ავტორი:

“ან თაღლითი ხართ, ან სულელი!“ - სკანდალი ეთერში: ტრამპმა NBC-ის ჟურნალისტი "ლაივში" გალანძღა და გადასაღები მოედანი პროტესტის ნიშნად დატოვა (ვიდეო)

“ან თაღლითი ხართ, ან სულელი!“ - სკანდალი ეთერში: ტრამპმა NBC-ის ჟურნალისტი "ლაივში" გალანძღა და გადასაღები მოედანი პროტესტის ნიშნად დატოვა (ვიდეო)

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა NBC-ისთან ინტერვიუ მოულოდნელად შეწყვიტა და გადასაღები მოედანი დატოვა მას შემდეგ, რაც გადაცემის წამყვანმა, კრისტენ უელკერმა არჩევნების გაყალბების შესახებ, მის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით დაუსვა შეკითხვები.

  • პრეზიდენტმა ჟურნალისტს “თაღლითი“ და “სულელი“ უწოდა.

ინტერვიუ, რომელიც გადაცემა “Meet The Press“-ის ეთერში კვირას გავიდა, ვისკონსინის შტატში, ფერმერებთან შეხვედრისას, ერთ-ერთ ფერმაში ჩაიწერა. საუბარი თავიდანვე დაძაბულად დაიწყო, რადგან ტრამპმა კვლავ გაიმეორა დაუსაბუთებელი ბრალდება, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები და კალიფორნიის ამჟამინდელი პრაიმერიზი “გაყალბებულია“.

როდესაც უელკერმა მტკიცებულებები მოითხოვა, ტრამპმა უპასუხა: “საკმარისია მხოლოდ შევხედო და მოვუსმინო“.

ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ ეს მტკიცებულება არ არის, პრეზიდენტი აფეთქდა:

  • “ისინი თაღლითები არიან, ზუსტად ისევე, როგორც თქვენ ხართ თაღლითი... თქვენ ან თაღლითი ხართ, ან სულელი. მოდით, დავასრულოთ, რადგან უკვე ყელში ამოვიდა“, - მიმართა ტრამპმა და 50-წუთიანი საუბრის შემდეგ მოედანი დატოვა.

ირანის კონფლიქტი და “ანტი-ვებონიზაციის“ ფონდი

სკანდალურ დასასრულამდე, პრეზიდენტმა ირანთან კონფლიქტზეც ისაუბრა. მისი თქმით, აშშ-მა უნდა იმოქმედოს, რათა ირანს ბირთვული იარაღი არ ჰქონდეს, თუმცა დასძინა, რომ ეს არ იქნება “უსასრულო ომი“.

“ჩვენ იქ სულ რამდენიმე თვე ვიქნებით და საფრთხე მეტწილად გაქრება“, - განაცხადა მან.

ასევე, საუბარი შეეხო 1.8 მილიარდი დოლარის ღირებულების ფონდს, რომელიც იმ პირთა კომპენსაციისთვის იყო გათვალისწინებული, ვინც თვლიდა, რომ მთავრობამ ისინი უსამართლოდ ამოიღო მიზანში. აღნიშნულმა გეგმამ მკაცრი კრიტიკა გამოიწვია, რადგან ოპონენტების თქმით, ეს შესაძლოა 6 იანვრის კაპიტოლიუმის დარბევაში ბრალდებულების დაფინანსებას ნიშნავდა.

მიუხედავად ხმაურიანი წასვლისა, კრისტენ უელკერმა განაცხადა, რომ შაბათს ტრამპს ესაუბრა და პრეზიდენტი დათანხმდა NBC-ს კიდევ ერთ ინტერვიუზე.

თეთრ სახლს მომხდარზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

წყარო