კვირას საღამოს ირანმა ისრაელის ჩრდილოეთით რაკეტების რამდენიმე ტალღა გაუშვა. ისრაელის თავდაცვის არმიამ განაცხადა, რომ ყველა რაკეტა მოიგერია, თუმცა ვითარება საგრძნობლად დაიძაბა.
“საჰაერო თავდაცვის სისტემა ამჟამად აკავებს საფრთხეებს“, - ნათქვამია ცახალის განცხადებაში.
“ეს ოპერაცია არ არის ერთჯერადი მოვლენა, არამედ მთელი კვირის განმავლობაში უწყვეტი დარტყმების დასაწყისია. მომდევნო შვიდი დღის განმავლობაში მთელი დღე-ღამის განმავლობაში გაეშვება რაკეტებისა და დრონების ტალღები, სანამ მტერი არ იქნება შეკავებული და არ შეწყვეტს თავის დანაშაულებს.
ნებისმიერ დარტყმას ირანის ტერიტორიაზე ვუპასუხებთ დამანგრეველი და მძლავრი შეტევით, რომელიც ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბებს“, - ნათქვამია ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებაში.
ირანის ხელისუფლების განცხადებით, ისრაელმა “გადაკვეთა ყველა წითელი ხაზი“ ბეირუთზე დარტყმის მიყენებით.
კვირას ისრაელმა განაცხადა, რომ დაარტყა “ჰეზბოლას“ ლოკაციებს ლიბანის დედაქალაქის სამხრეთ გარეუბანში.
ამასობაში, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოცემა Axios-ს განუცხადა, რომ აპირებს სთხოვოს ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, არ მიაყენოს საპასუხო დარტყმები, რათა არ ჩაიშალოს შესაძლო შეთანხმება ირანთან.
მოგვიანებით მან Financial Times-თან სატელეფონო საუბარში თქვა, რომ ნეთანიაჰუს სხვა არჩევანი არ დარჩენია, გარდა იმისა, რომ დათანხმდეს ნებისმიერ შეთანხმებას, რომელსაც აშშ ირანთან გააფორმებს.
მისი აზრით, ბოლო ირანულ დარტყმებს “არანაირი გავლენა არ მოუხდენია შეთანხმებაზე“.
Fox News-ის ინფორმაციით, ტრამპმა ირანსაც მიმართა: “საკმარისია. დაბრუნდით მოლაპარაკებების მაგიდასთან“. გარდა ამისა, გამოცემის ცნობით, ამერიკის პრეზიდენტმა უკმაყოფილება გამოთქვა ბეირუთზე ისრაელის დარტყმების გამო.
მას შემდეგ რაც ისრაელმა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის სამხრეთ გარეუბნებზე, “ჰეზბოლას“ ადგილსამყოფლებზე დარტყმები განახორციელა, თეირანში პროსამთავრობო დემონსტრაციები გაიმართა.
ფოტოებს ადგილიდან BBC ავრცელებს. მათი ინფორმაციით, მომიტინგეების უმეტესობა ირანისა და ლიბანში, ირანის მიერ მხარდაჭერილი პოლიტიკური და სამხედრო დაჯგუფების, “ჰეზბოლას“ დროშებს ატარებს.