შაბათს, ორგანიზაცია “საჯარო კეთილსინდისიერების პროექტმა“ (Public Integrity Project) ვირჯინიის ორი მცხოვრების სახელით ფედერალური სარჩელი შეიტანა, რომელიც თეთრი სახლის სამხრეთ გაზონზე დაგეგმილი UFC-ის (შერეული ორთაბრძოლების) ღონისძიების შეჩერებას ისახავს მიზნად.

მოსარჩელე მხარის განცხადებით, ტრამპის ადმინისტრაციის მიერ 14 ივნისის ღონისძიების ნებართვის გაცემა უკანონოა და ის ეროვნული პარკების სამსახურის იმ რეგულაციებს არღვევს, რომლებიც ფედერალურ პარკებში სპორტული ღონისძიებების გამართვას კრძალავს. გარდა ამისა, კონგრესს ასევე არ მიუცია თანხმობა იმ გრანდიოზული თაღის მშენებლობაზე, რომელიც საღონისძიებო სივრცეს გადაჰყურებს, ხოლო სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე გარემოზე ზემოქმედების შეფასება არ განხორციელებულა.
“ეს, არსებითად, ჩვენი ყველაზე წმინდა ეროვნული მონუმენტების პირადი სარგებლისთვის, კერძო, კომერციული და კორუფციული მიზნებით გამოყენებას წარმოადგენს. სწორედ ამან განაპირობა აღნიშნული სარჩელის შეტანა“, - განაცხადა მოსარჩელეთა ადვოკატმა, ბრენდან ბალუმ.
თეთრმა სახლმა საპასუხო განცხადებაში აღნიშნა, რომ ეს სამართლებრივი დავა “დესტრუქციული, უსაფუძვლო და დროის გაჭიანურებისკენ მიმართული მცდელობაა, რომელიც მიზანს ტრამპს მიერ ორთაბრძოლის მასპინძლობისთვის ხელის შეშლა წარმოადგენს, თავად დაგეგმილი ღონისძიება კი არაფრით განსხვავდება იმ სხვა მრავალრიცხოვანი შეხვედრებისგან, რომლებსაც “თეთრი სახლი სამხრეთ გაზონზე მასპინძლობს.“

ამჟამად, სამუშაო ჯგუფები სამხრეთ გაზონზე ოქტაგონს ამონტაჟებენ. ტრამპის განცხადებით, UFC-ის დასრულებული პროექტი “პირდაპირ თეთრი სახლის შესასვლელთან 5000-ადგილიან არენას მოიცავს“. დამატებითი დიდი ეკრანები, რომლებიც ბრძოლების ტრანსლაციას უზრუნველყოფს, მახლობლად მდებარე “ელიფსის პარკში“ დამონტაჟდება. UFC-ის განცხადებით, ორივე ლოკაციაზე მაყურებელთა დასასწრებად 85 000-მდე უფასო ბილეთის გაცემა იგეგმება.