ავტორი:

ქართველი ემიგრანტი აშშ-ის საიმიგრაციო დაკავების ცენტრში გარდაიცვალა - რა დეტალებზე წერს ამერიკული მედია

ქართველი ემიგრანტი აშშ-ის საიმიგრაციო დაკავების ცენტრში გარდაიცვალა - რა დეტალებზე წერს ამერიკული მედია

43 წლის ქართველი ემიგრანტი მამუკა ართმელაძე აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის (ICE) დაკავების ცენტრში გარდაიცვალა. ოფიციალური ინფორმაციით, შემთხვევა 4 ივნისს, ლუიზიანის შტატში მდებარე ვინის სასჯელაღსრულების ცენტრში მოხდა.

  • ICE-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ართმელაძე უგონო მდგომარეობაში იპოვეს, რის შემდეგაც ის ადგილობრივ სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. თუმცა, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

"სიცოცხლის გადარჩენის მცდელობის მიუხედავად, დაახლოებით 23:22 საათზე ადგილზე მისულმა ექიმმა მამუკა ართმელაძე გარდაცვლილად გამოაცხადა. გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი ამ დროისთვის უცნობია და გაკვეთის შედეგებს ელოდებიან“, — ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

ICE-ის ინფორმაციით, მამუკა ართმელაძე მიმდინარე წლის თებერვალში ნიუ-ორლეანში ჩატარებული სპეციალური ოპერაციის ფარგლებში დააკავეს, რომელიც კომერციული სატრანსპორტო საშუალებების მძღოლების შემოწმებას ეხებოდა. სააგენტოს განცხადებით, შემოწმებისას დადგინდა, რომ მას აშშ-ში ყოფნის კანონიერი სტატუსი არ ჰქონდა.

ამერიკული მედიის ცნობით, ართმელაძე ტრამპის მეორე ადმინისტრაციის პერიოდში ICE-ის დაკავების დაწესებულებებში გარდაცვლილი 50-ე პირია.

ABC News-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ტრამპის მეორე ადმინისტრაციის პირველი 14 თვე ფედერალური საიმიგრაციო დაკავების სისტემისთვის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე პერიოდად მიიჩნევა. გამონაკლისია მხოლოდ 2020 წელი, როდესაც დაკავებულთა სიკვდილიანობაზე მნიშვნელოვანი გავლენა კორონავირუსის პანდემიამ მოახდინა.

წყარო