ავტორი:

მკვლელობა პარტნიორის შვილის ხელით: ცნობილი მსახიობის გარდაცვალებაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი - რას ამბობს მომხდარის შემდეგ ჯეიმს ჰენდის მეგობარი ქალი

მკვლელობა პარტნიორის შვილის ხელით: ცნობილი მსახიობის გარდაცვალებაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი - რას ამბობს მომხდარის შემდეგ ჯეიმს ჰენდის მეგობარი ქალი

ჰოლივუდის ვეტერანი მსახიობი ჯეიმს ჰენდი 81 წლის ასაკში ტრაგიკულად გარდაიცვალა. სამართალდამცავების ინფორმაციით, მსახიობი საკუთარ სახლში მოკლეს, ხოლო მკვლელობაში მისი პარტნიორის, ვენდი გლედჰილის 44 წლის ვაჟი, მაიკლ გლედჰილია ბრალდებული.

ინციდენტი ლოს-ანჯელესის ტარზანას რაიონში, ოთხშაბათს დილით მოხდა. პოლიცია შემთხვევის ადგილზე 911-ში შესული საგანგებო ზარის შემდეგ მივიდა. სამართალდამცავების ცნობით, ადგილზე მისულ ოფიცრებს ჯეიმს ჰენდი ეზოში უგონო მდგომარეობაში დახვდათ. მას სხეულზე ცივი იარაღით მიყენებული მრავლობითი ჭრილობა აღენიშნებოდა.

მსახიობი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

გამოძიების ინფორმაციით, ეჭვმიტანილი მაიკლ გლედჰილი პოლიციას თავად ჩაბარდა. ამჟამად მას მკვლელობის ბრალდება აქვს წარდგენილი და 2 მილიონი დოლარის ოდენობის გირაო აქვს შეფარდებული.

ტრაგედიას გამოეხმაურა ჯეიმს ჰენდის პარტნიორი, 76 წლის ვენდი გლედჰილი, რომელმაც განაცხადა, რომ მომხდარის დაჯერება ჯერ კიდევ უჭირს.

„მე მიყვარდა ჯეიმსიც და ჩემი შვილიც. ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ, რაც მოხდა“, — აღნიშნა მან ემოციურ კომენტარში.

მეზობლების თქმით, მაიკლ გლედჰილი ბოლო პერიოდში არასტაბილური ქცევით გამოირჩეოდა. მკვლელობის მოტივი ამ დრომდე უცნობია.

ჯეიმს ჰენდი ჰოლივუდში ერთ-ერთ გამორჩეულ ხასიათის მსახიობად ითვლებოდა. თითქმის 50-წლიანი კარიერის განმავლობაში მან 150-მდე კინო და სატელევიზიო პროექტში ითამაშა.

მისი ბოლო მნიშვნელოვანი ნამუშევარი იყო ფილმი „Top Gun: Maverick“, სადაც ტომ კრუზთან ერთად გამოჩნდა. ჰენდი ასევე მონაწილეობდა ფილმებში „ლოგანი“ და „ჯუმანჯი“, ხოლო ტელემაყურებელს თავი დაამახსოვრა ისეთი პოპულარული სერიალებით, როგორებიცაა „The West Wing“, „Criminal Minds“, „CSI: NY“, „Castle“, „ER“ და „The X-Files“.

წყარო