ავტორი:

"ასე ხვდებიან მასპინძლები უდიდეს ტურნირს? ეს ქაოსის ჩემპიონატია" - მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის სომალელ მსაჯს აშშ-ში შესვლაზე უარი უთხრეს

"ასე ხვდებიან მასპინძლები უდიდეს ტურნირს? ეს ქაოსის ჩემპიონატია" - მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის სომალელ მსაჯს აშშ-ში შესვლაზე უარი უთხრეს

ომარ ართანი, რომელიც მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე პირველი სომალელი მსაჯი უნდა ყოფილიყო, ოფიციალურ პირთა სიიდან მას შემდეგ ამოიღეს, რაც ამერიკის შეერთებულ შტატების საემიგრაციო სამსახურმა მას ქვეყანაში შესვლაზე უარი განუცხადა.

  • არტანი, რომელიც აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციამ (CAF) 2025 წლის საუკეთესო მსაჯად აღიარა, მაიამის საერთაშორისო აეროპორტიდან ქვეყანაში არ შეუშვეს. იგი ამჟამად თურქეთში იმყოფება.

აშშ-ის საიმიგრაციო სამსახურს მსაჯის დეპორტაციის მიზეზი ოფიციალურად არ დაუსახელებია, თუმცა სომალი იმ ქვეყნების სიაშია, რომლებზეც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ დაწესებული სამგზავრო შეზღუდვები ვრცელდება.

აშშ-ის ხელისუფლებასთან კონსულტაციის შემდეგ, FIFA-მ განაცხადა, რომ ართანი ტურნირს გამოტოვებს.

“FIFA ადასტურებს, რომ ომარ აბდულკადირ ართანი, აშშ-ში შესვლაზე უარის თქმის გამო, ვერ შეძლებს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მსაჯობას. FIFA არ ერევა მასპინძელი ქვეყნის საიმიგრაციო პროცესებში, მათ შორის ვიზების გაცემის საკითხებში. ხელისუფლებამ შეგვატყობინა, რომ ბატონი ართანის სტატუსი ამ ეტაპზე არ შეიცვლება. FIFA-ს ს წინა ღონისძიებების მსგავსად, მასპინძელი ქვეყნის მთავრობა თავად წყვეტს, ვინ მიიღებს ვიზას და ვის მიეცემა ქვეყანაში შესვლის უფლება“, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

მსაჯთა კომიტეტის ხელმძღვანელმა, პიერლუიჯი კოლინამ, ტურნირის 52 მსაჯისა და 88 ასისტენტისთვის მაიამიში სპეციალური საწვრთნელი ბაზა შექმნა. უსაფრთხოების, მომზადებისა და ვარჯიშის მიზნით, მოედანზე მომუშავე ყველა მსაჯი ვალდებულია ფლორიდის ამ ბაზაზე იმყოფებოდეს. შესაბამისად, შეუძლებელი იქნებოდა ართანს აშშ-ის გარეთ ეცხოვრა და მხოლოდ კანადასა თუ მექსიკაში გასამართი მატჩები ემსაჯა.

  • თავად მსაჯმა Reuters-ისთვის მიცემულ განცხადებაში აღნიშნა, რომ შექმნილი ვითარების მიუხედავად, პოზიტიურ განწყობას ინარჩუნებს და მომავალ გამოწვევებზე არის ორიენტირებული.

წლევანდელ საფეხბურთო ჩემპიონატზე არსებულ სიტუაციას ცნობილმა ექსპერტი და ინგლისის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი, იან რაითი გამოეხმაურა, რომელმაც ტურნირს “ქაოსის მსოფლიო ჩემპიონატი“ უწოდა. Instagram-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში მან შემდეგი განაცხადა

“ყოველ რამდენიმე საათში ახალი ამბავი ვრცელდება: ხან გულშემატკივრებს ეუბნებიან უარს, ხან ფეხბურთელებს, ხან ოფიციალურ პირებს, ხან ჟურნალისტებს და ახლა უკვე მსაჯებსაც. მეცინება, მაგრამ სასაცილო საერთოდ არ არის. ეს მართლაც არ არის სახუმარო თემა და ხმა უნდა ამოვიღოთ. ბილეთები ისტორიაში ყველაზე ძვირია, საცხოვრებელი კატასტროფულად ძვირი, ტრანსპორტის ფასები უკვე კოსმოსშია.

ასე ხვდებიან მასპინძლები მსოფლიოში უდიდეს თამაშსა და ტურნირს? რატომ არაფერს ვამბობთ? გვახსოვს კატარი როგორ გააკრიტიკეს და ახლა რატომ არავინ იღებს ხმას? ეს არის ფეხბურთის ნამდვილი სული? ძალიან მეცოდებიან ამერიკელი ფანები, რომლებსაც ასე ძალიან უნდოდათ ეს ჩემპიონატი, წარმომიდგენია, როგორ რცხვენიათ. ეს ნამდვილი ქაოსის მსოფლიო ჩემპიონატია“.

წყარო