აფხაზეთი სოხუმის საერთაშორისო აეროპორტიდან უცხო ქვეყნებში ფრენების დაწყებას განიხილავს, - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
„რა თქმა უნდა, ჩვენ ნამდვილად ამ სამუშაოზე ვართ კონცენტრირებულები“, - განაცხადა გუნბამ, როდესაც უპასუხა შეკითხვას, „გეგმავს თუ არა სოხუმის აეროპორტი უცხო ქვეყნებში რეისების განხორციელებას“.
მისი თქმით, „უცხო ქვეყნებში ფრენების დაწყებას ხელს საქართველო უშლის“.
„სამწუხაროდ, ამჟამად შეუძლებელია ფრენების განხორციელება რუსეთის გარდა სხვა ქვეყნებში, რადგან საქართველო მათ ICAO-ს (საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაცია) მეშვეობით ბლოკავს“, - აღნიშნა გუნბამ და იმედი გამოთქვა, რომ საკითხი სწრაფად მოგვარდება.