ავტორი:

"ეგიდიუმის" მხსნელები" - რას წერს The Brussels Times ბრიუსელის ისტორიულ სასახლეზე და მის ქართველ მფლობელზე, მამუკა ხაზარაძეზე

"ეგიდიუმის" მხსნელები" - რას წერს The Brussels Times ბრიუსელის ისტორიულ სასახლეზე და მის ქართველ მფლობელზე, მამუკა ხაზარაძეზე

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ პოლიტიკოსისა და ბიზნესმენის, მამუკა ხაზარაძის ოჯახმა ბრიუსელში, სენ-ჟილში მდებარე ისტორიული შენობა, "ეგიდიუმი" შეიძინა. ამ თემასთან დაკავშირებით ვრცელ სტატიას აქვეყნებს გამოცემა The Brussels Times, სადაც ხაზარაძეების ოჯახი "გადამრჩენელად" არის მოხსენიებული.

"ეგიდიუმის" ეს ისტორიული სასახლე ცოტა ხნის წინ გადარჩა, მას შემდეგ, რაც წამყვანმა ქართველმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა შეიძინა. გასული თვის ბოლოს, მისმა წინა მფლობელმა, ბელგიურმა დეველოპერულმა კომპანია Cohabs-მა, განაცხადა, რომ შენობას ყიდის და რენოვაციის პროექტს წყვეტს, რომელიც 2018 წელს, შენობის შეძენის შემდეგ დაიწყო", - ვკითხულობთ სტატიაში.

როგორც The Brussels Times, აღნიშნავს, გასულ საუკუნეში "ეგიდიუმი" ცნობილი იყო, როგორც "ალმასის სასახლე. მისი მშენებლობა 1908 წელს დასრულდა. ინტერიერის დეკორაცია აერთიანებს სხვადასხვა არქიტექტურულ სტილს. აღჭურვილია სარკეებით სავსე შესასვლელი დარბაზით. პირველ სართულზე ორი დიდი დარბაზია განთავსებული, რომლებიც ლუი XiV-ის ეპოქის სტილითა და მავრიტანული მოტივებით არის შთაგონებული.

შენობა 1985 წლის შემდეგ მიტოვებულია და მიუხედავად იმისა, რომ 2006 წელს დაცული მემკვიდრეობის სტატუსი მიიღო, ის ახლა აღსადგენია.

  • "ადგილობრივების გასაკვირად, შენობა ხაზარაძეების ოჯახის ფონდმა შეიძინა, რომელიც დაკავშირებულია ქართველ ოპოზიციონერთან, პოლიტიკოსთან, ბიზნესმენთან და ერთ-ერთი უდიდესი ბანკის დამფუძნებელთან, მამუკა ხაზარაძესთან", - წერს გამოცემა.

"ბრიუსელის მემკვიდრეობის ეს დაფარული საგანძური ხაზარაძეების ოჯახმა ახლახან შეიძინა და ახლა თავისი ისტორიის ახალ ფაზაში შედის“, - ციტირებს The Brussels Times თავდაპირველად L’Echo-ს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას.

სტატიაში ასევე არის მამუკა ხაზარაძის კომენტარიც:

"ეგიდიუმი" ისტორიითა და ემოციებით გაჟღენთილი ადგილია. ჩვენი მიზანია მისი აღდგენა მისი სულის შენარჩუნებით და ამავდროულად, გვსურს, მას მივანიჭოთ კულტურული როლი, რომელიც ღიაა ბრიუსელისა და ევროპისთვის”, - აცხადებს ხაზარაძე.

  • The Brussels Times წერს, რომ 2019 წელს ხაზარაძე პოლიტიკაში შევიდა. ის ლიბერალური, პროევროპული პარტია "ლელო საქართველოსთვის“ თანადამფუძნებელია.

ახალი მფლობელი გრძელვადიანი ინიციატივის ფარგლებში, "ეგიდიუმს“ ქართულ კულტურასა და ევროპულ კულტურას შორის დიალოგის ადგილად აქცევს, - ვკითხულობთ სტატიაში.

მაშ, ​​რა კავშირია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანასა და ამ ხატოვან, მაგრამ დავიწყებულ სასახლის დარბაზს შორის და რატომ შეიძინა ამ ოჯახმა ის?

"ეგიდიუმსა და საქართველოს შორის ისტორიული კავშირი არსებობს, 1909 წელს აქ გამოჩნდა ვარია ყიფიანი, მედიცინის ქართველი პიონერი და ხელოვანი”, - განუცხადა ისტორიკოსმა გასპარ მელვილმა The Brussels Times-ს.

მარცხნივ - ვარია ყიფიანი პოლონელ კოლეგასთან ერთად

ყიფიანი მდიდარი ქართული ოჯახიდან იყო და სკოლის დამთავრების შემდეგ მამასთან, ბრიუსელში წავიდა. მამა ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტის რუსული ენის სწავლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო, ხოლო გოგონა მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტად ჩაირიცხა. ვარია ყიფიანი ასევე მოცეკვავე იყო. ის "ალმასის სასახლეში" 1909 წლის მარტში გამოვიდა, როგორც ქართველი პოლიტიკური ემიგრანტებისთვის მოწყობილი საქველმოქმედო საღამოს ნაწილი. საღამო ქართული კულტურის, მუსიკისა და ცეკვის სხვადასხვა ასპექტს მიეძღვნა.

გაზეთში, Le Petit Bleu de Demain გამოქვეყნებულ სტატიაში ყიფიანი შექებულია თავისი პერფორმანსის გამო დადგმაში “Search' - ში, რომელიც ეძღვნებოდა საქართველოს მიერ განვლილ ტრაგიკულ გზას ცარისტული რეჟიმის პირობებში და სადაც მითითებული იყო, თუ რა გავლენა მოახდინა 1905 წლის რუსეთის რევოლუციამ ქართულ კულტურაზე.

ყიფიანთან ამ ისტორიულმა კავშირმა, ანუ ფიგურასთან, რომელსაც მიაწერენ ქართული კულტურის პოპულარიზაციასა და დაცვას, ხაზარაძეების ოჯახი "ეგიდიუმისკენ“ მიიზიდა. მიუხედავად ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ ყიფიანი უფრო მეტად ცნობილია მედიცინაში აკადემიური მიღწევებით.

"ხაზარაძეების ოჯახი სერიოზული პროექტით, საჭირო თანხებით და ადგილისადმი ნამდვილი ინტერესით ჩამოდის. ვფიქრობ, რომ ნამდვილად შეგვიძლია ისინი ეგიდიუმის მხსნელებად მივიჩნიოთ", - ამბობს ბელგიელი ისტორიკოსი მელვილი.