ავტორი:

“დასავლეთ სანაპიროზე“ ისრაელელი ჯარისკაცების მიერ გახსნილ ცეცხლს 7 თვის ჩვილი ემსხვერპლა

“დასავლეთ სანაპიროზე“ ისრაელელი ჯარისკაცების მიერ გახსნილ ცეცხლს 7 თვის ჩვილი ემსხვერპლა

გასულ პარასკევს ისრაელელმა ჯარისკაცებმა “დასავლეთ სანაპიროზე“ , ებრონის ტელ რუმეიდას რაიონში, ცეცხლი გაუხსნეს ავტომობილს, რომელშიც ჩვილი, მისი მშობლები და 11 წლის ძმა იმყოფებოდნენ.

შვიდი თვის სემ ფაჰდ აბუ ჰაიკალმა კრიტიკული დაზიანებები მიიღო. იგი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მოგვიანებით გარდაიცვალა. ბავშვს შვიდი თვე ზუსტად იმ პარასკევს შეუსრულდა, როდესაც ის მოკლეს.

ისრაელის სამხედრო უწყების განცხადებით, ჯარისკაცებმა ცეცხლი გაუხსნეს ტრანსპორტს, რომელიც, მათი აზრით, მათკენ გადაადგილდებოდა, თუმცა პირველადმა მოკვლევამ აჩვენა, რომ დაზარალებულები უდანაშაულო სამოქალაქო პირები იყვნენ. სამხედროებმა ოჯახის ავტომობილს კი ცეცხლი მას შემდეგ გაუხსნეს, რაც მანქანა გაჩერების ბრძანებას დაემორჩილა.

ისრაელის გაზეთ “Haaretz“ -თან ინტერვიუში მამამ, ბეთლემის უნივერსიტეტის ლექტორმა ფაჰდ აბუ ჰაიკალმა განაცხადა, რომ “ტყვიამ მის ხელში გაიარა და შვილს, სემს მოხვდა, რომელიც უკანა სავარძელზე მჯდარ დედას ეჭირა“.

“ჯერ კიდევ დღის სინათლე იყო, მინები დაბურული არ ყოფილ და ჯარისკაცს, რომელმაც ცეცხლი გახსნა, ნათლად შეეძლო დაენახა, რომ მანქანაში ოჯახი იმყოფებოდა. სამხედროებმა გაჩერების ნიშანი მომცეს. იქ არ იყო მკაფიო საკონტროლო გამშვები პუნქტი, უბრალოდ ქუჩაში მდგარი ჯარისკაცები იყვნენ. მანქანა სრულად გავაჩერე და ხელები საჭეზე ავწიე. ამის შემდეგ მათ დაუყოვნებლივ გაუხსნეს ცეცხლი ავტომობილს,“ - განუცხადა მან Haaretz-ს.

აბუ ჰაიკალის თქმით გულის ახლოს ნამსხვრევების მოხვედრის გამო მისი მეუღლე კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ამიტომ ოჯახმა შვილის დაღუპვის შესახებ მხოლოდ დაკრძალვის დღეს, სამგლოვიარო ლოცვის დაწყების წინ, შაბათს შეატყობინა.

მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გააკეთეს ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) წარმომადგენლებმაც, მათი თქმით “ისრაელის ქვედანაყოფებმა სატრანსპორტო საშუალება შენიშნეს, რომელიც მათკენ მოემართებოდა და სიჩქარეს ზრდიდა, რის გამოც ერთ-ერთმა ჯარისკაცმა ავტომობილის მიმართულებით მიზანმიმართული გასროლა მოახდინა, შედეგად დაშავდა სამი პალესტინელი, რომლებიც სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად საავადმყოფოში გადაიყვანეს“.

მოგვიანებით IDF-მა დასძინა, რომ “ინციდენტი შესწავლის პროცესში იმყოფება და ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ უდანაშაულო პირებისთვის მიყენებული ნებისმიერი ზიანის გამო“.

მსგავსი ინციდენტი მოხდა 15 მარტსაც, როდესაც იორდანიის ხეობის ჩრდილოეთით, სოფელ ტამუნში მოქმედმა ისრაელის ჯარებმა ცეცხლი გაუხსნეს სოფელში მოძრავ ავტომობილს, რის შედეგადაც პალესტინელი წყვილი და მათი ორი შვილი დაიღუპა.

გასულ თვეში, გაეროს მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, ომის დაწყების შემდეგ დასავლეთ სანაპიროსა და აღმოსავლეთ იერუსალიმში 1000-ზე მეტი პალესტინელი არის დაღუპული, მათგან სულ მცირე 240 ბავშვია, ხოლო მიმდინარე წელს კონფლიქტს 49 ადამიანი ემსხვერპლა.

წყარო