ავტორი:

300-ზე მეტი მიგრანტი გაიტაცეს და თირკმელების ამოჭრით დაემუქრნენ - სკანდალური გამოძიების უმძიმესი დეტალები

300-ზე მეტი მიგრანტი გაიტაცეს და თირკმელების ამოჭრით დაემუქრნენ - სკანდალური გამოძიების უმძიმესი დეტალები

ბრიტანეთისკენ მიმავალი 300-ზე მეტი ახალგაზრდა, რომლებიც ერაყის ქურთისტანიდან უკეთესი ცხოვრების საძიებლად გაემგზავრნენ, ლიბიაში მოქმედმა დაჯგუფებამ ტყვედ ჩაიგდო. გამტაცებლები თითოეული ოჯახისგან გამოსასყიდის სახით 5 000 დოლარს ითხოვდნენ, დაგვიანების შემთხვევაში კი ტყვეებს ორგანოების იძულებითი ამოკვეთით ემუქრებოდნენ.

BBC-ი სკანდალური გამოძიების უმძიმეს დეტალებს ასაჯაროებს.

გასულ ზაფხულს, დიდი ბრიტანეთისკენ მიმავალი მიგრანტების ჯგუფი ლიბიაში შეიარაღებულმა დაჯგუფებამ დაატყვევა. მიზეზი ადამიანებით მოვაჭრეებსა და ადგილობრივ მებრძოლებს შორის ფინანსური დავა გახდა. გამტაცებლები ოჯახებს აიძულებდნენ გადაეხადათ თანხა, წინააღმდეგ შემთხვევაში აფრთხილებდნენ, რომ გადახდა “თირკმლით“ მოხდებოდა.

სოციალურ ქსელებში ვრცელდებოდა შემზარავი კადრები, სადაც ჩანს, როგორ აფრთხილებენ ახალგაზრდა მამაკაცს, რომ მას ექიმთან თირკმლის ამოსაჭრელად მიიყვანენ. ადგილზე ჩასულმა ჟურნალისტებმა ნახეს ფოტომასალა, სადაც ტყვეებს სხეულზე ახალი ოპერაციის კვალი ეტყობათ, რაც აჩენს ეჭვს, რომ ორგანოების იძულებითი ამოღება ზოგიერთ შემთხვევაში მართლაც განხორციელდა.

  • “მზის შუქი 6 თვე არ გვინახავს... “

გადარჩენილი ტყვეები ჰყვებიან იმ საშინელებაზე, რაც მათ ლიბიის საიდუმლო ციხეებში გადახდათ: ერთ პატარა საკანში 180-მდე ადამიანი იმყოფებოდა, რის გამოც მათ მჯდომარე მდგომარეობაში ეძინათ.

  • საკვებად დღეში მხოლოდ ერთ ნაჭერ პურს აძლევდნენ და ისიც იმ შემთხვევაში, თუ ოჯახი დამატებით ფულს გადაიხდიდა.
  • დაფიქსირებულია წამების ფაქტები, მათ შორის ფეხების დაწვა.
  • მთელი საკნისთვის მხოლოდ ერთი საპირფარეშო არსებობდა, ვინც იქ დიდხანს დაყოვნდებოდა, მებრძოლები სასტიკად უსწორდებოდნენ.

ადამიანებით მოვაჭრეების ქსელი და დაკავებები

გამოძიების ფარგლებში გამოაშკარავდა დანაშაულებრივი სქემა, რომელსაც ერაყელი ქურთები მართავდნენ. ერთ-ერთი მთავარი ფიგურა, ნოა აარონი, ამჟამად საფრანგეთში 10-წლიან სასჯელს იხდის ფულის გათეთრებისა და კონტრაბანდისთვის.

კიდევ ერთი ეჭვმიტანილი, კარდო ჯაფი, გასულ თვეში დააკავეს მას შემდეგ, რაც BBC-იმ მისი ვინაობა გაშიფრა,.

  • უცნობი მსხვერპლი

მიმდინარე წლის იანვარში, ერაყის მთავრობის დახმარებით, 110 ტყვე სამშობლოში სპეციალური რეისით დააბრუნეს, თუმცა, ბევრი მათგანის ბედი კვლავ უცნობია. არსებობს ინფორმაცია მინიმუმ ერთი გარდაცვლილის შესახებ.

ქურთისტანის ხელისუფლების წარმომადგენლები მოუწოდებენ დაბრუნებულებს, სხვებსაც გაუზიარონ თავიანთი საშინელი გამოცდილება, რათა ხალხი ამ მომაკვდინებელ მარშრუტს აღარ ენდოს.

მიუხედავად ამ რისკებისა, მიგრანტების ნაკადი ერაყის ქურთისტანიდან ევროპისკენ კვლავ არ წყდება.

წყარო

იხილეთ ასევე: