ავტორი:

ძლიერმა ქარმა გასაბერი ბატუტი ჰაერში აიტაცა, დაიღუპა 3 წლის გოგონა - კანადაში დატრიალებული ტრაგედიის დეტალები

ძლიერმა ქარმა გასაბერი ბატუტი ჰაერში აიტაცა, დაიღუპა 3 წლის გოგონა - კანადაში დატრიალებული ტრაგედიის დეტალები

კანადაში, მონრეალის ერთ-ერთ პარკში მომხდარ უბედურ შემთხვევას 3 წლის გოგონას სიცოცხლე ემსხვერპლა. მოულოდნელად ამოვარდნილმა ძლიერმა ქარმა გასაბერი ბატუტი, რომელშიც ბავშვები თამაშობდნენ, ჰაერში რამდენიმე მეტრის სიმაღლეზე აიტაცა.

ადგილობრივი ხელისუფლებისა და მედიის ინფორმაციით, შემთხვევა 31 მაისს, მონრეალის „უელეტ პარკში“ გამართული ფესტივალის დროს მოხდა. მძიმედ დაშავებული პატარა ავა ჩამპინი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა, რაც კვებეკის პროკურატურამაც დაადასტურა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

დაღუპული გოგონას მამა, ლუკა ჩამპინი, მომხდარით შოკირებულია:

„ისეთი შეგრძნებაა, თითქოს ეს ყველაფერი რეალური არ არის. ისევ იმის მოლოდინში ვართ, რომ სახლში დაბრუნდება“. ახლობლები ავას გონიერ და მხიარულ ბავშვად ახასიათებენ, რომელსაც ძალიან უყვარდა თავისი უმცროსი ძმა და ყოველთვის ცდილობდა მის გამხიარულებას.

სინოპტიკოსების ცნობით, იმ დღეს რეგიონში ამინდი მკვეთრად გაუარესდა - ქარიშხალს თან სეტყვა და ძლიერი ქარი ახლდა, რომლის სიჩქარეც საათში 65-80 კილომეტრს აღწევდა.

სტიქიის შედეგად, სულ მცირე, 11 ადამიანი დაშავდა. თვითმხილველების თქმით, პარკში ნამდვილი ქაოსი დაიწყო:

"საშინელი ქარი ამოვარდა, სკამები და მაგიდები ჰაერში დაფრინავდა. დავინახე, როგორ აიტაცა ქარმა გასაბერი კონსტრუქცია და ბზრიალით აიტანა მაღლა“, - იხსენებს ერთ-ერთი თვითმხილველი.

ხელისუფლების წინასწარი მონაცემებით, ბატუტი მიწიდან დაახლოებით 3.5-4 მეტრის სიმაღლეზე ავიდა (თუმცა ზოგიერთი თვითმხილველი უფრო დიდ სიმაღლეზეც საუბრობს).

მონრეალის მერმა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვეს და დაღუპული ბავშვის ოჯახს მიუსამძიმრეს. ქალაქის მერია აცხადებს, რომ მსგავსი ატრაქციონების უსაფრთხოების კონტროლი მაქსიმალურად გამკაცრდება.