დომინიკის რესპუბლიკაში კერძო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ორი ამერიკელი პილოტი დაიღუპა. ისინი იმ თვითმფრინავით მიფრინავდნენ, რომელსაც “სენტ-ლუის კარდინალსის“ ლეგენდარული მოთამაშე იადიერ მოლინა და მისი ოჯახი ტეხასიდან უნდა გადაეყვანა.
აეროპორტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პილოტები ერიკ ხავიერ დიაგო და რადი გაზალი კვირას ლა რომანას საერთაშორისო აეროპორტიდან აფრინდნენ, როდესაც აშშ-ში რეგისტრირებულ Gulfstream G200 Galaxy-ის ტიპის თვითმფრინავს ტექნიკური პრობლემები შეექმნა.

ოფიციალური ინფორმაციით, ბორტზე მხოლოდ ეკიპაჟის ორი წევრი იმყოფებოდა. მგზავრები თვითმფრინავში არ იყვნენ.
დომინიკის სამოქალაქო ავიაციის ინსტიტუტის (IDAC) ცნობით, ეკიპაჟმა საგანგებო მდგომარეობა აფრენიდან მალევე გამოაცხადა, მას შემდეგ, რაც თვითმფრინავმა სტაბილურობის დაკარგვა დაიწყო.
შემთხვევის ადგილზე მეხანძრეები და სამაშველო ჯგუფები დაუყოვნებლივ მივიდნენ, თუმცა პილოტების გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ავიაკატასტროფას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა იადიერ მოლინა. მისი თქმით, თვითმფრინავი ოსტინში მიფრინავდა, რათა თავად, მისი ოჯახი და მეგობრები პუერტო-რიკოში დაებრუნებინა.
“ვუსამძიმრებ პილოტების ოჯახებს. ეს ძალიან მტკივნეული და გულდასაწყვეტი ამბავია,“ – დაწერა მოლინამ.
დომინიკის ხელისუფლებამ ავიაკატასტროფის მიზეზების გამოძიება უკვე დაიწყო.