ბრიტანეთის ხელისუფლებამ Apple-სა და Google-ს მკაცრი ულტიმატუმი წაუყენა: კომპანიებმა ან ნებაყოფლობით უნდა აამოქმედონ ტექნოლოგიური ბარიერები არასრულწლოვანებისთვის ინტიმური ფოტოების გადაღებასა და გაზიარებაზე, ან მკაცრი საკანონმდებლო აკრძალვებისა და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის წინაშე აღმოჩნდებიან.
ლონდონის ტექნოლოგიების კვირეულზე გამოსვლისას, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა განაცხადა, რომ ორი უმსხვილესი ოპერაციული სისტემის მფლობელებმა უნდა განაახლონ პროგრამული უზრუნველყოფა ისე, რომ არასრულწლოვანებმა ვეღარ შეძლონ ინტიმური ფოტოებისა და ვიდეოების გადაღება, ნახვა ან გაგზავნა.
“ამაში შეუძლებელი არაფერია. ეს კომპანიები მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციურები არიან და ვფიქრობ, მათ შეუძლიათ ამ პრობლემის მოგვარება“, - აღნიშნა სტარმერმა.
თუ ტექნოლოგიური გიგანტები გამოსავალს ნებაყოფლობით არ იპოვიან, მათ ჯარიმები ან სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ემუქრებათ.
ტექნოლოგიების მინისტრმა ლიზ კენდალმა კომპანიებს გამოსავლის საჩვენებლად ზუსტად სამი თვე მისცა. შინაგან საქმეთა მინისტრმა შაბანა მაჰმუდმა კი დასძინა, რომ “კომპანიებს აქვთ მორალური ვალდებულება, დაიცვან ბავშვები“.
ხელისუფლების ასეთი რადიკალური ნაბიჯი საგანგაშო ციფრებმა განაპირობა:
2024 წელს არასრულწლოვანების წინააღმდეგ ჩადენილი სექსუალური დანაშაულების 91%-ში პორნოგრაფიული მასალა თავად მოზარდების მიერ იყო დამზადებული - ხშირად შანტაჟისა და კრიმინალების ზეწოლის ქვეშ. საშუალო სტატისტიკური ბრიტანელი მოზარდი პორნოგრაფიას პირველად 13 წლის ასაკში ხვდება.
Apple-ს პრემიერის განცხადებაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. ამჟამად მათ სისტემებში არსებობს ფუნქციები, რომლებიც მხოლოდ აფრთხილებენ მომხმარებელს, თუ iMessage-ით ან AirDrop-ით ინტიმურ კადრებს იღებენ, თუმცა ეს საკმარისი აღარ არის.
Google-ის წარმომადგენელმა კი განაცხადა, რომ ისინი მზად არიან ითანამშრომლონ ბრიტანელ პარტნიორებთან ისეთი გადაწყვეტილებების საპოვნელად, რომლებიც დაიცავს ბავშვებს, მაგრამ ამავე დროს შეინარჩუნებს პრივატულობას.
იხილეთ ასევე: