ჩინელმა ქალმა, რომელმაც წარუმატებელი ქირურგიული ჩარევის შედეგად თვალების სრულად დახუჭვის უნარი დაკარგა, ქირურგთან სასამართლო დავა წააგო.
ქალის, გვარად ვანის დრამატული ისტორია უკვე ექვს წელზე მეტია გრძელდება და ჩინეთში ფართო რეზონანსი გამოიწვია.
2020 წლის ივნისში მან სუჯოუს პროვინცია ძიანგსუს პლასტიკური ქირურგიის კლინიკა "მეისის“ მიმართა, რათა პოპულარული კოსმეტიკური პროცედურა - ქუთუთოების ორმაგი ნაკეცის ფორმირება, იგივე აზიური ბლეფაროპლასტიკა გაეკეთებინა.
ქალმა პროცედურისთვის 12 ათასი იუანი (დაახლოებით 1800 დოლარი) გადაიხადა. ოპერაცია ჩაატარა ქირურგმა, გვარად მენმა, რომელიც საკუთარი თავი კლინიკის მარკეტინგის დირექტორადაც წარუდგენდა.
სინამდვილეში, მდგომარეობა მხოლოდ მძიმდებოდა. ტკივილი არ წყდებოდა, ქუთუთოებმა გარეთა მხარეს გადმობრუნება დაიწყო, თვალებიდან კი გამუდმებით სითხე მოსდიოდა, რომელიც სახეზე ჩამოსდიოდა. მოგვიანებით მენმა მის ზარებს პასუხი აღარ გასცა და ქალი იძულებული გახდა, სხვა სამედიცინო დაწესებულებისთვის მიემართა.
მოგვიანებით ქალმა მაკორექტირებელი ჩარევა გაიკეთა, თუმცა შედეგების სრულად აღმოფხვრა ვერ მოხერხდა. ქუთუთოების დაზიანების გამო მან ძილის დროსაც კი თვალების ბოლომდე დახუჭვის უნარი დაკარგა.
"ოპერაციამ სერიოზული შედეგები დამიტოვა. ისეთი შერცხვენილი ვიყავი, რომ სამსახურში წასვლის ან ვინმესთან შეხვედრის მეშინოდა. ამის შემდეგ დეპრესიითა და უძილობით ვიტანჯებოდი“, - იხსენებს ქალი.
მოგვიანებით ვანმა სასამართლოში იჩივლა. გამოძიების პროცესში გაირკვა, რომ მენს სამედიცინო პრაქტიკის განხორციელების ლიცენზია არ ჰქონდა, ხოლო კლინიკა, სადაც ოპერაცია ჩატარდა, საჭირო ნებართვების გარეშე მუშაობდა.

საბოლოოდ, მხარეები შეთანხმდნენ. პირობების თანახმად, მენმა ვანს 850 ათასი იუანი (დაახლოებით 125 650 დოლარი) კომპენსაცია უნდა გადაუხადოს. ამავდროულად, ქალი დათანხმდა, წაეშალა სოციალურ ქსელებში მომხდარის შესახებ ყველა პოსტი, არ მიემართა მედიისთვის და აღარ აღეძრა ახალი საქმეები ამ თემასთან დაკავშირებით.
ხელშეკრულებაში გაწერილი იყო ჯარიმაც: თუ ვანი პირობებს დაარღვევდა, მენისთვის 400 ათასი იუანი (დაახლოებით 59 ათასი დოლარი) უნდა გადაეხადა.
სწორედ ეს გახდა ახალი სასამართლო გარჩევის მიზეზი. ვინაიდან ვანმა თავისი ისტორიის შესახებ საჯაროდ ისაუბრა, სასამართლომ ეს მორიგების პირობების დარღვევად მიიჩნია.
ამ წლის დასაწყისში სასამართლომ ქირურგის მხარე დაიჭირა და ქალს დააკისრა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმის, 400 ათასი იუანის გადახდა. უმაღლესი ინსტანციის პროკურატურის მეშვეობით გადაწყვეტილების გადახედვის მცდელობამ შედეგი არ გამოიღო. 23 მაისს მისი საჩივარი საბოლოოდ იქნა უარყოფილი.
ახლა ქალი ვალდებულია, კომპენსაცია გადაუხადოს ადამიანს, რომელიც თავად იყო ბრალდებული უკანონო ოპერაციის ჩატარებასა და ჯანმრთელობის დაზიანებაში.
"საკუთარი უფლებების დაცვა ძალიან რთულია. ეს ისტორია ყველასთვის გაკვეთილი იყოს. კარგად დაფიქრდით, სანამ პლასტიკურ ოპერაციას გაიკეთებთ, რადგან ამან შეიძლება სიცოცხლის ბოლომდე ინანოთ“, - წერს ვანი სოციალურ ქსელში.