ამერიკის შეერთებულ შტატებში, კალიფორნიის შტატის ქალაქ იუბა-სიტიში, “მაკდონალდსის“ 20 წლის თანამშრომელი ჯეიკობ სმიტი მძიმე დამწვრობებით საავადმყოფოში იმყოფება. მას კოლეგამ სამსახურში ცხელი ზეთი შეასხა, რის შედეგადაც სახეზე, კისერზე, ხელებსა და ზურგზე მეორე ხარისხის დამწვრობა მიიღო.
ინციდენტი 30 მაისს მოხდა. ოჯახის ინფორმაციით, ჯეიკობი ოფისში იმყოფებოდა და დღის შემოსავალს ითვლიდა, როდესაც მოულოდნელად ზეთი შეასხეს.
“მან მხოლოდ მოძრაობა შენიშნა, შებრუნდა და იმავე წამს ცხელი ზეთი მოხვდა“, - განაცხადა დაზარალებულის დედამ, ემბერ სმიტმა.

დედის თქმით, ახალგაზრდა მამაკაცს წარმოდგენაც არ აქვს, რა შეიძლებოდა გამხდარიყო თავდასხმის მიზეზი. სამართალდამცავებსაც ამ დრომდე არ დაუსახელებიათ სავარაუდო მოტივი.
“როგორც დედას, გული დამწყდა, როდესაც მკითხა: “რატომ გამიკეთა ეს?“ — ამბობს ემბერ სმიტი.
ჯეიკობ სმიტი, რომელიც მალე დაქორწინებას გეგმავდა, უკვე ერთ კვირაზე მეტია ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობს. ოჯახის ინფორმაციით, მისი მდგომარეობა კვლავ მძიმეა და ძლიერი ტკივილების გამო სპეციალურ სამედიცინო მეთვალყურეობას საჭიროებს.

“ტკივილი იმდენად ძლიერია, რომ ინტენსიური თერაპიის განყოფილების გარეთ შესაბამისი ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების მიღებაც კი ვერ ხერხდება,“ — აცხადებს მისი დედა.
ექიმები ცდილობენ დაზიანებული კანის ფართობის შემცირებას, რათა კანის გადანერგვის აუცილებლობა მინიმუმამდე დაიყვანონ.
თავდასხმაში ეჭვმიტანილი 23 წლის ჯალანი ბლუეტია, რომელიც შემთხვევის შემდეგ ადგილიდან გაიქცა. თავდაპირველად იგი დაკარგულად ითვლებოდა, თუმცა მოგვიანებით სამართალდამცავებმა დააკავეს.

გამოძიება გრძელდება და პოლიცია თავდასხმის მოტივის დადგენას ცდილობს.
“მინდა, სამართლიანობა აღსრულდეს. მინდა, პასუხი აგოს იმისთვის, რაც ჩემს შვილს გაუკეთა,“ — ამბობს ემბერ სმიტი.
მისივე თქმით, შურისძიება არ სურს, თუმცა იმედოვნებს, რომ ბრალდებული სრულად გააცნობიერებს იმ ტკივილსა და ზიანს, რომელიც მის შვილს მიაყენა.