ჯო უილსონი - არალეგიტიმური “ქართული ოცნების“ რეჟიმი ქვეყანას ჩინეთის კომუნისტურ პარტიაზე, ომის დამნაშავე პუტინსა და ირანზე ყიდის - ქართველი ხალხისა და მისი ინტერესების საწინააღმდეგოდ
“საქართველო შეერთებული შტატების მამაცი, დიდი ხნის მოკავშირეა და მისი მოსახლეობა აბსოლუტურად უჭერს მხარს დასავლეთთან მტკიცე ურთიერთობას“, - ამის შესახებ ამერიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა წარმომადგენელთა პალატაში "კავკასიაზე ჩინეთის კონტროლის წინააღმდეგ ბრძოლის აქტის“ მიღების წინ განაცხადა.
მისი მტკიცებით, “მარიონეტული “ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა“, გასულ კვირას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო, ტყუილში დაადანაშაულა.
“ამ თაღლითური რეჟიმის ქცევა საფრთხეს უქმნის ყველაფერს, რასაც პრეზიდენტმა ტრამპმა სამხრეთ კავკასიაში მიაღწია და უნდა შეიცვალოს“, - აღნიშნა უილსონმა.
მისი განცხადებით, “ქართული ოცნებისგან“ განსხვავებით, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი შეერთებულ შტატებთან და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან თანამშრომლობს რეგიონში რუსეთის გავლენის მოსაშორებლად და ნატო-ს მოკავშირე თურქეთთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის.
“ქართული ოცნების“ კოშმარულმა რეჟიმმა, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებით, უნდა მიატოვოს ანტიამერიკული კურსი, გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები, შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლებრივი დევნა, უზრუნველყოს სამართლიანი საარჩევნო გარემო, გააუქმოს დრაკონული კანონები, რომლებიც ახშობს აშშ-ის ბიზნესს და დაასრულოს სიტყვის თავისუფლების რეპრესიები“, - ანიშნა უილსონმა.
მისი თქმით, "კავკასიაზე ჩინეთის კონტროლის წინააღმდეგ ბრძოლის აქტი“ უზრუნველყოფს, რომ ქვეყანაში ჩინეთისა და რუსეთის ფარული ოპერაციები გამოაშკარავდეს და შეერთებული შტატები მკაცრად განიხილავს, უნდა დარჩეს თუ არა საქართველო დახმარების მთავარი მიმღები, როდესაც ის თითქმის ყოველდღიურად ესხმის თავს ამერიკას და მის პროპაგანდას.
“უნდა აღვადგინოთ ის ძლიერი ურთიერთობა, რომელიც შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის იყო. ის ვერ ნორმალიზდება, თუ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები არ ჩატარდება“, - აღნიშნა ჯო უისლონმა.