ავტორი:

"წისქვილის თეატრის" მორიგი პრემიერა - მუსიკალური კომედია "ჭირვეულის მორჯულება ანუ Felicità"

"წისქვილის თეატრის" მორიგი პრემიერა - მუსიკალური კომედია "ჭირვეულის მორჯულება ანუ Felicità"

თბილისის კულტურულ და გასტრონომიულ ცხოვრებაში „წისქვილის თეატრმა“ სრულიად ახალი, განსხვავებული სიტყვა თქვა. ეს არ არის უბრალოდ სივრცე, სადაც შოუს შორიდან ადევნებ თვალს, ეს არის ადგილი, სადაც მაყურებელი თავად ხდება დიდი დღესასწაულის ნაწილი. Dining Theatre-ის უნიკალური კონცეფცია, რომელიც დახვეწილ გასტრონომიასა და მაღალი დონის სასცენო ხელოვნებას აერთიანებს, ყოველ ჯერზე ახერხებს სტუმრების გაოცებას.

ქართული თუ ბროდვეის მიუზიკლებისა შემდეგ „თეატრი“ მზად არის სეზონის ყველაზე ხმაურიანი და მხიარული პრემიერისთვის. ამჯერად, სცენა იტალიურ ტემპერამენტს, უკვდავ მელოდიებსა და მარადიულ სიყვარულს დაეთმობა. 16, 17 და 18 ივნისს მაყურებელი იხილავს მუსიკალურ კომედიას 3 ნაწილად - „ჭირვეულის მორჯულება ანუ Felicità“. პრემიერის შემდეგ კი მიუზიკლის ხილვა ,,თეატრში“ მთელი წლის განმავლობაში შეეძლება სტუმრებს სპეციალურად დაგეგმილ თარიღებში, ხოლო ბილეთების შეძენას შეძლებენ საიტიდან: teatri.ge

უილიამ შექსპირის „ჭირვეულის მორჯულება“ მსოფლიო დრამატურგიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პიესაა. საუკუნეების განმავლობაში ის 100-მდე ენაზე გათამაშდა და ათასობით ვერსიად მოევლინა მაყურებელს. თუმცა, კომედიის მოტივებზე შექმნილი ერთადერთი საკულტო მიუზიკლი აქამდე 1948 წელს ბროდვეიზე დადგმული „მაკოცე, ქეით“ (Kiss Me, Kate) იყო.

„წისქვილის თეატრი“ კი სრულიად ექსკლუზიურ, თვისობრივად ახალ ვერსიას გვთავაზობს. სპექტაკლის იდეისა და ინსცენირების ავტორებმა ზაალ ჩიქობავამ და თეა ყიფშიძემ, შექსპირისეული ელემენტები ყველასთვის საყვარელი, კასტელანოსა და პიპოლოს ლეგენდარული იტალიური ფილმის (ადრიანო ჩელენტანოსა და ორნელა მუტის მონაწილეობით) მოტივებზე შექმნეს.

‘’აქ დრო და ეპოქა თითქოს წაშლილია. მე-16 საუკუნიდან დღემდე, ყველა ერთ რამეს, სიყვარულს ეძებს. და ამ ძიებაში ყველა ჭირვეული ხდება: მთავარი გმირებიდან დაწყებული, ერთი პატარა იტალიური სოფლის მაცხოვრებლებით დამთავრებული.“ - ამბობს თეა ყიფშიძე.

„ჩვენი მიზანი იყო შეგვექმნა მიუზიკლი, რომელიც მაყურებელს პირველივე წუთიდან სიყვარულის, იუმორისა და მუსიკის სამყაროში გადაიყვანდა. შექსპირის უკვდავი ისტორია და ყველასთვის საყვარელი იტალიური კინოს ატმოსფერო ერთმანეთს ისე დავაკავშირეთ, რომ მაყურებლისთვის ახლობელი, ემოციური და ძალიან ცოცხალი სანახაობა ყოფილიყო.

„ჭირვეულის მორჯულება ანუ Felicità“ არის ამბავი ადამიანებზე, რომლებიც სიყვარულის პოვნამდე საკუთარ თავთან ბრძოლას გადიან. სწორედ ამიტომ მგონია, რომ ეს ისტორია არასოდეს კარგავს აქტუალობას. მიუზიკლში ერთმანეთს ხვდება თეატრი, მუსიკა, ცეკვა, იუმორი და ის განსაკუთრებული ენერგია, რომელიც იტალიურ კულტურას ახასიათებს.

მიხარია, რომ „წისქვილის თეატრი“ მაყურებელს კიდევ ერთ სრულიად ახალ გამოცდილებას სთავაზობს, წარმოდგენას, სადაც სცენაზე განვითარებული ამბავი, ცოცხალი მუსიკა და გასტრონომია ერთ დიდ დღესასწაულად ერთიანდება. ვფიქრობ, „Felicità“ სწორედ ის სიტყვაა, რომელიც ყველაზე ზუსტად გამოხატავს ამ საღამოს მთავარ ემოციას ბედნიერებას.“ - ამბობს დამდგმელი რეჟისორი ზაალ ჩიქობავა.

მიუზიკლის მთავარი გმირები არიან : ჯიუტი, უცნაური იტალიელი ფერმერი ელია სორჩინელი და მდიდარი, თავდაჯერებული ლიზა არმანი. მათ როლებს ყველასთვის საყვარელი მსახიობები, გიგი დედალამაზიშვილი და თინათინ წულაძე ასრულებენ. სცენაზე ნამდვილი ნაპერწკლები ინთება, თუმცა მთავარი კითხვა ღიად რჩება: ვინ უფრო ჭირვეულია, ქალი თუ კაცი და ვინ ვის მოარჯულებს?

მაყურებელს წინ ელოდება შეხვედრა მარიკო ებრალიძესთან (მამი), ანა ქურთუბაძესთან (რენატა), ანდრია გველესიანთან (ვიტორიო), ალექსანდრე ბეგალიშვილთან, რომელიც ერთდროულად მოგვევლინება უილიამ შექსპირისა და დონ ჩირილოს როლში, და ასევე სხვა უნიჭიერეს მსახიობებთან, მომღერლებთან და მოცეკვავეებთან.

წარმოდგენა გაჯერებულია ცოცხალი შესრულებით, ენერგიული ქორეოგრაფიით, რომელზეც გიორგი ტორიაშვილმა იმუშავა და, რაც მთავარია, ყველასთვის ნაცნობი და საყვარელი იტალიური ჰიტებით, რომელთა ქართული ტექსტები ირინა სანიკიძესა და თეა ყიფშიძეს ეკუთვნით, ხოლო ვოკალზე თამუნა არჩვაძემ იმუშავა.

„წისქვილის თეატრში“ წარმოდგენა მხოლოდ სცენით არ შემოიფარგლება. მიუზიკლის ორგანული ნაწილია საგანგებოდ ამ საღამოსთვის შექმნილი მენიუ, რომელზეც ბრენდ შეფმა ალექს ნათაძემ იზრუნა. იტალიური ტემპერამენტი და გემოები სუფრაზეც გადაინაცვლებს, რაც სტუმრებისთვის სრულყოფილი ესთეტიკური და გასტრონომიული სიამოვნება იქნება.

„მუსიკალური კომედია „წისქვილი ჯგუფის“ მხარდაჭერით შეიქმნა, პროექტის ოფიციალური პარტნიორები კი ვისკი „ჩივას რეგალი“ (Chivas Regal) და მეღვინეობა „გურემანი“ არიან.“ მიუზიკლის მედია პარტიორია ,,პალიტრა მედია ჯგუფი“.

თუ გსურთ გაიგოთ, რას იტყოდა ამ ყველაფერზე თავად უილიამ შექსპირი, როგორ სრულდება ჭირვეულების ბრძოლა და იგრძნოთ, რას ნიშნავს ნამდვილი Felicità, მაშინ 16, 17, 18, 30 ივნისს, ასევე 9 და 14 ივლისს „თეატრს“ უნდა ეწვიოთ. შემდეგ კი სეზონი სექტემბრიდან განახლდება.

არ გამოტოვოთ წლის ყველაზე მუსიკალური, გემრიელი და მხიარული პრემიერა -ჭირვეულები უკვე გელოდებიან!

ბილეთების შესაძენად: Teatri.ge

დამატებითი ინფორმაციისთვის: 577 000 888

R