მოდელი ჯენიფერ ენი, რომელიც რეალითი შოუს America’s Next Top Model-ის ყოფილი მონაწილეა, აცხადებს, რომ 2010 წელს მუსიკალური ვიდეოს გადაღებების დროს, კანიე უესტმა მასზე ფიზიკური და სექსუალური ხასიათის ძალადობა განახორციელა.
-
ენის თქმით, ის ნიუ-იორკში, "ჩელსის“ სასტუმროში, სიმღერის In For The Kill-ის ვიდეოკლიპის გადასაღებად მიიწვიეს და არ იცოდა, რომ გადასაღებ მოედანზე უესტიც იქნებოდა.

- ის იხსენებს, რომ გადაღების დროს, ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე, უესტი მას მიუახლოვდა, ყელში ხელი მოკიდა და შემდეგ ორივე ხელით ახრჩობდა. მისივე მტკიცებით, რეპერმა სახეზე მაკიაჟი წაუსვა და თითები პირში ჩაუყო, რაც, ენის შეფასებით, ორალური სექსის იმიტაციას ჰგავდა.
თავს სრულიად დაუცველად და შეშინებულად ვგრძნობდი. არ ვიცოდი, რა ხდებოდა და როგორ უნდა მოვქცეულიყავი, - განაცხადა მან.
ენის თქმით, ინციდენტს მრავალი ადამიანი ესწრებოდა, თუმცა არავინ ჩარეულა. მისი მტკიცებით, ეპიზოდი მაშინ დასრულდა, როდესაც უესტმა თქვა: ეს ხელოვნებაა, მე პიკასო ვარ“, - შემდეგ კი გადასაღები მოედანი დატოვა.

2024 წლის ბოლოს ენიმ უესტის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. საქმე ჯერ სასამართლოში არ განხილულა.
- უესტის ადვოკატები ბრალდებებს არ ეთანხმებიან. მათი განმარტებით, მომხდარი "ინტენსიური და პროვოკაციული თეატრალური წარმოდგენის“ ნაწილი იყო, რომელიც ფილმ American Psycho-ს ერთ-ერთი სცენის შთაგონებით შეიქმნა. დაცვის მხარე ასევე ამტკიცებს, რომ ენის ინციდენტის დროს პროტესტი არ გამოუხატავს.
კანიე უესტი, რომელიც დღეს იეს სახელით არის ცნობილი, ბოლო წლებში არაერთი სკანდალის ცენტრში აღმოჩნდა ანტისემიტური განცხადებებისა და სხვა სადავო ქმედებების გამო. თავად არტისტს ბრალდებებთან დაკავშირებით საჯარო კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.
წყარო