მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, პოლონეთის ბალტიის ფილარმონიის ორკესტრის კონცერტებმა თბილისში ნამდვილი ფურორი გამოიწვია

მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, პოლონეთის ბალტიის ფილარმონიის ორკესტრის კონცერტებმა თბილისში ნამდვილი ფურორი გამოიწვია

თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრმა მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში პოლონეთის ფრიდერიკ შოპენის სახელობის ბალტიის ფილარმონიის ორკესტრის ორ საზეიმო კონცერტს უმასპინძლა.

საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი წელს პირველად გაიმართა და მისი მიზანი ქართველი და უცხოელი მუსიკოსების შემოქმედებითი თანამშრომლობის გაღრმავება, პროფესიული გამოცდილების გაზიარება, კულტურათაშორისი დიალოგის ხელშეწყობა და კლასიკური მუსიკის პოპულარიზაცია იყო.

პირველი საღამო: კლასიკური შედევრები და გამორჩეული სოლისტი ფესტივალის ფარგლებში, პოლონეთის ბალტიის ფილარმონიის ორკესტრის კონცერტი საქართველოში პირველად ჩატარდა. პირველ მუსიკალურ საღამოზე მსმენელის წინაშე, ორკესტრთან ერთად, ცნობილი სოლისტი ჩელოისტი მაჩეი კულაკოვსკი წარდგა. სპეციალურად ამ დღისთვის მომზადებული პროგრამით შესრულდა: ანტონინ დვორჟაკის კონცერტი ჩელოსა და ორკესტრისთვის (სი მინორი, თხზ. 104) პეტრე ჩაიკოვსკის სიმფონია №6, „პათეტიკური“ (თხზ. 74).

კონცერტს ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი, მაესტრო გოგი ჭიჭინაძე უძღვებოდა.

ღონისძიებას საქართველოს კულტურის მინისტრი, თინათინ რუხაძე, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის მეუღლესთან, თამარ ბაგრატიონთან ერთად დაესწრო.

მეორე საღამო: დასკვნითი აკორდი და დიდი წარმატება . პირველი საღამოს უდიდესი წარმატების შემდეგ, ორკესტრმა ქართველი მსმენელისთვის ახალი, მრავალფეროვანი პროგრამა წარადგინა და რიგით მეორე, დასკვნით კონცერტზე უმასპინძლა პუბლიკას. საღამოს კვლავ მაესტრო გოგი ჭიჭინაძე უძღვებოდა, ხოლო სოლისტი ცნობილი პიანისტი ლუის ფერნანდო პერეზი იყო. დასკვნით საღამოზე აჟღერდა: ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის საფორტეპიანო კონცერტი №25 ვიტოლდ ლუტოსლავსკის „მცირე სუიტა“ რიხარდ შტრაუსის სუიტა ოპერიდან „ვარდის რაინდი“.

კონცერტის დასრულებას დარბაზში ხანგრძლივი და მქუხარე ოვაციები მოჰყვა. აღფრთოვანებული მაყურებელი პოლონელ მუსიკოსებსა და მაესტრო გოგი ჭიჭინაძეს სცენიდან დიდხანს არ უშვებდა. დაუსრულებელი ტაშითა და შეძახილებით მსმენელმა უდიდესი მადლიერება გამოხატა იმ საოცარი ემოციისა და საშემსრულებლო ოსტატობისთვის, რომელიც ორკესტრმა ამ ორ დღეში თბილისურ პუბლიკას აჩუქა. მუსიკალურმა საღამოებმა ნამდვილი ფურორი გამოიწვია და კლასიკური მუსიკის მოყვარულთათვის დაუვიწყარ მოვლენად იქცა.

ფესტივალი საქართველოს კულტურის სამინისტროს, სსიპ „შემოქმედებითი საქართველოსა“ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.

პროექტის საინფორმაციო მხარდაჭერას ტელეკომპანია „რუსთავი 2“ უზრუნველყოფდა.

R