“2026 წლის მარტში კომისიამ თავდაპირველი 12 თვის ვადით შეუჩერა უვიზო მიმოსვლა დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელ საქართველოს მოქალაქეებს - როდესაც უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება ჩერდება, კომისია შესაბამის მესამე ქვეყანასთან იწყებს პროცესს, რომელსაც გაძლიერებულ დიალოგს ვუწოდებთ, “- ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა მარკუს ლამერტმა განაცხადა, როდესაც უპასუხა „ევროსკოპის“ შეკითხვას საქართველოს მხარესთან უვიზო მიმოსვლის საკითხზე 11 ივნისს დაგეგმილ შეხვედრასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, კომისია მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებები ძირს უთხრის იმ პრინციპებს, რომლებსაც ვიზალიბერალიზაცია ეფუძნება.
„შეხსენებისთვის, კომისია მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებები ძირს უთხრის იმ პრინციპებს, რომლებსაც ვიზალიბერალიზაცია ეფუძნება, მათ შორის ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული პრინციპების პატივისცემა. ეს ქმედებები შეუსაბამოა კავშირის ნორმებსა და ღირებულებებთან და აფერხებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ეკონომიკური, ჰუმანიტარული, კულტურული, სამეცნიერო და სხვა კავშირების სტაბილურ განვითარებას“, - აღნიშნა მარკუს ლამერტმა.
კითხვაზე, რას უნდა ველოდოთ შეხვედრის შემდეგ, იქნება შეფასება, ღია შეფასება, იქნება კითხვების დასმის საშუალება, ბრიფინგი თუ რაიმე სხვა ფორმატი შეხვედრის შემდეგ ინფორმაციის მისაღებად, პრესსპიკერმა უპასუხა: „არა. ეს არის ტექნიკური შეხვედრა, რომელიც იმართება შეჩერების პროცესისა და კონტექსტის ფარგლებში. იქნებ შეხვედრის შემდეგ მკითხოთ, თუ შევძლებ ინფორმაცია მოგაწოდოთ“.