაგაღვიძებ-თქო“. არა, ჩემს ოთახში დავწვები, მე თვითონ გავიღვიძებ, ავდგები და სკოლაში წავალო. ჩავეხუტე, რაღაცნაირად განსაკუთრებულად ვუთხარი - ძალიან მიყვარხარ, გულში წყენა არ ჩაიდო, ყველაფერი დალაგდება. ასე დავემშვიდობე. ნამგზავრები და ძალიან დაღლილები ვიყავით, გვიანი ღამე იყო და მეც დასაწოლად წავედი... მას შემდეგ ლენო ცოცხალი აღარ მინახავს...
- უმძიმესია ამ ამბის მოსმენა... ვერც წარმოიდგენდით, ალბათ მსგავს ამბავს. დღიურის გარდა, მანამდე თუ გქონდათ რაიმე ინფორმაცია? ფსიქოლოგი ხომ არ დასჭირვებია?
- რომ წერდა, არ ვიცოდით, თუმცა ლეპტოპში მოკლე-მოკლე ჩანართებს რომ აკეთებდა ყოველდღე, ეს ვიცოდით. ის ერთგვერდიანი პოსტები 10 წუთში იწერებოდა, სწრაფად, ასე რომ, ვერ გამოიჭერდი. რაც შეეხება პრობლემებს, მანამდე გვქონდა ამაზე საუბარი. ხელებს იწვალებდა... სკოლის მანდატურს შეუმჩნევია და ამის შესახებ გვითხრა. მერე ფსიქოლოგთან დავდიოდით. სუიციდზეც გვქონდა საუბარი...
მანამდე სხვა შემთხვევებიც მოხდა. საირმის სკოლაში ერთი გოგო გადახტა, თუ გახსოვთ. ლენო იმ გოგოს არ იცნობდა, მაგრამ საშინლად განიცადა. ფილარმონიასთან რომ ჩხუბი მოხდა და ბიჭები რომ დაჭრეს და მოკლეს, ის ამბავიც საშინლად განიცადა. ყველა ტრაგედიას საკუთარ თავზე და თავის წრესთან აიგივებდა. საოცრად ეცოდებოდა ისინი, პოსტებს უძღვნიდა, განცდებში იყო... სულ ველაპარაკებოდი, ვუხსნიდი: ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი ამბები ხდება, მაგრამ სამყაროში ბევრი ცუდი რამ ხდება და უნდა ისწავლო ნეგატიური ფიქრებისა და გავლენების ასხლეტა-თქო... რა თქმა უნდა, ყველამ განვიცადეთ იმ ახალგაზრდების გარდაცვალება, მაგრამ არა ისე, რომ ჩვენც ცუდზე დაგვეწყო ფიქრი...

ლენო სულ ამბობდა: ყველა ჩემი მეგობარი კვდება, რაღაცები ხდება და მეც აღარ მინდა სიცოცხლე... მიუხედავად ამისა, ასეთ დასასრულს არ ველოდი, მეგონა, უფრო ძლიერი აღმოჩნდებოდა, არ დანებდებოდა და საკუთარ თავს მოერეოდა... მაგრამ როცა ადამიანს, გადაწყვეტილი აქვს, ალბათ ძალიან რთულია, სხვამ გადააფიქრებინოს. შეიძლება მომენტში გადააფიქრებინო, რაღაც პერიოდით, მაგრამ საბოლოოდ მაინც იმას გააკეთებს, რაც განზრახული აქვს - აქ ალბათ ფსიქოლოგების აზრი უფრო საინტერესოა. მე იმედი მქონდა, რომ ახალი შთაბეჭდილებებით - მოგზაურობით, მეგობრებით, კარგი ფილმებით - მაქსიმალურად დავტვირთავდი პოზიტიური ემოციებით, რომ დაენახა, სამყაროში მარტო ცუდი არ ხდება და კარგიც არის-თქო.
- როგორც ჩანს, ნეგატივი ბევრად მძაფრად აისახებოდა მასზე... ასაკიც ისეთია, ყველა ერთნაირად ვერ უმკლავდება... ძალიან მძიმეა... დღეს, როგორც მითხარით, მის საფლავზე იყავით, ხომ?
- სულ დავდივარ. ფაქტობრივად, ყოველთვე. ადრე, რამდენიმე წლის განმავლობაში, ყოველ 4 რიცხვში (გარდაცვალების დღეს) აუცილებლად იქ ვიყავი, რაც არ უნდა მომხდარიყო. მერე, დროთა განმავლობაში, რაღაცნაირად აირია - ხან 4-ში ვერ მოვახერხე და 5-ში ავედი, ხან ორი კვირა დავაგვიანე, მაგრამ რეალურად, ყოველთვე ავდივარ...
- თქვენი გამოცდილებიდან, ამ წლების გადასახედიდან, როცა ამ უდიდეს ტკივილთან ერთად ცხოვრობთ, რა შეგიძლიათ უთხრა იმ ახალგაზრდებს, ვინც ახლა განსაცდელშია, ან მათ მშობლებს?
- რჩევის მიცემა ძალიან რთულია. ზოგი ბავშვი ისეთია, საერთოდ ვერ მიხვდები, პრობლემა თუ აქვს - იმდენად ჩაკეტილია და საკუთარ თავთან ბრძოლები აქვს, რომ მხოლოდ მან იცის.მოზარდებს ვურჩევდი: მაქსიმალურად გახსნილები იყვნენ მშობლებთან. თუ დედასთან ან მამასთან არა, იპოვონ ერთი უფროსი ადამიანი - ბებია, ბიძა, უფროსი დეიდაშვილი, ვისაც ენდობიან და ვისთანაც დალაპარაკებას შეძლებენ. მესმის, რომ მაგ ასაკში მშობლები ხშირად უკანა პლანზე გადადიან და მათ ავტორიტეტად აღარ მიიჩნევენ, მაგრამ მთავარია, იყოს ვინმე ზრდასრული, ვინც დაუჯდება, მოუსმენს, კი არ გაკიცხავს, ეჩხუბება ან შეარცხვენს, არამედ მეგობრულად დაიცავს და სწორ გზას უჩვენებს. ბევრი თინეიჯერი უარს ამბობს ფსიქოლოგიურ დახმარებაზე.
მინდა ვუთხრა, რომ აუცილებლად სცადონ სპეციალისტთან დალაპარაკება. ფსიქოლოგი ნეიტრალური ადამიანია - ის არ არის დედა ან მამა, რომელიც დაგსჯის ან გეტყვის, როგორ არ მიჯერებო. მისი მოვალეობაა, მოგისმინოს, კითხვებითა და საუბრით სწორი მიმართულება მოგცეს. ლენოც დადიოდა რამდენიმე ფსიქოლოგთან, ზოგი მოსწონდა, ზოგი - არა... თუ არ მოეწონებათ, გამოიცვალონ და სხვასთან სცადონ, მაგრამ არ დანებდნენ და არ მისცენ ნეგატივს უფლება, რომ ჩაყლაპოს. არავითარ შემთხვევაში არ დათმონ საკუთარი თავი და სიცოცხლე.წლები გავა და ამაზე, არ გაეცინებათ, მაგრამ იტყვიან, რომ რთული პერიოდი გამოიარეს, მაგრამ იამაყებენ იმით, რომ ეს გადალახეს. დარწმუნებული ვარ, არცერთი მათგანი არ ინანებს სიცოცხლის შენარჩუნებას.