ფილიპინებში მომხდარ მძლავრ მიწისძვრას, ბოლო მონაცემებით, სულ მცირე 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მდებარე კუნძულ მინდანაოზე სტიქიამ მასშტაბური ნგრევა გამოიწვია, რასაც ცუნამის საშიშროება და ასობით აფტერშოკი მოჰყვა.
გთავაზობთ მომხდარის დეტალურ ქრონოლოგიას და უახლეს ცნობებს.

მძლავრი, 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ადგილობრივი დროით 07:37 საათზე (გრინვიჩით 23:37) დაფიქსირდა. სტიქიის ეპიცენტრი ქალაქ გენერალ-სანტოსის სანაპიროსთან, კუნძულ მინდანაოსთან მდებარეობდა. ფილიპინების ვულკანოლოგიისა და სეისმოლოგიის ინსტიტუტის (Phivolcs) ცნობით, მიწისძვრის კერის სიღრმე 10 კილომეტრს შეადგენდა.

პოლიციის მიერ დადასტურებული ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია სულ მცირე 15 ადამიანი, ხოლო 134 დაშავებულია. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია ერთი დაღუპულის შესახებ, თუმცა სამაშველო ოპერაციების კვალდაკვალ მსხვერპლის რიცხვი გაიზარდა.
სტიქიამ სერიოზული ზიანი მიაყენა ინფრასტრუქტურას. პოლიციის შეფასებით, დაზიანებულია მინიმუმ 37 შენობა, რომელთა უმეტესობაც კომერციული დანიშნულებისაა.
სოციალურ ქსელებში გავრცელდა შემზარავი კადრები, სადაც ჩანს, როგორ იქცა ნანგრევებად ფილიპინების პოპულარული სწრაფი კვების ქსელის, Jollibee-ს რესტორნები.
გენერალ-სანტოსის აეროპორტმა, უსაფრთხოების შემოწმების მიზნით, მუშაობა შეაჩერა.

მიწისძვრისთანავე ცუნამის საშიშროება გამოცხადდა ფილიპინებში, ინდონეზიასა და იაპონიაში. Phivolcs-ის მონაცემებით, მინდანაოს ექვს რაიონში დაფიქსირდა ცუნამის ტალღები, რომელთაგან ყველაზე მაღალმა 1.4 მეტრს მიაღწია.
მიუხედავად იმისა, რომ ინდონეზიამ და ავსტრალიამ ცუნამის გაფრთხილება უკვე გააუქმეს, ფილიპინებში საფრთხე კვლავ ძალაში რჩება. სპეციალისტები აცხადებენ, რომ ინსტრუმენტები კვლავ აფიქსირებენ ზღვის დონის ცვლილებას და ტალღებს.

მთავარი ბიძგის შემდეგ, რეგიონში უკვე დაფიქსირდა 138 განმეორებითი ბიძგი. მათი სიმძლავრე 1.3-დან 6.7 მაგნიტუდამდე მერყეობს.
სტიქია იმდენად მძლავრი იყო, რომ ბიძგები ეპიცენტრიდან 200 კილომეტრის დაშორებით, ქალაქ დავაოშიც კი იგრძნობოდა, სადაც მოსახლეობა პანიკურად ტოვებდა შენობებს.
ფილიპინების პრეზიდენტმა, ფერდინანდ მარკოს უმცროსმა, ყველა შესაბამის სახელმწიფო უწყებას დაუყოვნებლივი მოქმედებისკენ მოუწოდა. მან მოსახლეობას სიფრთხილისკენ და მაღლობებისკენ გადაადგილებისკენ მოუწოდა.
ფილიპინების წითელი ჯვარი მზადყოფნის უმაღლეს დონეზეა გადასული. მაშველები ამ წუთებშიც მუშაობენ იმ შენობებთან, სადაც, შესაძლოა, ადამიანები იყვნენ ჩარჩენილები.
იხილეთ ასევე: