სკანდალი საფრანგეთის ქართულ სამრევლოში: რატომ დარჩა ნიცის მრევლი მოძღვრის გარეშე და რისი მოლოდინი აქვთ 13 ივნისს

სკანდალი საფრანგეთის ქართულ სამრევლოში: რატომ დარჩა ნიცის მრევლი მოძღვრის გარეშე და რისი მოლოდინი აქვთ 13 ივნისს

საფრანგეთში, ნიცასა და მის გარშემო არსებულ რეგიონში მცხოვრები ქართული დიასპორა სერიოზული დაპირისპირებისა წინაშე აღმოჩნდა. ემიგრანტები უკვე კვირებია, ღიად და აქტიურად ითხოვენ, რომ ნიცაში მუდმივი ქართველი მართლმადიდებელი მოძღვარი ჰყავდეთ, რათა ელემენტარული სულიერი საჭიროებების - ქართულ ენაზე წირვა-ლოცვის, აღსარების, ზიარების, ნათლობისა თუ პანაშვიდის ჩატარება შეძლონ.

თუმცა, როგორც სოციალურ ქსელებში გავრცელებული პოსტებიდან და მრევლის წევრების განცხადებებიდან ირკვევა, ემიგრანტების გულწრფელი თხოვნა წინააღმდეგობას აწყდება.

საკითხს განსაკუთრებულ სიმწვავეს მზარდი ქართული დიასპორა და მომავალი თაობის ბედი მატებს. ნიცაში ამჟამად მოქმედებს ქართული სკოლა, სადაც 68 ბავშვი სწავლობს. მშობლებისა და ასოციაციის მიზანია, რომ ამ ბავშვებმა უცხო მიწაზე არ დაკარგონ ეროვნული იდენტობა, კავშირი მშობლიურ ენასთან, კულტურასთან და, რაც მთავარია, სარწმუნოებასთან. ქართველი მოძღვრის დანიშვნის მოთხოვნით 120-ზე მეტი ოფიციალური ხელმოწერა უკვე შეგროვებულია, თუმცა პროცესი ამ დრომდე შეჩერებულია.

დაპირისპირების ცენტრში პარიზში მყოფი არქიმანდრიტი ანტონ კანდელაკი მოექცა, რომელიც საფრანგეთის ქართული სამრევლოს ხელმძღვანელია. ნიცაში მცხოვრები ქართველები ამბობენ, რომ პარიზიდან ნიცამდე დაახლოებით 1000 კილომეტრია. ასეთ დიდ მანძილზე მყოფი მოძღვარი, ბუნებრივია, ფიზიკურად ვერ უზრუნველყოფს ადგილობრივი მრევლის ყოველდღიურ სულიერ საჭიროებებსა და თანადგომას.

სოციალურ ქსელში აქტიურად წერენ, რომ არსებობს ალტერნატიული ვარიანტი - კონკრეტული ქართველი მოძღვარი, რომელიც მზად არის, ყოველგვარი დამატებითი ფინანსური ტვირთისა და პირობების გარეშე ჩავიდეს ნიცაში და ემსახუროს ადგილობრივ თემს. სწორედ ამ გარემოებამ გააჩინა ყველაზე მწვავე და უხერხული კითხვები: თუკი არსებობს სასულიერო პირი, რომელიც მატერიალურ გამორჩენას არ ითხოვს, რატომ არ ეძლევა ნიცის მრევლს მისი მსახურების შესაძლებლობა? ვინ და რა ინტერესით ბლოკავს ამ გადაწყვეტილებას?

"ოთხი წელია აქ ვარ და ქართველი მამაო არ მინახავს" - რას წერს მრევლი სოციალურ ქსელში?

ემიგრანტების უკმაყოფილება სოციალურ სივრცეში უკვე დიდი ხანია ღია პროტესტში გადაიზარდა. ადამიანები პირად ტკივილსა და იმედგაცრუებაზე საუბრობენ.

„ღმერთმა ყველას მშვიდობა მისცეს და ჯანმრთელი ამყოფოს. სამწუხაროდ ეს სურვილი ვერ ავუსრულე ჩემს მეუღლეს, რომელიც მკურნალობდა ნიცაში და უნდოდა აღსარება ჩაებარებინა ქართველ მამაოს და ეზიარებინა. პარიზში კი იყო ქართველი მამაო, მაგრამ მან ვერ მოახერხა ჩამოსვლა. ჩემი იქ ყოფნის პერიოდში ბევრი ქართველი გავიცანი, რომლებსაც სურთ ჰყავდეთ ქართველი მოძღვარი.“

„ვერც წარმოვიდგენდი ამ საკითხს თუ ამხელა ბრძოლა დასჭირდებოდა და ამხელა წინააღმდეგობას წავაწყდებოდით. რა არის იმაზე კარგი, რომ ამ უცხო მიწაზე, სადაც გადახვეწილები ვართ, ელემენტარული მამაო მაინც გვყავდეს და წირვა-ლოცვა ქართულად მიმდინარეობდეს? მემგონი ნებისმიერ მართლმადიდებელ ქრისტიანს უნდა უხაროდეს ეს ამბავი და მხარს უჭერდეს. ამდენი ინტრიგების ხლართვა ცოტა ძაან სირცხვილია... იმის ნაცვლად, ყველამ წვლილი შეიტანოს ამ ძალიან მნიშვნელოვან საქმეში და ერთობლივად რაღაც გავაკეთოთ, ყველანი ქართველები ვართ და მგონი ყველას ინტერესში უნდა შედიოდეს ეს... იმედია ზემდგომი პირები, ვინც იღებს გადაწყვეტილებებს, გაითვალისწინებენ ხალხის სურვილს“.

კომენტარებში სხვა ემიგრანტებიც გამოხატავენ გაოცებას შექმნილი ბიუროკრატიული თუ ფინანსური ბარიერების გამო:

  • „ოთხი წელია აქ ვარ და ქართველი მამაო არ მინახავს… რას ვითხოვთ ასეთს?“
  • „იცი რა მიკვირს? ნუთუ არსებობს ისეთი ქართველი, ვისაც არ უნდოდეს ქართულ ენაზე ჩატარებული წირვა, არ უნდოდეს მოძღვარი ჰყავდეს? მე არ მესმის ამხელა სპექტაკლის დადგმა რა საჭიროა! აქ თითოეულ ჩვენგანს სჭირდება ქართველი მოძღვარი!!!“
  • „თითქმის ერთი თვეა ეს საკითხი წამოიჭრა, ხელმოწერები შეგროვდა, გამოთქვა ქართველმა ხალხმა სურვილი, რომ გვინდა გვყავდეს ქართველი მოძღვარი ნიცაში. ეს სურვილი ხელმოწერებით დავაფიქსირეთ და ველოდებით, რომ ჩვენი თხოვნა დაკმაყოფილდება უფლის ნებით. ანუ ვერ გავიგე, კიდევ სადაოა ეს საკითხი?!“

მრევლის ნაწილი ფიქრობს, რომ ნიცაში შექმნილი რეალური სურათი და ხალხის გაჭირვება საქართველოს საპატრიარქომდე საერთოდ არ მიდის.

ნიცის ქართული ასოციაციის ოფიციალური პოზიცია

დაპირისპირების ფონზე, ნიცის ქართულმა ასოციაციამ „Solidarité Géorgienne Nice“ (SGN) და ნიცის ქართულმა სკოლამ (École Géorgienne de Nice) საჯარო მიმართვა გაავრცელეს საქართველოს საპატრიარქოს, წმინდა სინოდისა და დასავლეთ ევროპის ეპარქიისადმი.

მიმართვაში ხაზგასმულია, რომ დიასპორის თხოვნა მშვიდობიანია და არანაირად არ ისახავს მიზნად ეკლესიის წინააღმდეგ წასვლას. ასოციაცია მადლობას უხდის დასავლეთ ევროპის ეპარქიის მმართველ მღვდელმთავარს, მეუფე აბრაამსა და მამა ანტონს პარიზში გაწეული შრომისთვის, თუმცა იქვე ითხოვს, რომ მსგავსი სულიერი მხარდაჭერა ნიცაშიც იყოს. ისინი მზად არიან, საჭიროების შემთხვევაში საპატრიარქოს დამატებითი დოკუმენტაციაც წარუდგინონ, ოღონდ პრობლემა დადებითად გადაწყდეს და ასობით ქართველი ოჯახი უმწყემსოდ არ დარჩეს.

არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, ნიცის ქართული სათვისტომოსა და საგანმანათლებლო სკოლის პრეზიდენტს, თემო მაჩიტიძეს საფრანგეთში დავუკავშირდით. ის ამ ეტაპზე საჯარო დაპირისპირებისგან თავს იკავებს და დუმილს ამჯობინებს, თუმცა კონკრეტულ ვადას ასახელებს, რომლის შემდეგაც, შესაძლოა, ბევრ დაფარულ დეტალს აეხადოს ფარდა.

- ჩემი მიზანი არ არის ვინმეს დისკრედიტაცია ან ეკლესიის შიდა საკითხების საჯარო დაპირისპირების საგნად ქცევა. დიდი პატივისცემით ვარ განწყობილი მეუფე აბრაამის, ჩვენი პატრიარქოს, შიო მესამისა და წმინდა სინოდის მიმართ. ეკლესია ჩემთვის ძალიან სათუთი თემაა, ამიტომ 13 ივნისამდე ჟურნალისტებთან ამ საკითხზე დამატებით კომუნიკაციას არ ვაპირებ. ამ დღეს ვხვდებით არქიმანდიტ ანტონ კანდელაკს, რომელმაც მეუფე აბრაამის პასუხი უნდა გადმოგვცეს.

ამ დღეს ველოდები მეუფე აბრაამის, პატრიარქოს, შიო მესამისა და წმინდა სინოდის საბოლოო გადაწყვეტილებას. ჩვენი მინიმალური და პრინციპული თხოვნაა, რომ ნიცის ქართული სამრევლო არ დარჩეს მუდმივი ქართველი მოძღვრის გარეშე.

თუ 13 ივნისს ჩვენი თხოვნა არ იქნება გათვალისწინებული, 14 ივნისიდან მზად ვიქნები, საზოგადოებას და მედიას მივაწოდო ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია და მტკიცებულებები, მათ შორის საფრანგეთის ეპარქიასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ეს არ არის მუქარა, ეს არის გულწრფელი თხოვნა და მეგობრული გაფრთხილება, რომ თემის ხმა დროულად იყოს მოსმენილი.

დიახ, მეც ცოდვილი ადამიანი ვარ, და სწორედ ამიტომ მიმაჩნია აუცილებლად, რომ ნიცის ქართველ თემს ჰყავდეს მუდმივი მოძღვარი“.

როგორ განვითარდება მოვლენები საფრანგეთის ქართულ სამრევლოში და მოუსმენს თუ არა საეკლესიო ხელმძღვანელობა ნიცაში მყოფი რამდენიმე ათასი ემიგრანტი ხმას, ეს უახლოეს დღეებში, კერძოდ კი 13 ივნისის შემდეგ გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ მრევლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ამ დროისთვის 220 ქართველია ნიცაში, რომელსაც საფრანგეთის მოქალაქეობა აქვს, 5000-მდე ქართველი კი ბინადრობის უფლებით ცხოვრობს.