ავტორი:

ტრაგედია სუმატრაზე: ოთხდღიანმა გადაუღებელმა წვიმამ მსოფლიოში უიშვიათესი ორანგუტანგების 7% გაანადგურა - სახეობა გადაშენების პირასაა

ტრაგედია სუმატრაზე: ოთხდღიანმა გადაუღებელმა წვიმამ მსოფლიოში უიშვიათესი ორანგუტანგების 7% გაანადგურა - სახეობა გადაშენების პირასაა

ინდონეზიის კუნძულ სუმატრაზე მომხდარმა სტიქიამ, რომელსაც თან სდევდა ოთხდღიანი ექსტრემალური ნალექი და მეწყერი, დედამიწაზე ყველაზე მეტად გადაშენების პირას მყოფი პრიმატები სრულ გაქრობასთან კიდევ უფრო დააახლოვა. ახალი კვლევის თანახმად, გასული წლის ნოემბერში დაფიქსირებულმა სტიქიურმა მოვლენებმა 58 ტაპანულის ორანგუტანი იმსხვერპლა, რაც ამ სახეობის საერთო პოპულაციის დაახლოებით 7%-ს შეადგენს.

  • 2025 წლის ყველაზე მომაკვდინებელი სტიქია

ნოემბრის ბოლოს სუმატრას ციკლონმა „სენიარმა“ (Cyclone Senyar) გადაუარა, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში 2025 წლის ყველაზე მომაკვდინებელ ბუნებრივ კატასტროფად იქცა და 1000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მეცნიერების განმარტებით, ორანგუტანგების დაღუპვის შესახებ წარმოდგენილი მონაცემები კონსერვატიულია და მასში არ არის გათვალისწინებული ხეების საფარის დაზიანება ან საკვების ხელმისაწვდომობის შემცირება, რაც პრიმატების მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს.

  • „ეს ადგილი მათ სასაფლაოდ იქცა...“

ველური ბუნების ექსპერტები ჯერ კიდევ შტორმის შემდეგ ვარაუდობდნენ, რომ ორანგუტანები შესაძლოა წყალდიდობასა და მეწყერს გაეტაცა. კვლევის ერთ-ერთი ავტორი, პროფესორი ერიკ მეიარდი BBC-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ რეალური დანაკარგი თითქმის ორჯერ მეტი აღმოჩნდა, ვიდრე თავდაპირველად ფიქრობდნენ.

ჰუმანიტარული მისიის წარმომადგენელი დეკი ჩანდრა იხსენებს შემზარავ სურათს, რომელიც სოფელ პულო პაკატში დახვდათ: „ბოლო დღეებში ადამიანების ბევრი ცხედარი ვნახე, მაგრამ ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც დაღუპული ველური ცხოველი აღმოვაჩინეთ. ადრე ისინი აქ ხილის საჭმელად მოდიოდნენ, ახლა კი ეს ადგილი მათ სასაფლაოდ იქცა“.

პროფესორ მეიარდის თქმით, მეწყერის დროს უძლიერესი ორანგუტანგებიც კი უმწეონი არიან და ტალახის მასა მათ უბრალოდ ანადგურებს.

  • ტაპანულის ორანგუტანგები მსოფლიომ მხოლოდ 2017 წელს გაიცნო და მათი საერთო რაოდენობა 800 ინდივიდზე ნაკლებია. კვლევები აჩვენებს, რომ სახეობა საბოლოოდ გადაშენდება, თუ ის ყოველწლიურად პოპულაციის 1%-ზე მეტს დაკარგავს.

ლივერპულის ჯონ მურის უნივერსიტეტის პრიმატოლოგი, პროფესორი სერგეი ვიჩი აცხადებს, რომ ერთჯერადად პოპულაციის 7%-ის (ხოლო კონკრეტულ არეალში 11%-ის) დაკარგვა არის კატასტროფული მოვლენა, რომელსაც ეს ცხოველები ვერ გაუძლებენ. მეცნიერები თანხმდებიან, რომ ციკლონი „სენიარი“ ანომალიური მოვლენა იყო, თუმცა კლიმატის ცვლილებამ მის სიმძლავრეში გადამწყვეტი როლი ითამაშა.

წყარო