ავტორი:

მეგობრობა თუ გავლენის ბერკეტი: რატომ გაემგზავრა სი ძინპინი ჩრდილოეთ კორეაში?

მეგობრობა თუ გავლენის ბერკეტი: რატომ გაემგზავრა სი ძინპინი ჩრდილოეთ კორეაში?

ჩინეთის ლიდერის, სი ძინპინისთვის, ჩრდილოეთ კორეა განსაკუთრებული მნიშვნელობის მეზობელია. ეს არის ქვეყანა, რომლის დაკარგვაც პეკინს არ სურს, თუმცა მისი სრულად კონტროლიც არ შეუძლია. მიუხედავად იმისა, რომ ორივე მხარე საკუთარ ურთიერთობას ხშირად “სისხლში გამოჭედილად“ მოიხსენიებს, რაც კორეის ომის დროინდელ ერთობლივ ბრძოლას უკავშირდება, ბოლო წლებში მათ შორის ურთიერთობები მნიშვნელოვნად გაცივდა.

ახლა ჩინეთი ცდილობს ფხენიანზე დაკარგული გავლენის აღდგენას. ამის მთავარი მიზეზი ჩრდილოეთ კორეისა და რუსეთის მზარდი დაახლოებაა, რომელიც პეკინში მზარდ შეშფოთებას იწვევს.

ბოლო წლებში ჩრდილოეთ კორეამ მნიშვნელოვნად გააღრმავა თანამშრომლობა რუსეთთან. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ფხენიანმა მოსკოვთან სამხედრო კავშირები გააძლიერა, რასაც 2024 წელს ორმხრივი თავდაცვის შეთანხმების გაფორმებაც მოჰყვა. დასავლელი ანალიტიკოსების შეფასებით, ეს პარტნიორობა ჩინეთისთვის არასასიამოვნო სიგნალია.

  • ჩინეთისთვის ჩრდილოეთ კორეა სტრატეგიული დამცავი ზონაა. მისი არსებობა ამერიკული სამხედრო ძალების ჩინეთის საზღვრებთან კიდევ უფრო მოახლოებას აფერხებს. თუმცა, ამავე დროს, ფხენიანის ბირთვული პროგრამა და სარაკეტო გამოცდები რეგიონში დაძაბულობას ზრდის, რაც ჩინეთის ინტერესებსაც აზიანებს.

პეკინი რთულ მდგომარეობაშია. ერთი მხრივ, არ მოსწონს ჩრდილოეთ კორეის ბირთვული ამბიციები, რადგან ეს აშშ-ს, იაპონიასა და სამხრეთ კორეას უფრო მჭიდრო სამხედრო თანამშრომლობისკენ უბიძგებს - მეორე მხრივ, ვერ ახდენს ძლიერ ზეწოლას ფხენიანზე, რადგან ამან შესაძლოა კიმ ჩენ ინი კიდევ უფრო მეტად დააახლოოს ვლადიმერ პუტინთან.

სწორედ ამიტომ ჩინეთმა ბოლო პერიოდში ურთიერთობების დათბობა დაიწყო. სი ძინპინმა კიმ ჩენ ინი პეკინში ოფიციალურ ღონისძიებებზე მიიწვია, მხარეებმა კი უფრო მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობაზე ისაუბრეს. აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრების დროს ჩინეთს საჯაროდ არ გაუკრიტიკებია ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამა, რაც პეკინის ფრთხილ პოლიტიკაზე მიუთითებს.

მიუხედავად ამისა, ურთიერთობებში უნდობლობა კვლავ არსებობს. კიმ ჩენ ინის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ჩრდილოეთ კორეამ ბირთვული და სარაკეტო პროგრამები უპრეცედენტო ტემპით განავითარა, რამაც ჩინეთის უკმაყოფილება გამოიწვია. გარკვეულ ეტაპზე ურთიერთობები იმდენად დაიძაბა, რომ სი ძინპინი ჯერ სამხრეთ კორეას ეწვია და მხოლოდ ამის შემდეგ შეხვდა კიმს, რაც ფხენიანში შეურაცხყოფად აღიქვეს.

თუმცა, დღეს ორივე მხარეს ერთმანეთი სჭირდება. ჩრდილოეთ კორეა კვლავ ძლიერად არის დამოკიდებული ჩინურ ეკონომიკურ დახმარებასა და ვაჭრობაზე, ხოლო ჩინეთს სურს, რომ მის საზღვრებთან სტაბილურობა შენარჩუნდეს და ფხენიანი სრულად არ აღმოჩნდეს რუსეთის გავლენის ქვეშ.

შედეგად, ჩინეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის ურთიერთობა დღეს საერთო ინტერესებზე არის დაფუძნებული. არც პეკინი ენდობა სრულად ფხენიანს და არც ფხენიანი — პეკინს. თუმცა ორივე მხარე აცნობიერებს, რომ არსებული გეოპოლიტიკური ვითარების პირობებში ერთმანეთის გარეშე მოქმედება გაცილებით რთული იქნება.

წყარო