შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ დააკავა პირი, რომელმაც მოქალაქეს და პატრულ-ინსპექტორს დანის გამოყენებით ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, თბილისში, ჩუღურეთის რაიონში პატრულირებისას, შენიშნეს დანით შეიარაღებული მამაკაცი, რომელსაც იქვე მყოფი პირისთვის ჭრილობები ჰქონდა მიყენებული და ცივი იარაღით მის მიმართ დევნას განაგრძობდა.
პატრულ-ინსპექტორებმა მამაკაცს მოუწოდეს, აღნიშნული შეეწყვიტა, თუმცა იგი სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა, მათ მიმართაც აგრესიული გახდა და თავს დაესხა. ამ დროს მან ერთ-ერთ პატრულ-ინსპექტორს დანის გამოყენებით ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა.
დაჭრილი მამაკაცი და დაშავებული პატრულ-ინსპექტორი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ამოღებულია ნივთმტკიცებად.
მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 353-ე პრიმა მუხლებით, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.