ავტორი:

"ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება უნდა დაემხოს" - ეს სიტყვები ნამდვილად ვთქვი" - ბაჩო ახალაია

"ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება უნდა დაემხოს" - ეს სიტყვები ნამდვილად ვთქვი" - ბაჩო ახალაია

ჩანაწერთან დაკავშირებით რაც ჩემი სიტყვებია, არანაირი კითხვები არ მაქვს. სიტყვასიტყვით ვიმეორებ, რაც ვთქვი და ვადასტურებ - მე საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ მოწმე არ არის გულწრფელი,- ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ბაჩო ახალაიამ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

  • დღევანდელ პროცესზე განიხილეს ბაჩო ახალაიას ბრალდების საქმე, რომელიც ეხება მის მიერ სასამართლო პროცესზე ნათქვამ სიტყვებს, რომ "ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება უნდა დაემხოს". ახალაიას მტკიცებით, ეს სიტყვები ნამდვილად თქვა და მას არ სჭირდება ექსპერტიზის დასკვნა მისივე სიტყვების ჭეშმარიტების დასამტკიცებლად. შესაბამისად, სასამართლომ დღევანდელ პროცესზე მხარეთა შეთანხმებით მოწმეთა ნაწილი, ექსპერტები და ექსპერტიზის დასკვნები უდაოდ ცნო.

დღევანდელ პროცესზე დაიკითხა პროკურატურის ორი მოწმე, ვერონიკა ჯგერენაია და გიორგი რიჟამაძე. ორივე მათგანი თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის თანამშრომელია. მოწმეების თქმით, სასამართლო პროცესზე, რომელსაც მოსამართლე ლევან გელოვანი განიხილავდა, ბრალდებულმა ბაჩო ახალაიამ “დამხობასთან დაკავშირებით” განაცხადა.

“(ბრალდებულმა) დეტალურად რაზე ისაუბრა და რაზე არა, არ მახსოვს, რადგან ჩვენი მოვალეობა წესრიგის დაცვაა, მაგრამ არის რაღაცები, რაც დამამახსოვრდა. თავდაპირველად სხდომა იყო ღია, მერე დაიხურა. ბრალდებულმა სხდომაზე ისაუბრა წინა მთავრობის პერიოდში სასამართლო სისტემაში არებულ სიტუაციაზე, რომ ის იყო გამართული. ხოლო, ამჟამინდელ მთავრობის პირობებში სასამართლოს მართავენ ე.წ. ქურდები. ისაუბრა დამხობაზე - რომ ეს მთავრობა არის დასამხობი ყველანაირი გზით და რომ მთავრობის წევრები არიან გამოსაყრელი კაბინეტებიდან”, - განაცხადა მოწმე ვერონიკა ჯგერენაიამ.

ამის შემდგომ, ბაჩო ახალაიამ ჰკითხა ვერონიკა ჯგერენაიას, მისივე აღქმით განმარტოს და ახსნას, რატომ არის ის ახალაიას წინააღმდეგ მოწმე საქმეში?

“მე საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ მოწმე არ არის გულწრფელი. მოვისმინე მოწმის მონაყოლი, ჩემი რწმენით, პროკურატურასთან გავლილი ვერსია. ამიტომ მინდა ვკითხო, მას როგორც მოქალაქეს, ესმის თუ არა, რას ნიშნავს, როცა იბარებენ მოწმედ. ამით მე ვცდილობ სასამართლოს დავანახო, რომ მოწმემ იცის, როგორი რეაგირება ხდება სამართალდარღვევაზე დარბაზში. ვკითხულობ, თუ დარბაზში, სადაც მოსამართლე იმყოფება, ხდება სამართალდარღვევა, როგორ რეაგირებს მოსამართლე? გაიხსენეთ ის დღე, როცა მე ვთქვი “დანაშაულებრივი სიტყვა” ანუ პროცესის დახურვამდე, როცა მე ეს “დანაშაულებრივი სიტყვა” წარმოვთქვი, შემდეგ, რა ქნა მოსამართლემ?” - ჰკითხა მოწმეს ბაჩო ახალაიამ.

თავის მხრივ, ვერონიკა ჯგერენაიამ ახალაიას უპასუხა, რომ მოსამართლე “გაფრთხილებით შემოიფარგლა მხოლოდ”.

ახალაიას თქმით, მსგავსი გაფრთხილება მოსამართლე არ ჰქონია.

“გაფრთხილებით? ქალბატონო ვერონიკა, მწარედ გეშლებათ”, - მიმართა ახალაიამ მას და სთხოვა მოწმეს, მოეყოლა, როგორ მოხდა მისი დაბარება სუს-ში, სადაც მას ახალაიას განცხადებაზე “ივანიშვილის დამხობის” თაობაზე ჩვენება უნდა მიეცა.

“მე დამრჩა განცდა, რომ თქვენ დაინტერესებული ხართ, რომ რაღაც სახით რაღაცაში მამხილოთ”, - მიმართა ბაჩო ახალაიამ ვერონიკა ჯგერენაიას, რაზეც მან აღნიშნა, რომ ახალაიას მიმართ არანაირი დაინტერესება არ აქვს.

ცნობისთვის, ბაჩო ახალაიას ბრალი სასამართლოზე ნათქვამი ფრაზისთვის: „მე ვთვლი, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება უნდა დაემხოს”, ბრალი წაუყენეს. ახალიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.