ავტორი:

უვადო პატიმრობა მიესაჯა ზურაბ ბურდულს, რომელმაც კასპში ყოფილი მეუღლე დაჭრა, შემდეგ კი ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა

უვადო პატიმრობა მიესაჯა ზურაბ ბურდულს, რომელმაც კასპში ყოფილი მეუღლე დაჭრა, შემდეგ კი ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა

გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებული სისასტიკით ყოფილი მეუღლის მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2025 წლის 25 სექტემბერს, კასპში, ბრალდებულმა ყოფილ მეუღლეს დანით ჭრილობები მიაყენა, შემდეგ კი ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა. დაზარალებული მიყენებული დაზიანებების შედეგად 2 ოქტომბერს, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ცნობისთვის, ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის „თ“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში, ჩადენილი ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, ოჯახის წევრის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა.