ბელფასტის ქუჩებში მიგრანტების საწინააღმდეგო აქციაზე ასობით ადამიანი გამოვიდა მას შემდეგ, რაც სუდანელი მამაკაცი დანით თავს დაესხა 40 წლამდე მამაკაცს და სახის არეში მძიმე ჭრილობები მიაყენა.


- მომიტინგეები სხვადასხვა ლოკაციაზე შეიკრიბნენ. ზოგიერთ ადგილას აქცია მშვიდობიანი იყო, ზოგან კი - ძალადობასა და სამართალდამცავებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა.
მომიტინგეებმა რამდენიმე ავტომობილს, მათ შორის აღმოსავლეთ ბელფასტში ერთ ავტობუსს, ცეცხლი წაუკიდეს. BBC-ის ცნობით, 100-მდე ნიღბიანი მომიტინგისგან შემდგარმა ჯგუფმა ბელფასტის აღმოსავლეთით მდებარე ქუჩაზე სახლების კარები შეამტვრია და ფანჯრები ჩაამსხვრია.


-
ხელისუფლების წარმომადგენლებმა ძალადობრივი სცენები დაგმეს და მომიტინგეებს სიმშვიდისკენ მოუწოდეს.



ცნობისთვის, დანით თავდასხმა ორშაბათს მოხდა და სუდანის 30 წლის მოქალაქეს ბრალი მკვლელობის მცდელობის, საჯარო ადგილას დანის ტარებასა და მკვლელობის მუქარისთვის წაუყენეს. დღეს ის ბელფასტის სასამართლოს წინაშე წარდგება.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა მომხდარი თავდასხმა მკაცრად დაგმო და მას "ამაზრზენი“ უწოდა.

- სტარმერმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ქვეყანაში მსგავსი ძალადობისთვის ადგილი არ უნდა იყოს.
"გუშინ ღამით ბელფასტში მომხდარი საშინელი თავდასხმა ამაზრზენია. ჩვენს ქუჩებში ძალადობის ასეთი საზარელი სცენები მიუღებელია. ჩემი ფიქრები, პირველ რიგში, დაზარალებულთანაა. ასევე მადლობას ვუხდი საგანგებო სამსახურის თანამშრომლებსა და საზოგადოების იმ წევრებს, რომლებიც დახმარების გასაწევად ჩაერთნენ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.