ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის, ცხოვრებას მრავალი საიდუმლო ახლავს, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი თემა მისი დედის, კო იანგ-ჰუის, წარმომავლობა და ბიოგრაფიაა. მიუხედავად იმისა, რომ კიმი ქვეყანას უკვე 15 წელზე მეტია მართავს, დედის სახელი საჯაროდ თითქმის არასოდეს უხსენებია.
წინა თაობებისგან განსხვავებით, კიმ ჩენ ინის დედა არასოდეს გამხდარა ეროვნული კულტის ნაწილი.
ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ამის მთავარი მიზეზი მისი წარმომავლობაა. კო 1952 წელს იაპონიის ქალაქ ოსაკაში დაიბადა. მისი ოჯახი ე.წ. „ზაინიჩი კორეელების“ ჯგუფს მიეკუთვნებოდა — ესენი იყვნენ კორეელები, რომლებიც იაპონიაში ცხოვრობდნენ და მოგვიანებით ჩრდილოეთ კორეაში დაბრუნდნენ.
ჩრდილოეთ კორეაში ასეთი წარმომავლობა არასასურველად ითვლებოდა. ქვეყნის მკაცრი სოციალური კლასიფიკაციის სისტემის — „სონგბუნის“ — მიხედვით, ზაინიჩი კორეელები სრულად სანდო მოქალაქეებად არ მიიჩნეოდნენ. მათ ხშირად შეზღუდული შესაძლებლობები ჰქონდათ განათლებისა და კარიერული წინსვლის კუთხით.
კო იანგ-ჰუის სტატუსს კიდევ ერთი გარემოება ართულებდა. ის კიმ ჩენ ირის ოფიციალური მეუღლე არასოდეს ყოფილა. როდესაც მათი ურთიერთობა დაიწყო, ჩრდილოეთ კორეის მომავალი ლიდერი უკვე დაქორწინებული იყო.

ბიოგრაფების ცნობით, კო იანგ-ჰუიმ კიმ ჩენ ირის ყურადღება ახალგაზრდობაში, საცეკვაო ანსამბლში მუშაობის დროს მიიპყრო. მათი ურთიერთობა წლების განმავლობაში გრძელდებოდა და საბოლოოდ კო ქვეყნის ყველაზე გავლენიან ქალად იქცა, მიუხედავად იმისა, რომ მისი სტატუსი ოფიციალურად არასოდეს აღიარებულა.
კიმ ჩენ ინი ბავშვობის დიდ ნაწილს დედაქალაქ ფხენიანისგან მოშორებით, ქალაქ ვონსანში ატარებდა. ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ეს სწორედ მისი დედის წარმომავლობისა და ოჯახის ირგვლივ არსებული სენსიტიური გარემოებების გამო მოხდა.

კიმ ჩენ ირის გარდაცვალების შემდეგ ხელისუფლება საბოლოოდ კიმ ჩენ ინმა გადაიბარა. ექსპერტების აზრით, მის მემკვიდრედ ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვან როლს სწორედ კო იანგ-ჰუი თამაშობდა. არსებობს მოსაზრება, რომ ის აქტიურად მუშაობდა იმისთვის, რომ ხელისუფლება მომავალში მის შვილს გადასცემოდა.
კო იონ-ჰი 2004 წელს საფრანგეთში, მკერდის კიბოთი გარდაიცვალა.

მიუხედავად ამისა, კო იანგ-ჰუის სახელი დღემდე იშვიათად ჩნდება ჩრდილოეთ კორეის ოფიციალურ პროპაგანდაში. მკვლევრები ფიქრობენ, რომ რეჟიმი თავს არიდებს იმ ფაქტებზე საუბარს, რომლებიც კიმ ჩენ ინის წარმომავლობასთან დაკავშირებულ კითხვებს გააჩენს.

სწორედ ამიტომ, კიმ ჩენ ინის დედა დღესაც ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ ფიგურად რჩება ჩრდილოეთ კორეის თანამედროვე ისტორიაში. ექსპერტების შეფასებით, მისი ბიოგრაფიის სრულად აღიარება შესაძლოა იმ მითოლოგიურ სურათს დაუპირისპირდეს, რომელზეც კიმების დინასტიის ძალაუფლება ათწლეულების განმავლობაში იყო აგებული.