“მოგვიწოდებენ ისეთი ნაბიჯებისკენ, რომელსაც საქართველოსთან მიმართებაში ნორმალური, კეთილისმყოფელი პოლიტიკოსი არ უნდა ლაპარაკობდეს - ამ ყველაფრის უკან იმალება არა სამართლიანობა, არამედ პოლიტიკური მოტივაციით გაჟღენთილი ზეწოლა საქართველოზე,“ - ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებაზე საუბრისას განაცხადა.
“დღესაც საქართველო ყველა პირობას ასრულებს, რაც დაკავშირებული იყო სწორედ ვიზალიბერალიზაციის მართვის პროცესთან დაკავშირებით. თუ რაიმე შენიშვნა იყო, ყოველთვის ოპერატიულად ვეხმაურებოდით და შესაბამისი სახელმწიფო ინსტიტუტები შესაბამის გადაწყვეტილებას იღებდნენ. მაგრამ, 2025 წელს დაემატა ერთგვარი პოლიტიკური საკითხები, კერძოდ, რომელიც მოითხოვს რომ ჩვენ გვქონდეს მაქსიმალური თანხვედრა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან. ანუ ოკუპირებულ ქვეყანას, რომელსაც არც ნატოს ქოლვა გვაქვს და არც ეკონომიკური ბალიში ევროკავშირის სახით, გვეუბნებიან, რომ შეუერთდით რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. ეს გამოიწვევს არამარტო ეკონომიკურ კოლაფსს, ან ეკონომიკური პრობლემების გამწვავებას, არამედ მთელი რიგი პოლიტიკური ხასიათის პრობლემებს.
ვინ იღებს პასუხისმგებლობას იმაზე, რომ რუსეთთან ჩვენ დავაწესოთ პირდაპირი სანქციები?! მე ახლა ვარ დელეგატი, დეპუტატი, რომელიც წარმოვადგენ საქართველოს ერთ-ერთ რეგიონს, სადაც ეკონომიკის ძალიან დიდი ნაწილი დამოკიდებულია მათ შორის, ღვინის, ხილის და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტზე რუსეთში. ვინ იღებს პასუხისმგებლობას იმაზე, რუსეთთან ჩვენ თუ დავაწესებთ სანქციებს, საქართველოდან მიმავალი უამრავი პროდუქცია, რომელიც გადის რუსულ ბაზარზე, იმის ბედი როგორი იქნება?! მოგეხსენებათ, ახლაც გადის ევროკავშირში საქართველოდან პროდუქცია, მაგრამ ევროკავშირის ბაზარი არ არის სრულად საქართველოს პროდუქციის ამთვისებელი, მით უმეტეს, ისეთი პროდუქტებისა, რომლის სიჭარბეც თვითონ ევროკავშირს გააჩნია. ამიტომ დივერსიფიცირება ბაზრებისა არის საქართველოს ეკონომიკის დღევანდელი წარმატების აუცილებელი წინაპირობა. ვინ იღებს პასუხისმგებლობას იმ პოლიტიკურ გართულებებზე, რომელიც შეიძლება რუსეთის ფედერაციასთან ასეთ დაპირისპირებას მოჰყვეს?! არავინ. მიზანია, დაპირისპირება მოხდეს და ამ დაპირისპირების მსხვერპლი საქართველო იყოს. რატომღაც ეს მიზანი არის, ამიტომაც მოგვიწოდებენ სწორედ ისეთ ნაბიჯებზე, რომელსაც საქართველოსთან მიმართებაში ნორმალური, კეთილისმყოფელი პოლიტიკოსი არ უნდა ლაპარაკობდეს.
რატომ არის ყველაზე დიდი პრობლემა მათთვის, რომ საქართველოს ჰქონდეს ჩინეთთან უვიზო მიმოსვლა?! ან ეკონომიკური ურთიერთობები?! რატომ თუ თვითონ აქვთ?! რატომ არის საბოლოო ჯამში პრობლემა ის, რომ გამჭვირვალობის, დემოკრატიის, ღიაობის მღაღადებელ ევროპას ჰქონდეს ანალოგიური დამოკიდებულება საქართველოსთან?! ამიტომ ვამბობთ, რომ ამ ყველაფრის უკან იმალება არა სამართლიანობა, არამედ პოლიტიკური მოტივაციით გაჟღენთილი საქართველოზე ზეწოლა,” - განაცხადა ქადაგიშვილმა.