ავტორი:

საქართველოში ნარკოტიკებთან დაკავშირებით დაკავებული კანადელი ახალგაზრდის ოჯახი ამბობს, რომ ბიჭს სინამდვილეში ADHD-ის სამკურნალო მედიკამენტი ჰქონდა - რას წერს უცხოური მედია

საქართველოში ნარკოტიკებთან დაკავშირებით დაკავებული კანადელი ახალგაზრდის ოჯახი ამბობს, რომ ბიჭს სინამდვილეში ADHD-ის სამკურნალო მედიკამენტი ჰქონდა - რას წერს უცხოური მედია

22 წლის საიმონ როვენსკის, რომელიც საქართველოში მოგზაურობდა, ნარკოტიკების კონტრაბანდის ბრალდება წაუყენეს. ოჯახის განცხადებით, პრობლემა მედიკამენტების თანმხლები დოკუმენტაციის უქონლობამ შექმნა.

  • ვანკუვერელი ახალგაზრდა, რომელიც საქართველოს სტუმრობდა, შესაძლოა, თვეების განმავლობაში პატიმრობაში დარჩეს. ოჯახის განცხადებით, პრობლემა გამოიწვია იმან, რომ საიმონ როვენსკის ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის (ADHD) სამკურნალო მედიკამენტზე შესაბამისი რეცეპტი თან არ ჰქონდა.

საიმონის დის, ნიკა როვენსკის თქმით, 22 წლის ბიჭი საქართველოში მეგობართან ერთად ჩამოვიდა და თან ჰქონდა ექიმის მიერ დანიშნული "ადერალის“ ფლაკონი, რომელზეც ექიმის სახელი იყო მითითებული.

თუმცა, როგორც უცხოური მედია წერს, აეროპორტში შემოწმებისას, ადგილობრივმა ოფიცრებმა აფთიაქის ქვითარი რეცეპტის დამადასტურებელ დოკუმენტად არ მიიჩნიეს.

"ის და მისი მეგობარი შვიდი საათის განმავლობაში დაკითხვაზე ჰყავდათ, სანამ ერთმანეთს არ დააშორეს. ამის შემდეგ 48 საათის განმავლობაში მასთან კავშირი სრულად დავკარგეთ“, - განუცხადა ნიკამ CBC-ის გადაცემას Hanomansing Tonight.

"წარმოდგენა არ გვქონდა, რა მდგომარეობაში იყო ან სად იმყოფებოდა. ეს ჩვენი მთელი ოჯახისთვის უკიდურესად საშინელი გამოცდილება იყო“.

  • ნიკა ამბობს, რომ საიმონს ნარკოტიკების კონტრაბანდისა და ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულის ბრალდება წაუყენეს. ამჟამად ის გლდანის ციხეში იმყოფება.

მიუხედავად იმისა, რომ ოჯახმა საქართველოს ხელისუფლებას საიმონის რეცეპტი მოგვიანებით გაუგზავნა, ნიკა ამტკიცებს, რომ პროკურორებმა განაცხადეს, რომ იგი მაინც პატიმრობაში დარჩებოდა, ვინაიდან აეროპორტში შეჩერებისას მას შესაბამისი დოკუმენტი თან არ ჰქონდა.

საიმონ როვენსკის ოჯახი აცხადებს, დაკავებული ახალგაზრდა საკანში ხუთ სხვა პატიმართან ერთად იმყოფება.

  • "ადერალი“ შეიცავს ამფეტამინებს, რომლებიც ქართული კანონმდებლობით "ყველაზე მაღალი სამედიცინო და სოციალური რისკის მქონე ნარკოტიკულ საშუალებათა“ ნუსხაშია შეტანილი.

თუ საიმონს დამნაშავედ ცნობენ, მას 20 წლამდე პატიმრობა და დიდი ოდენობით ჯარიმა ემუქრება. ოჯახი ამბობს, რომ ის საპატიმროში უკვე თითქმის ორი თვეა იმყოფება.

"რეცეპტის არ ქონა, მისი შეცდომა იყო, მაგრამ ის, რაც შემდეგ მოხდა, უბრალოდ შეშლილობაა. მაგალითად, ის ფაქტი, რომ მას 12-დან 20 წლამდე პატიმრობა და ათიათასობით დოლარის ჯარიმა ემუქრება, სრული სიგიჟეა“, - თქვა ნიკამ.

კანადის გლობალურ საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა როვენსკის საქმეზე დასმულ კითხვაზე უპასუხა, რომ მათთვის საქართველოში კანადის მოქალაქის დაკავების ფაქტი ცნობილია.

"კონფიდენციალურობის მოსაზრებების გამო, მეტი ინფორმაციის გამჟღავნება შეუძლებელია“, - განაცხადა მან.

ნიკა ამტკიცებს, რომ საკონსულო პირებს მისი ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესამოწმებლად ორ კვირაზე მეტი დასჭირდათ, რა დროსაც ოჯახს უკვე აყვანილი ჰყავდა ადვოკატი.

ფონდების მოძიების მიზანია იმ თანხის უზრუნველყოფა, რომელიც სიმონის ოჯახს სასამართლოს მიერ დაკისრებული ჯარიმის გადახდის საშუალებას მისცემს, რის შემდეგაც, ადვოკატის თქმით, საიმონს კანადაში გაადეპორტებენ.

"ეს იყოს გაფრთხილება სხვა კანადელებისთვის, რომლებიც შეიძლება თავიანთი ADHD-ის მედიკამენტებით მოგზაურობდნენ - რომ შესაძლოა შეეჯახონ ამ, იცით, ძალიან მძიმე სასჯელებს და წლობით პატიმრობას. ეს არ არის ნორმალური“, - ამბობს ნიკა.