ავტორი:

"ტიკ-ტოკის" ტრენდმა 9 წლის გოგონა იმსხვერპლა, ათობით მოზარდი კი კლინიკაში გაგზავნა - "ჟანგბადის შეზღუდვა" და "სახალისო აბები": რა უნდა ვიცოდეთ ციფრულ ხაფანგზე

"ტიკ-ტოკის" ტრენდმა 9 წლის გოგონა იმსხვერპლა, ათობით მოზარდი კი კლინიკაში გაგზავნა - "ჟანგბადის შეზღუდვა" და "სახალისო აბები": რა უნდა ვიცოდეთ ციფრულ ხაფანგზე

"ეს არ არის თამაში, ეს სიცოცხლისა და სიკვდილის საკითხია!“ – ამ სიტყვებით მიმართავს მთელ მსოფლიოს კერტის ბლექველი, მამა, რომელმაც ერთ ჩვეულებრივ დღეს, ეზოში სათამაშოდ გასული 9 წლის ქალიშვილი გარდაცვლილი იპოვა.

ჯეკლინ ქეი ბლექველის ტრაგედია სოციალური ქსელების ალგორითმების მიერ დაგეგმილი უხილავი მკვლელობის მხოლოდ ერთი ეპიზოდია. სანამ ჩვენ მშვიდად ვართ, რომ ჩვენი შვილები ეკრანთან „მხოლოდ მულტფილმებს უყურებენ“, ინტერნეტი მათთვის სასიკვდილო ხაფანგებს ამზადებს.

"ეიფორია" სიკვდილის ზღვარზე

9 წლის ჯეკლინი ისეთივე იყო, როგორც ათასობით სხვა ბავშვი: უყვარდა ხატვა, ველოსიპედით სეირნობა და თავსატეხების აწყობა. ერთ დღესაც, ეზოში უჩვეულო სიჩუმემ დაისადგურა. როცა მამამ შვილი იპოვა, ყველაფერი უკვე გვიანი იყო. მიზეზი? ე.წ. Blackout Challenge – "ტრენდი", რომელიც ბავშვებს ჟანგბადის შეზღუდვით „ეიფორიული გამოცდილების“ მიღებას ჰპირდება. რეალობაში კი, ეს არის სწრაფი გზა ტვინის შეუქცევადი დაზიანებისა და სიკვდილისკენ.

ჯეკლინმა ეს ვიდეო ტიკ-ტოკზე შემთხვევით ნახა. მიუხედავად იმისა, რომ ბებიამ მკაცრად გააფრთხილა, ბავშვური ცნობისმოყვარეობა უფრო ძლიერი აღმოჩნდა. დღეს კერტის ბლექველი საჯაროდ აცხადებს: „ზედმეტად ბევრი ბავშვი დაიღუპა იმისთვის, რომ კომპანიები არ დავაკისროთ პასუხისმგებლობა“.

როცა ჩვეულებრივი წამალი ნარკოტიკად იქცევა

9 წლის გოგონას შემთხვევა მარტში მოხდა, მაგრამ ამას ცხადია ტრენდი არ შეუჩერებია და ბოლო ინფორმაციით ამ ტრენდით 30-მდე ბავშვია გარდაცვლილი. ახალი „ჩელენჯი“ კი მაისში გავრცელდა. სან დიეგოში მაისის ბოლო კვირას Rady Children’s Hospital-ის კლინიკაში სულ მცირე ხუთი მოზარდი აღმოჩნდა. მიზეზი? კიდევ ერთი ვირუსული ტრენდი – „Benadryl Challenge“.

სოციალური ქსელები მოზარდებს „ასწავლიან“, რომ 12 ტაბლეტი ერთ-ერთი დასახლებების წამლის მიღება მათ „კარგ ხასიათზე“ დააყენებთ და ჰალუცინაციებს გამოიწვევს. ექიმი შაჰფარ ხანი, პედიატრი, რომელიც ამ ბავშვებს მკურნალობდა, განგაშს ტეხს:

"როდესაც ამ მედიკამენტს ასეთი რაოდენობით იღებენ, შედეგი კატასტროფულია: გულისცემის აჩქარება, რომელიც კარდიულ გაჩერებამდე მიდის, კრუნჩხვები და ჰალუცინაციები. ეს არ არის ექსპერიმენტი, ეს პირდაპირი საფრთხეა სიცოცხლისთვის“.

რატომ ვერ ვიცავთ შვილებს?

ბევრი მშობელი შეცდომით ფიქრობს, რომ თუ შვილი "უსაფრთხო“ კონტენტს უყურებს, ის დაცულია. რეალობა კი უფრო მწარეა:

  • საკმარისია ბავშვმა ერთი მსგავსი ვიდეო ბოლომდე ნახოს, რომ პლატფორმის ალგორითმი მას „მსგავსი შინაარსის“ სასიკვდილო ვიდეოების მთელ სერიას „შესთავაზებს“.
  • 9-12 წლის ბავშვებს არ გააჩნიათ განვითარებული საფრთხის შეგრძნება. მათ ჰგონიათ, რომ თუ ცუდად გახდებიან, უბრალოდ გაჩერდებიან, მაგრამ გონების დაკარგვა წამიერად ხდება და დახმარების საშუალება არ რჩებათ.
  • როგორც კი პლატფორმები კონკრეტულ ჰეშთეგს ბლოკავენ, ტრენდის შემქმნელები მაშინვე ცვლიან სახელს და ვიდეოებს ახალი, „უსაფრთხო“ შენიღბვით ავრცელებენ.

რა უნდა გააკეთოს მშობელმა ახლა?

ტექნოლოგიური ფილტრები 100%-იან გარანტიას არ იძლევა. ექსპერტები გვირჩევენ:

1. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ „გამოწვევა“ არის ფიზიოლოგიური ძალადობა საკუთარ ორგანიზმზე.

2. გაერკვიეთ, როგორ მუშაობს პლატფორმის ალგორითმი.

3. თუ თქვენი შვილი იზოლირებული ხდება, ან უცნაური, დახურული თემებით ინტერესდება – ეს უკვე განგაშის სიგნალია.

ჯეკლინის ოჯახისთვის ეს ტრაგედია არის გაკვეთილი მთელი მსოფლიოსთვის. სანამ ტექნოლოგიური გიგანტები მოგებაზე ზრუნავენ, მშობლებისთვის ერთადერთი იარაღი სიფხიზლე და შვილებთან ღია, გულწრფელი საუბარი რჩება.

გახსოვდეთ: თქვენი შვილის მობილური შესაძლოა მისსავე ჯიბეში ჩადებული საშიში იარაღი იყოს. შეამოწმეთ ის დღესვე!